კალათბურთი

14:49 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას ჩინეთის კლუბ “ფუჯიან ქუანჟოუ ბანკში” გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Eurobasket.com ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველი კალათბურთელი ნბა-ში ხელმეორედ დამკვიდრებას ცდილობდა და “ლოს ანჟელეს კლიპერსის” ბანაკშიც იმყოფებოდა, თუმცა, კალიფორნიელებმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.

შედეგად, ცქიტიშვილმა მზერა ისევ აზიას მიაპყრო, სადაც ის გასულ წლებში თამაშობდა, კონკრეტულად კი, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, ირანის და ლიბანის წარმომადგენელ კლუბებში ირიცხებოდა.

საინტერესოა, რომ “ფუჯიანში” ნიკოლოზს ძველი ნაცნობი, ლიბანის ნაკრების ლიდერი ფადი ხატიბი დახვდა, რომელთან ერთადაც ქართველ ფორვარდს “ჩემპვილში” უთამაშია.

ცქიტიშვილმა უკვე მოასწრო ახალი კლუბის მაისურით ერთი საკონტროლო მატჩის ჩატარება და 13 ქულა მოაგროვა. ისიც ვთქვათ, რომ გასულ სეზონში “ფუჯიანმა” 10 მოგება და 28 მარცხი მოაგროვა და პლეი-ოფში არ უთამაშია.

0.114129