საქართველოს ნაკრების თამაშით კმაყოფილნი და შედეგით უკმაყოფილონი ბევრჯერ დავრჩენილვართ, მაგრამ ეს, ის შემთხვევაა, როდესაც მართლა ასე იყო. ბოლოს როდის ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ასეთი გამართული ფეხბურთი თანაც სტუმრად, უძლიერეს მეტოქესთან, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, თვით გერმანიის ნაკრებთან არ გვახსოვს. გერმანიასთან კი არა ჩვენი კალიბრის გუნდთანაც კი...
თამაშამდე გამოცემა “ბილდი” ამ თამაშს თავიანთი ნაკრებისთვის 2014 წლის მუნდიალის ფინალის მერე ყველაზე მნიშვნელოვნად აფასებდა და თუ მართლა ასე იყო, ასეთი რანგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გერმანია გვარიანად ანერვიულა და მატჩის მიმდინარეობისას ცოტა რომ გამართლებოდა შინ სამი ქულით თუ არა, ქულით მაინც დაბრუნდებოდა.
როგორც გიბრალტართან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ განაცხადა, გერმანიასთან მატჩში შემადგენლობაში ცვლილებები იქნებოდა, ასეც მოხდა. ჯერ ის ვთქვათ, რომ შეიცვალა ტაქტიკა და ისევ 3-4-2-1 სქემით დავიწყეთ თამაში. ოთარ კაკაბაძის ადგილი უჩა ლობჟანიძემ დაიკავა, გია გრიგალავა გიორგი ნავალოვსკიმ ჩაანაცვლა, ხოლო შემტევი სანდრო კობახიძე ამჯერად თადარიგში დარჩა და სამაგიეროდ, “ჯვაროსნების” თავკაცმა დაცვა გააძლიერა სოლომონ კვირკველიას სახით. მთავარი მოულოდნელობა კი სასტარტოს მიღმა მათე ვაწაძის დარჩენა და მის ნაცვლად ნიკოლოზ გელაშვილის ყოფნა გახლდათ.
პირველი ტაიმი გერმანელთა სრულ სათამაშო უპირატესობაში გაილია და საბოლოოდ, რევიშვილს 45 წუთის შემდეგ 10 სეივი ჰქონდა. ამას თუ გერმანელ ფეხბურთელთა და განსაკუთრებით, მარკო როისის არაზუსტ დარტყმებს დავუმატებთ ვნახავთ, რომ იოაჰიმ ლიოვის გუნდი ერთი თავით გვჯობნიდა. საწყის ტაიმზე არც იმის უთქმელობა იქნება, რომ 27-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა “რედ ბულ არენაზე” კინაღამ დავწინაურდით: კვეკვესკირმა კარგი პასი ყაზაიშვილს გაუკეთა, “ვიტესის” შემტევმაც ჭკვიანურად ითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე ოქრიაშვილი დატოვა, თუმცა... თუმცა, ალემანებს კარში მანუელ ნოიერი ჰყავდათ, ვინაც ფანტასტიური სეივი განახორციელა. პირველი ტაიმი ჩვენთვის სრულად მისაღები ანგარიშით დასრულდა, ხოლო გერმანელები გონზე ვერ მოსულიყვნენ.
მეორე ტაიმიც იგივე სტილში დაიწყო, როგორც პირველი და 49-ე წუთზე მესუტ იოზილის ფინტს ჩვენი კაპიტანი ჯაბა კანკავა წამოეგო და პაველ კრალოვეცმაც პენალტის ნიშნულისკენ სამართლიანად მიუთითა. რევიშვილი მიულერის დარტყმულს ვერ გაუმკლავდა და – 1:0.
კაპიტანი რის კაპიტანია თუ შეცდომის გამოსყიდვაზე არ იფიქრა და ხუთი წუთის შემდეგ დიდებული გოლი გაიტანა. მასპინძელთა ამოტანილ ბურთს ჯაბამ მარცხენა ფეხი ერთი შეხებით შეაგება და ნოიერი არც განძრეულა – 1:1. გოლი კი კვეკვესკირის ჩინებულ თამაშს მოჰყვა, როცა შორიდან “ცხრიანში” გაისროლა და ნოიერმა კუთხურზე მოიგერია.
