ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2573) მონაკოში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა გრან პრიზე ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა.
შავი ფიგურებით მოასპარეზე ქართველმა დიდოსტატმა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა (2500) დაამარცხა და 3.0 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
ტურნირის ლიდერი კვლავინდებურად ჩინელი იიფან ჰოუა (2671). მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ნომერ პირველი მოჭადრაკეს 9 ტურის თავზე 7.5 ქულა გააჩნია.
ჰოუს ერთი ქულით ჩამორჩებიან: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი უკრაინელი მარია მუზიჩუკი (2528) და რეიტინგში მე-2 პოზიციაზე მყოფი ინდოელი ჰამპი კონერუ (2578).
ასპარეზობის დასრულებამდე ორი ტური დარჩა, ძაგნიძის მეტოქეები კი უკრაინელი ანა მუზიჩუკი (2549) და ირანელი სარასადატ ხადემალშარიეჰი (2402) იქნებიან.