ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ელჩია უცხო ქვეყანაში. ფეხბურთელს შეუძლია, თავისი სამშობლო შეაყვაროს უცხოელს და რა სჯობს ამას, როცა მსგავსი რამ შეგიძლია. გურამ კაშია – მან ჰოლანდიაში არა მხოლოდ ძლიერი ფეხბურთელის, არამედ კარგი პიროვნების სახელიც დაიგდო.
არნემის “ვიტესის” კაპიტანმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააგრძელა და ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც გურამს კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში მუშაობა შეეძლება. ასეთ კონტრაქტი ყველას ხვედრი როდია, მხოლოდ გუნდის გამორჩეულად ძლიერ, ან გამორჩეულად ერთგულ ფეხბურთელებს უფორმებენ. კაშია ერთიცაა და მეორეც, ის 2010 წლიდან თამაშობს “ვიტესში”, არაერთი შემოთავაზება ჰქონია, მაგრამ გული მაინც არნემში დარჩენას კარნახობდა.
კონტრაქტი საზეიმო ვითარებაში გაფორმდა, გურამი სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა “ვიტესისადმი” სიყვარული, რასაც ფანების ოვაციები და შეძახილები მოჰყვა.
საამაყოა, რომ ჰოლანდიაში ასეთი კარგი სახელი გაიტანა კაშიამ. იგივეს თქმა შეიძლება ვაკო ყაზაიშვილზეც. ორივე მათგანს კარგი პრესა აქვს, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრასაც ხშირად ახერხებენ. კაშია სულაც სეზონის 11-ეულშიც ორჯერ იყო.
ამ ფოტოზეც ჩანს, როგორ უყვართ არნემში ქართველი მცველი. ის პიროვნებაა, ლიდერი, რჩევის მიმცემი, პროფესიონალი.
ჩვენის მხრივ გაგვახსენდა 2013 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად “მსოფლიო სპორტის” მიერ ჩატარებული გამოკითხვა. კაშიამ მოიგო. დაჯილდოებისას რედაქციაში რომ გვესტუმრა და გვესაუბრა, მაშინაც გამოჩნდა, როგორი საზრიანი, ჭკვიანი და გაწონასწორებული ადამიანია.
ვანო ხუციშვილი