საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ არნემის “ვიტესთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არნემული კლუბის კაპიტანმა მცირე კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ამაყი ვარ, რომ კლუბის ნაწილად ვითვლები. მსურს, “ვიტესში” რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. მე ვგრძობ გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს, ხოლო კლუბისგან დიდ პატივისცემას, რითაც ბედნიერი ვარ. მე და ჩემს მეუღლეს ახალი კონტრაქტის თაობაზე ბევრი არ გვიფიქრია და გადაწყვეტილება მალევე მივიღეთ. ეს არის შესანიშნავი გამოწვევა, რომლითაც შემიძლია განვითარება განვაგრძო”, - ციტირებს 28 წლის ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს “ვიტესის” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ კაშია “ვიტესში” 2010 წელს თბილისის “დინამოდან” გადავიდა და 191 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა.
კაშიამ მიმდინარე სეზონში 11 მატჩის ჩატარება მოასწრო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.