დ ჯგუფის დასკვნით მატჩში, რომელსაც უნდა გაერკვია, თუ როგორ დაწყვილდებოდნენ გუნდები მეოთხედფინალებში, ირლანდიამ საფრანგეთს დაძაბულ ბრძოლაში 24:9 აჯობა და ახალ ზელანდიასთან ნაადრევი დაპირისპირება თავიდან აიცილა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს პლეი ოფში თამაში განაღდებული ჰქონდა, მოედანზე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. დებიუტში ირლანდიელები ორჯერ დაჯარიმდნენ, მაგრამ ფრედერიკ მიშალაკს და სქოთ სპედინგს დარტყმები გაუცუდდათ - ამ უკანასკნელის დარტყმული ძელმა აისხლიტა. მე-13 წუთზე ჯონათან სექსთონმა ფრანგებს დაანახა, როგორ უნდა ჯარიმის შესრულება და 42 მეტრიდან ანგარიში გახსნა. მისი მაგალითი სპედინგმა გადაიღო და სამიოდე წუთში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 2 წუთში სექსტონმა კელტები კვლავ გაახარა.
სპედინგმა 23-ე წუთზე თავისი ნახევრიდან გაიტამა ჯარიმა და წონასწორობა უკანასკნელად აღადგინა. 29-ე წუთზე ირლანდია დაშავებული სექსთონის ნაცვლად შეცვლაზე შესული იენ მედიგანის ჯარიმით საბოლოოდ დაწინაურდა. მერე მათ ლელოს გატანის საუცხოო შანსიც მიეცათ, თომი ბოუ და ქის ერლსი ერთი მცველის წინააღმდეგ დარჩნენ და ლელოც 100%-პროცენტით გავიდოდა, მაგრამ ერლსმა პასი ვერ შეიმაგრა და ტაიმი 9:6 დასრულდა.
მეორე ტაიმი ირლანდიამ კიდევ უფრო კარგად დაიწყო და 50-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელოც გაიტანა. ისინი უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, წითელ ზოლში რამდენიმე დარტყმის შემდეგ იერიში გაშალეს და რობ ქარნი მიზანს მიწვდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 64-ე წუთზე პარამ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე (9:14) დაიყვანა, მაგრამ 8 წუთში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როდესაც მრავალფაზიანი შეტევა ქონორ მარიმ ლელოთი დაასრულა. მედიგანმა ზუსტ გარდასახვას მატჩის მიწურულს ჯარიმაც მიაყოლა, საკუთარ გუნდს 24:9 მოაგებინა და მეოთხედფინალში ირლანდია არგენტინას, ხოლო საფრანგეთი ახალ ზელანდიას შეხვდება.
ფრანგების ძლევა ირლანდიელებს ძვირად დაუჯდათ. ტრავმები მიიღეს და მოედანი იძულების წესით დატოვეს ჯონათან სექსთონმა და გუნდის კაპიტანმა პოლ ო’ქონელმა, რომელთა მდგომარეობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
2015 წლის მსოფლიო თასი
დ ჯგუფი
11 ოქტომბერი
საფრანგეთი - ირლანდია 9:24 (6:9)
საფრანგეთი: 15. სქოთ სპედინგი, 14. ნოა ნაკაიტათი, 13. მატიო ბასტარო, 12. ვეზლი ფოფანა, 11. ბრის დიულენი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. სებასტიან ტიუ-ბორდი; 1. ედი ბენ არუ, 2. გიან გირადო, 3. რაბა სლიმანი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დიუზოტუარი (კაპ.), 7. დამიან შული, 8. ლუი პიკამოლი.
სათადარიგოები: 16. ბენჟამენ კეიზერი, 17. ვენსან დებატი, 18. ნიკოლა მასი, 19. ალეკსანდრ ფლონკარი, 20. ბერნარ ლე რუ; 21. მორგან პარა, 22. რემი ტალე, 23. ალეკსანდრ დიუმულენი.
3 ჯარიმა: სპედინგი (2), პარა
ირლანდია: 15. რობ ქარნი, 14. თომი ბოუ, 13. ქის ერლსი, 12. რობი ჰენშოუ, 11. დეივ ქარნი, 10. ჯონათან სექსთონი, 9. ქონორ მარი; 1. ქიენ ჰილი, 2. რორი ბესთი, 3. მაიქ როსი, 4. დევინ თოუნერი, 5. პოლ ო’ქონელი (კაპ.), 6. პითერ ო’მანი, 7. შონ ო’ბრაიენი, 8. ჯემი ჰიზლიპი.
სათადარიგოები: 16. რიხარტ სტრაუსი, 17. ჯექ მაკგრასი, 18. ნეითან ვაითი, 19. იენ ჰენდერსონი, 20. ქრის ჰენრი; 21. ოუნ რედენი, 22. იენ მედიგანი, 23. ლუქ ფითსჯერალდი.
2 ლელო: ქარნი, მარი
1 გარდასახვა: მედიგანი
4 ჯარიმა: სექსთონი (2), მედიგანი (2)
1. | ირლანდია | 4 | 4 | 0 | 0 | 134:35 | 18 | 2 |
2. | საფრანგეთი | 4 | 3 | 0 | 1 | 120:63 | 14 | 2 |
3. | იტალია | 4 | 2 | 0 | 2 | 74:88 | 10 | 2 |
4. | რუმინეთი | 4 | 1 | 0 | 3 | 60:129 | 4 | 0 |
5. | კანადა | 4 | 0 | 0 | 4 | 58:131 | 2 | 2 |