ჰოლანდიის მესამე დივიზიონში 16 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: ცენტრალური მცველი გიგი გურგენიძე. მას დებიუტი ჰქონდა მესამე დივიზიონის "ჰილვერსუმში" და გოლიც გაიტანა, რაზეც ჰოლანდიურმა გაზეთებმა დაწერეს.
გურგენიძეს ჰოლანდიაში დავუკავშირდით მისი პირველი მწვრთნელის, გიორგი ხუბეჯაშვილის მეშვეობით.
- როგორ მოხვდი ჰოლანდიაში და როგორ მოგცეს 18 წლამდე ასაკის ქართველს თამაშის უფლება?
- ჰოლანდიაში ამ ზაფხულს შერჩევით მოვხვდი. ჯერ "ჰილვერსუმის" 17-წლამდელებში ვისინჯებოდი. 10 დღის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და ისევ დამიბარეს ჰოლანდიაში, ამჯერად უკვე დუბლშემადგენლობაში. იქიდან კი პირველ გუნდში დამაწინაურეს. ორი კვირაა, რაც "ჰილვერსუმის" პირველ გუნდში ვარ. ყველაფერს აკეთებენ, რათა აქ დავრჩე. მომიხერხეს თამაშის უფლება ჰოლანდიის მესამე დივიზიონში, რაც საკმაოდ რთული პროცესია ჩემი საბუთებიდან გამომდინარე. გასულ ტურში ვითამაშე პირველად და გოლიც გავიტანე. საჯარიმოს ხაზიდან, დაბალი დარტყმით ახლო კუთხეში. ბვვ-ს 6:2 მოვუგეთ.
- საქართველოში რომელ საფეხბურთო სკოლაში თამაშობდი?
- 7 წლისა ვიყავი, "შევარდენში" რომ დავიწყე, სადაც ჩემი მწვრთნელი იყო გიორგი ხუბეჯაშვილი. გასული სეზონი კი 35-ე სკოლაში გავატარე, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში ვითამაშე. იქ მწვრთნელი იყო გოჩა ავსაჯანიშვილი.
- ავსაჯანიშვილი 17-წლამდელთა ნაკრებსაც წვრთნის. გითამაშია ამ ნაკრებში?
- თამაშით არა, მაგრამ კანდიდატებში სულ ვიყავი.
- შთაბეჭდილებები როგორია ჰოლანდიაში?
- ამსტერდამში ვცხოვრობ და აქედან სტადიონამდე 20 წუთის სავალია. არც მჭირდება ამდენი დრო. კოხტა სტადიონია, 1500 კაცი ეტევა და ძალიან მოვლილი ბაზა აქვს. აქვე ვიტყვი, რომ საცხოვრებელ ვიზას მიკეთებენ. ყველაზე მთავარია, რომ ქართული პასპორტით ვთამაშობ.
- შენს გარდა, ჰოლანდიის დაბალ ლიგებში კიდევ ხომ არ არიან ქართველები?
- არა. მონაცემები მეც ვნახე. პროფესიონალებში დარეგისტრირებული სამი ქართველია. ის ორი ვინც არის, ყველამ იცის: გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. მესამე ვარ, მესამე ლიგაში ვარ გაფორმებული.
ვანო ხუციშვილი