ფეხბურთი

15:32 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა კვარაცხელია: “ქართულ ფეხბურთში საქმის გამკეთებელი ხალხის დეფიციტია”
“საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ჩემი პროგრამა კი არ აინტერესებდათ, არამედ ის თუ რა შანსი მქონდა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მამუკა კვარაცხელიას აზრით, ქართული ფეხბურთის ფენომენი აღარ არსებობს. როგორც უეფას მედია ოფიცერმა worldsport.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ქართულ ფეხბურთში მხოლოდ ისტორია დარჩა და ყველაფერი თავიდანაა დასაწყები.

კვარაცხელიამ 3 ოქტომბერს გამართულ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა საბოლოოდ, ხმის გარეშე დარჩა. მისი თქმით, სფფ-ს ახალ თავკაცს ლევან კობიაშვილს და მას საერთო შეხედულებები აქვთ. მანვე დასძინა, რომ დღესდღეობით ქართულ ფეხბურთს საქმის გამკეთებელი ხალხი აკლია.

გარდა ამისა, ინტერვიუში ბატონი მამუკა არჩევნების წინ განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს, აგრეთვე იმავე არჩევნებზე კახა კალაძისა და ტარიელ ხეჩიკაშვილის დასწრების ფაქტსაც ეხმაურება.

-თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანად ჩატარდა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები და იქონია თუ არა მის შედეგზე გავლენა არჩევნების წინა დღეს განვითარებულმა მოვლენებმა? მაგალითად, არველაძის მხარდამჭერი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავებამ...

– ბუნებრივია, როცა მხარდამჭერ დეპუტატს აკავებენ ყრილობის წინა დღეს ლოგიკური კითხვაა - ხომ არ არის ეს საგანგებოდ გაკეთებული, მაგრამ დღეს ხომ მიშას დრო აღარაა, თუ ბატონი გეგა უსამართლოდ დააკავეს, უამრავი გზაა იმისა, რომ გაამართლონ ის, თუ მართალია. უამრავი არასამთავრობო იყო ჩარეული. მე მის ადგილას მივმართავდი სასამართლოს და ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებდი! თანაც იგი ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს და მეტიც, რევაზ არველაძემ ხმა არ დაკარგა და მის ნაცვლად ისევ რეზოს მხარდამჭერი აირჩიეს! 2008 წელს ჩემზე რატომ არ ატეხეს მსგავსი ამბავი, როცა დასისხლიანებული ტყეში ძაღლმა მიპოვა? თითო პატარა საგაზეთო პუბლიკაციით შემოიფარგლნენ და მორჩა... ჩემი მანქანა დღემდე დაკარგულია, არც ანაბეჭდები აუღიათ, არც შუქნიშანთან დამონტაჟებული კამერებიდან ამოუღიათ ჩანაწერები, ჩემი მანქანის ნაცვლად სხვა სერიის ავტომობილი ყავდათ ძებნაში!

- კალაძისა და ხეჩიკაშვილის ყრილობაზე ყოფნაზე რას იტყვით და რით ახსნით?

- ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, რომელიც ბოლო 25 წლეულის საუკეთესო ფეხბურთელს არ მოიწვევს ყრილობაზე, განა შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს! ღმერთმა ქნას შემდგომ 25 წელიწადში შეძლოს რომელიმე ქართველმა ფეხბურთელმა კალაძის დონის გუნდში თამაში და ამდენი ტიტულის მოპოვება! რომ არ ყოფილიყო ყრილობაზე კალაძე, ფედერაციას საგანგებო წერილი უნდა გაეგზავნა მისთვის და მოეწვია! ისევე, როგორც ერთადერთი ოლიმპიური ქართველი ჩემპიონი გელა კეტაშვილი, რომელმაც თავისი ოქროს მედალი შემდგომ საქართველოს კეთილდღეობას შესწირა, ყრილობის სიაში არ იყო! ავტეხე ერთი ამბავი, პირდაპირ ეთერში გაუშვა ვახო სანაიამ და ოლიმპიური ჩემპიონი დაუშვეს ყრილობაზე! ამაზე რატომ არ აიმაღლა ხმა ქართულმა მედიამ? რაც შეეხება სპორტის მინისტრს, ქართული სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ყოველ წელს 14 მილიონ ლარს ურიცხავდა! ბოლო წლებში - 7 მილიონს. ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ სახელმწიფოს გარეშე ფეხბურთი დაიღუპება. მაშ რატომ არ უნდა იწვევდნენ ყრილობაზე სპორტის მინისტრს, რომელიც სხვათაშორის ფეხბურთის მეცენატობითაა ცნობილი და არა პარტიული სიით გასული? მარტო ფული უნდა ფედერაციას?

- ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტობა უკვე მეორედ სცადეთ, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოახერხეთ გამარჯვება. ეს რითაა გამოწვეული? იმაზე რას იტყოდით, რომ თქვენს კანდიდატურას მხარი არცერთმა დელეგატმა არ დაუჭირა...

