ისლანდია, ალბანეთი, სლოვაკეთი, უელსი – ესაა ის ქვეყნები, რომელთა საფეხბურთო ნაკრებებიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. შური და ბოღმა აბა რა ადამიანის საკადრიასია? ამიტომ, მოდით გადავდოთ ჩვენი ავი ფიქრები და გულრწფელად მივულოცოთ ამ ქვეყნების მკვიდრთ ასეთი დიდი წარმატება და მხოლოდ ამის შემდეგღა მივცეთ თავს კაეშნისა და გულისტკივილის უფლება.
ისეთი, უცნაური და გასაგიჟებელი მართლაც არაფერი მომხდარა. ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ ისინი, რომლებმაც იბრძოლეს, სახსრები მოიძიეს და დიდი მობილიზება შეძლეს სანუკვარი მიზნის მისაღწევად. ხოლო კვლავ ვერ გავიდნენ ისინი, რომლებსაც ამბიციები ოხრადა აქვთ, მაგრამ როდესაც საქმე ამბიციების ხორცშესხმაზე მიდგება, ყველა ჩუმდება და ხელს სხვისკენ იშვერს.
25 წელზე მეტია, რაც ფეხბურთით დავინტერესდი და ამ წლების მანძილზე მუდამ ერთიდაიგივე მესმის. “ჩვენ როცა იქნება აუცილებლად გავალთ დიდ ტურნირზე”, “მთავარია ცოტა ადვილ ჯგუფში მოვხვდეთ”, “აი ეს მწვრთნელი შეგვაცვლევინა დამერე ჩვენ ვიცით”, “ფეხბურთის ფედერაციაშია ცვლილებები დასაწყები და მერე ვიზამთ რამეს” და ბევრი კიდევ ამისთანა...
ახლა კი სწორედ ის დროა, როდესაც მრავალთა მოთხოვნის შემდეგ ნაკრების მწვრთნელიც შეცვლილია, ფედერაციასაც ახალი ადამიანი მართავს და ჩვენს ნაკრებს არც სათამაშო და სავარჯიშო პირობები დაეწუნება. ერთი სიტყვით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს წარუმატებლობის გასამართლებლად ყველა გზა მოჭრილი აქვს და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია მოვითხოვოთ რაღაც ფასეული შედეგი.
ყველამ ვიცით, რომ ჩვენს გუნდში დღეს მოთამაშე ფეხბურთელების საერთო დონე სასურველზე დაბალია. ისიც ვიცით, რომ რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენი გაბარიტებისა და შესაძლებლობების ქვეყანა ევროპისა დამსოფლიოს გრანდების გვერდით მაინც ვერ დადგება. მაგრამ არც ალბანეთია ზესახელმწიფო და არც მას ყავს საოცარი გუნდი, მაგრამ ამის მიუხედავად დასახული მიზანიც მშვენივრად შეასრულეს და საკუთარი საფეხბურთო ისტორიაც ბრწყინვალედ დაწერეს.
როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა (ფლეი-ოფები კიდევ ვინ იცის რამდენ მოულოდნელობას გვპირდება...) ინტერნეტში დავძებნე და ჯერ ალბანეთის ტელევიზიას მივაგენი და მერე ისლანდიის ერთ-ერთი მთავარი არხიც ვნახე. ვიჯექი და ვუყურებდი მოზეიმე ხალხს და რა გასაკვირია რომ ცოტა “ალბანურმა ოცნებებმაც” შემიპყრო. წარმოიდგინეთ ასეთი დღე საქართველოშიც რომ გათენდეს რა ამბავი იქნება თბილისში და მთელს საქართველოში! წარმოიდგინეთ ჩვენი მოლოდინები ევროპის ჩემპიონატისადმი, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას! წარმოიდგინეთ ჩვენი საწყალი და წელში გატეხილი ხალხი როგორ ერთბაშად გაიმართება წელში და რაღაც დროის მანძილზე მაინც დაივიწყებს ყველაფერ ცუდსა და საშინელს, რაც ჩვენს ყოფას არასოდეს აკლდა.
და ხომ შეიძლება, რომ ჩვენც გვეღირსოს ასეთი რამ? განა ყველა ისე უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან, რომ ერთხელ მაინც ვერ ვნახოთ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საფეხბურთო ელიტაში? თუკი ეს შევძელით რაგბიში და კალათბურთში, განა ასეთი რთულია ერთხელ მაინც შევძლოთ იგივე ფეხბურთში? არადა, ეს ოცნებებიც დამღლელია უკვე...