ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ხუან მატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინგლისში ბედნიერია და გარემოს გამოცვლას არ გეგმავს.
პრიმერა დივიზიონში შესაძლო დაბრუნების შესახებ, მას კითხვა ესპანური გამოცემა El Pais-ის ჟურნალისტმა დაუსვა.
“ახლა პრიმერაში დაბრუნებაზე არც კი ვფიქრობ. ოჯახისა და მეგობრების გარეშე მოწყენილი ვარ, მაგრამ ამავდროულად, მანჩესტერში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ ახლახანს ჩამოვედი და ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ინგლისში თამაში ძალზე პოზიტიური გამოცდილებაა. ყველა მოთამაშეს ვურჩევ, რომ პრემიერლიგაში ერთი სეზონი მაინც გაატაროს. გულშემატკივრების, ჩემპიონატის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ეს იდეალური ადგილია.
აქ მოთამაშეებს განსაკუთრებული პატივისცემით ექცევიან. წარმოუდგენელი რამ ხდება. თამაშობ ტოპ-კლუბში და გულშემატკივრები წაგებული თამაშის შემდეგაც გვერდში გიდგანან, გამხნევებენ და მოუთმენლად ელიან შემდეგ შეხვედრას. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, გიჩნდება უდიდესი სურვილი იმისა, რომ საკუთარი წარმატება გულშემატკივარს გაუზიარო. ამით ინგლისი ესპანეთისგან ძლიერ განსხვავდება. აქ გულშემატკივარს ფეხბურთის განსაკუთრებული აღქმა აქვს” - ამბობს 27 წლის მატა, რომელიც ინგლისში 2011 წლიდან (“ჩელსი”), ხოლო “მანჩესტერ იუნატედში” 2013 წლიდან თამაშობს და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა.