ფეხბურთი

23:37 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ესტონეთთან ერთი ტაიმიც ეყო

ევროპის 2017 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა რიგით მეოთხე მატჩი ჩაატარა. თბილისს ესპანეთის შემდეგ ამჯერად ესტონეთის ნაკრები ეწვია და შინ უქულოდ დაბრუნდა.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდში მატება იყო. ეროვნულ ნაკრებ მოვლილმა ოთარ კაკაბაძემ ბალტიისპირელებთან შეხვედრაში თავისი გუნდი გაიყვანა და ანგარიშიც სწორედ მან გახსნა. მე-11 წუთი მიმდინარეობდა, როცა დინამოელმა თავის ფლაგზე იაქტიურა და შეტევა გოლით დაასრულა. მალევე სხვაობა გაიზარდა. აბურჯანიასა და ფანცულაიას კარგი თამაშის შემდეგ ცარიელ კართან ეულად მდგომ ნიკა კაჭარავას ისღა დარჩენოდა ბურთი ცარიელ კარში მშვიდად გადაეგზავნა. პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს ერთი თავით ჯობდნენ და უპირატესობა ტაიმის მიწურულს კიდევ უფრო გაიზარდა: ოთარ კიტეიშვილმა და კაჭარავამ კომბინაცია გაითამაშეს, თუმცა მცველებმა თითქოს სიტუაცია განმუხტეს, მაგრამ ცუდად გაისარჯა სტუმართა კიპერი და ბურთი ცარიელ კართან მდგომ კიტეიშვილს დაუბრუნდა, ვისაც გატანა აღარ გასჭირვებია.

მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, თუ პირველ 45 წუთში ფეხბურთს მხოლოდ ჩივაძის გუნდი თამაშობდა, მეორეში უკვე მხოლოდ თამაშის მცდელობა იყო, რამაც მასპინძელთა დამრიგებელი გააბრაზა კიდეც და თავის შეგირდების უფრო ყურადღებით თამაშისკენ მოუწოდა. თუმცა მოედანზე მათთვის საგანგაშო არაფერი ხდებოდა, რადგან სტუმრებს სიტუაციის შესაცვლელად არც კლასი ჰქონდათ და აღარც ენერგია...

ამ გამარჯვების საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა VI ჯგუფში ოთხ ჩატარებულ თამაშში 6 ქულა მოაგროვა და მე-4 პოზიციაზე მყარად დამკვიდრდა.

ლიდერი ხორვატიაა 9 ქულით, შემდეგ კი შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებები მოდიან 6-6 ქულით. ერთი განსხვავებით: ხორვატებს 3 მატჩი აქვთ ჩატარებული, სკანდინავიელებსა და პირინელებს კი ორი.

მომდევნო მატჩს ქართველი ახალგაზრდები 12 ნოემბერს, ალმერიაში ესპანეთთან ჩაატარებენ.

საქართველო (21წ) – ესტონეთი (21წ) 3:0 (3:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო (21): ქურდაძე, კაკაბაძე, დვალი, გადრანი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, ლობჟანიძე (გოროზია 85), კიტეიშვილი (კოჩლაძე 55), ფანცულაია, კაჭარავა (კერძევაძე 70)

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ესტონეთი (21წ): კაროფელდი, ოიამა, ავილოვი, ალოე, სალისტე, პეეტსონი (საპინენი 46), აინსალუ, მარინი, კაუბერი (ლივაკი 86), იუკამი, კაიტი (რაბისი 70)

მწვრთნელი: მარტინ რეიმი

გოლები: 1:0 კაკაბაძე (11), 2:0 კაჭარავა (20), 3:0 კიტეიშვილი (36)

გაფრთხილება: აბურჯანია (79) – იუკამი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 8 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დეიან იაკიმოვსკი (მაკედონია)

0.201736