- წინა ყრილობაზე თუ გახსოვთ დიოგენესავით სანთლით დავდიოდი, მანახეთ კაცები ქართულ ფეხბურთში-მეთქი! სამწუხაროა, რომ მაშინაც და ახლაც კაცების დეფიციტია ქართულ ფეხბურთში! ქართულ საფეხბურთო სამყაროში მონაწილე ბევრი პიროვნება მაქინაციებში ისეა დახვეწილი, ამის ნახევარს რომ ფეხბურთისთვის აკეთებდეს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა! იქნება ჩემი მოგონილია ის სკანდალები უეფამ რომ ამოატივტივა ქართულ ფეხბურთში? საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ჩემი პროგრამა კი არ აინტერესებდათ, არამედ ის თუ რა შანსები მქონდა!!! რად მინდა ასეთის ხმა? მე ქართულ ფეხბურთს კინაღამ თავი შევწირე მაშინ, როცა ბევრი შიშით კანკალებდა და თავისი სკამის გარდა არაფერი აინტერესებდა... ძველი ფორმაციის ფედერაცია მორჩა და დიდი იმედი მაქვს დიოგენობა აღარ მომიწევს!

- ფარულ ვიდეოჩანაწერზე რას იტყვით?

- რა არის იმ კადრებში სენსაციური? მიდის მოლაპარაკებები ორივე მხარესთან, რევაზ არველაძე ვაჟკაცურად იცავს თავის მომხრეს! აქვე მინდა ქების სიტყვებით მოვიხსენიო გრიგორი სურკისი, რომელმაც კოლეგიალობის, პროფესიონალიზმის და ვაჟკაცობის მაგალითი გვიჩვენა!…რომ არა იგი, ყრილობა ჩაიშლებოდა! არც ის დაგავიწყდეთ როგორ მოხვდა ჟურნალისტთა სრული შემადგენლობა ყრილობაზე და სწორედ სურკისის წყალობით დარჩა ბოლომდე! როდესაც მიშას რეჟიმს გავექეცი, კიევში ვცხოვრობდი და მაშინ იგი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. ხშირად ვხვდებოდი სურკისს და ყოველ თვეში ერთხელ აწყობდა სრულიად უკრაინის სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრას ფედერაციაში. ნებისმიერს შეეძლო ნებისმიერი კითხვა დაესვა!

- ემთხვევა თუ არა თქვენი და ლევან კობიაშვილის ხედვა გარკვეულ საკითხებში?

- მე და ლევანმა ერთმანეთი ყრილობამდე რამდენიმე კვირით ადრე ვნახეთ. ვილაპარაკეთ და აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად ყველაფერში ემთხვევა. სხვაობა ალბათ პიროვნულია, რადგან მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მოცდა არ მიყვარს, მაშინვე გადავდივარ შეტევაზე და პირში ვახლი მოწინააღმდეგეს ყველაფერს. ლევანს თითქმის ოცი წელია ვიცნობ, პირველი პრიზი მე და ცხონებულმა ქართლოს ჭუმბურიძემ გადავეცით ბენდელას თასზე, როგორც ყველაზე თავდადებულ მოთამაშეს. ოცი წლის შემდეგ კი ვხედავ, რომ უფრო დიპლომატი გამხდარა, თანაც გერმანიაში გატარებულმა 17 წელმა დაადინჯა და საფუძვლიანად სანამ არ შეისწავლის რამეს, კომენტარს არ აკეთებს. მიზნები კი ერთი გვაქვს - ქართული ფეხბურთის ჭაობიდან ამოყვანა.

- არ ყოფილა შემოთავაზება ფედერაციაში რომელიმე თანამდებობაზე ან ხომ არ ელოდებით?

- თანამდებობაზე რა გითხრათ და თანამშრომლობაზე საუბარი ნამდვილად იყო. მეც ჩამოსაყალიბებელი ვარ, რით შემიძლია კობიაშვილის ფორმაციის ფედერაციას დავეხმარო. გული მიგრძნობს ძალიან სავალალო მდგომარეობა დახვდება ფინანსურადაც, კადრობრივადაც და სპორტულადაც. გარედანაც ჩანს, მაგრამ შიგნიდან ალბათ ისეთი დეტალები ამოტივტივდება, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ!

- თქვენი ხედვით, რა არის ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა და როგორ უნდა მოგვარდეს იგი?

- ქართული ფეხბურთის ფენომენი მე მგონი აღარ არსებობს, დარჩა მხოლოდ ისტორია და თავიდანაა დასაწყები ყველაფერი – ბავშვთა ფეხურთიდან დაწყებული და ნაკრებით დამთავრებული. თავი და თავი კი ეროვნული ჩემპიონატია მთელი თავისი კომპონენტებით: მსაჯობით, მწვრთნელობით, ინფრასტრუქურით, ფინანსებით, სპონსორებით, მაყურებლებით...

- 16 გუნდიანი ჩემპიონატი რამდენად მართებულია საქართველოსთვის და თქვენ რას მიიჩნევთ ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტად?

- მე ასე გიპასუხებდით: უნდა შეიკრიბოს ამ თემაზე სრულიად საქართველოს ფეხბურთში მოღვაწეთა ნაღები და იმსჯელოს ამ თემაზე. მე ფული არ ჩამიდია ქართულ ფეხბურთში, მეტიც, მე ხელფასს ვიღებ და ამით ვსარგებლობ. მე 12-გუნდიანს ვემხრობოდი, მაგრამ აბა კითხეთ რომან ფიფიას, ბესო ჩიხრაძეს, ილია კოკაიას, გურამ რუხაძეს, ფრიდონ ინჯიას, ლექსო თოფურიას, ტარიელ ხეჩიკაშვილს, ვინც წლებია უკვე საკუთარი სახსრებით ინახავს კლუბებს და ასობით ადამიანს უხდის ხელფასს! აი, ვისი აზრია საინტერესო და გასათვალისწინებელი!

0.117202