57-ე წუთი მიმდინარეობდა და ყაზაიშვილმა საჯარიმოში გერმანელ მცველებს თავგზა აუბნია, ახლოდანაც დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. არადა ისეთი ეპიზოდი იყო გოლის გატანა თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ილქაი გუნდოგანმა ამ მომენტში მთავარი როლი ითამაშა და ვაკოს ხელი შეუშალა.
სამ წუთში კი ლამის დავწინაურდით: ნავალოვსკის გამჭოლ გადაცემაზე ვერც ვაწაძემ და ვერც მცველებმა ითამაშეს, რის შემდგომაც ბურთი ლობჟანიძეს მიუვიდა. “ომონიას” ფლანგელმაც ბურთი საჯარიმოში ჩააბრუნა იქ კი ოქრიაშვილმა ფეხი საგოლედ მოიქნია... თუმცა ნოიერმა სასწაული შემოგვთავაზა და კვლავაც მხოლოდ კუთხურს გამოვრჩით. თამაშს ეტყობოდა, რომ დასათმობი და შესაშინებელი არაფერი იყო და “ჯვაროსნებიც” უფრო თავისუფლად ათამაშდნენ. ოქრიაშვილმა შორიდან მოსინჯა ნოიერის მზადყოფნა, თუმცა უშედეგოდ.
თამაში რაც უფრო დასასრულისკენ მიდიოდა თავმოყვარე გერმანელები შეტევებს უფრო უმატებდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ თუ არ ჩავთვლით შორეულ დარტყმებს, რომლებსაც რევიშვილი ადვილად უმკლავდებოდა.
ის, რომ მეორე ნახევარში “ბუნდესნაკრებს” სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების სწორი ტატქტიკური მონახაზის დამსახურება გახლდათ. მცველებიცა და ნახევარმცველებიც ყურადღებით თამაშობდნენ და ამავდროულად არც კონტრშეტევებზე გადასვლა გვავიწყდებოდა.
მერე საქმეში ლიოვი ჩაერია და ანდრე შურლეს ნაცვლად მოედანზე მაქს კრუსე შეიყვანა. სწორედ ახალგარზდა ფორვარდმა გაგვტეხა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გერმანიამ მარტივი კომბინაცია გაითამაშა, კრუსეც ქართველებმა საჯარიმოს მისადგომებთან უმეთვალყურეოდ დატოვეს, რევიშვლის ბურთს ვეღარ შესწვდა – 2:1.
დარჩენილმა დრომ ბურთის გორებაში გასტანა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან საპატიო ანგარიშით წავაგეთ. აღნიშნულ თამაშში კარგად გამოჩნდა ის კონტურები, რაზეც ნაკრების თამაშის აგება ახლო მომავალში შეიძლება. რაც მთავარია, დავინახეთ, რომ ჩვენც ვიცით, ჩვენც გვცოდნია. ჰო, ერთიც: გერმანიას გოლი 1995 წლის შემდეგ პირველად გავუტანეთ. შეიძლება გოლის გატანა ასე გასახარი არ იყოს, მაგრამ ამასაც გადავეჩვიეთ და ახლა გვიხაროდეს, მომავალში ვნახოთ.
მოკლედ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მიუხედავად ყველაფრისა ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულეთ და გაისად, შემოდგომიდან ახალი საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება. ჩვენც დაველოდოთ და ვიყოთ იმედიანად. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს ფეხბურთის თამაში თურმე შესძლებია...
გერმანია – საქართველო 2:1 (0:0) (VIDEO)
ლაიფციგი, “რედ ბულ არენა”
მაყურებელი: 43 630
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; გინტერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი; გუნდოგანი, კროოსი; მიულერი, იოზილი, როისი (ბელარაბი 90); შურლე (კრუსე 76)
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
საქართველო (3-4-2-1): რევიშვილი; კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია; ლობჟანიძე, კანკავა, კვეკვესკირი (ხიზანიშვილი 78), ნავალოვსკი; ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (კობახიძე 90); გელაშვილი (ვაწაძე 46)
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გოლები: 1:0 მიულერი (50, პენ), 1:1 კანკავა (53), 2:1 კრუსე (79)
გაფრთხილება: ჰუმელსი (90) - ნავალოვსკი (33), რევიშვილი (49), ოქრიაშვილი (71)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (19) – 8 (5) ბურთის ფლობა: 66%-34% გაფრთხილება: 1:3 სეივი: 4:17 კუთხურები: 9:3 პასები: 772:303 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)