რაგბი

17:45 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლელოუხვი მატჩი ლესტერში

გ ჯგუფის დასკვნით მატჩში ლესთერის სტადიონზე შეკრებილმა 10 ათასზე მეტმა მაყურებელმა 12 ლელო და როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინის დიდი სხვაობით გამარჯვება იხილა.

რადგან ამ ჯგუფში ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, თამაშიც ლაღი გამოვიდა. ორივე გუნდი ლელოების გატანას ცდილობდა და პრინციპში ეს გამოუვიდათ კიდეც, მაგრამ “პუმებს” მეოთხედფინალში მეტი ყურადღება მართებთ, რადგან ნამიბიელებმა სამივე ლელო კონტრშეტევაზე, მეტოქის უყურადღებოდ თამაშის შედეგად გაიტანეს და სხვა მეტოქე ასეთი საჩუქრის ფონზე თამაშს უცილობლად თავის სასარგებლოდ დაასრულებს.

არგენტინელები გარკვეული კომბინაციების დახვეწაზეც მუშაობდნენ და თავიდანვე სწრაფი, ხელდახელ ბურთაობა გააჩაღეს. რადგან ორმა კარგმა შეტევამ შედეგი არ მოიტანა, მე-5 წუთზე სანტიაგო იგლესიასმა ჯარიმიდან სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარის წინ დაახლოებით 25 მეტრიდან 100%-იანი შანსი გააცუდა. ორიოდე წუთში პირველი ლელო გავიდა, მატიას მორონი ფლანგზე ორ მბოჭავს იოლად გაექცა, ხაზი მარტივად გაჭრა, სამი შემტევი ერთი მცველის პირისპირ დარჩა და ლელოში ხუან მარტინ ერნანდესი შევიდა, ხოლო იგლესიასმა გარდასახვაზუსტად დაარტყა. მე-11 წუთზე საქმეში ტელე-რეფი ჩაერია, ნამიბიას ჯეისი ხრეილინი გაუსინბინა და იგლესიასმაც საბოლოოდ გაისწორა მიზანი - 10:0.

კაცნაკლულმა ნამიბიამ მოულოდნელად ლელო გაქვითა. არგენტინა თავისი ნახევრიდან ხელდახელ ცდილობდა შეტევის წამოწყებას, მაგრამ ბურთი წინ გადაუვარდა, იოჰან ტრომპმა მას ორჯერ წაკრა ფეხი და ლელოში თავადვე შევიდა, ხოლო თიენის კოცემ გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. მე-19 წუთზე გარემარბმა მატიას მორონიმ ინდივიდუალური ლელო გაიტანა. მან ცენტრისკენ შეიწია, პასი რომ მიიღო თითქოს გაუვალ სიტუაციაში შევიდა, ოთხ მბოჭავს დაუსხლტა და მიზანს მიწვდა. მერე მსაჯებმა არგენტინელთა ბლოკზე თვალი დახუჭეს და და ლელო ორასიო აგუჟამ ჩაიწერა. ტაიმის ბოლოს კიდევ ორი ლელო გავიდა, პირველ ჯერზე ლელოში “პუმების” მოლი შეგრიალდა და ბურთი ფაკუნდო ისამ დაამიწა, სულ ბოლოს კი, ნამიბიელებმა მეტოქის შეცდომით ვერ ისარგებლეს, ზედ ხაზზე დაკარგული ბურთი ფეხით ვერ მოიგერიეს და არეულობით ლუკას ნოგერამ ისარგებლა - 36:7.

მეორე ტაიმი პირველის დარად დაიწყო. არგენტინელებმა თავის ნახევარზე დაკარგეს ბურთი, ის ჯეისი ხრეილინიმ აიტაცა და ძელებსშუამდე ირბინა. არგენტინამ 3 წუთში უპასუხა, ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და მატიას ალემანო ვეღარავინ შეაჩერა. მერე აფრიკელებმა შეუტიეს და ტრომპის ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, მერე საქმეში ვიდეო-რეფი ჩაერთო და რადგან მარსელო ვოშმა უბურთო კოცეს შუბური ბოჭვა გაუკეთა, ის სინბინით დასაჯა.

64-ეზე კაცნაკლულმა არგენტინამ თავისი 22-იდან წამოიწყო კონტრშეტევა და ხელდახელ ბურთაობა ლეონარდო სენატორეს ძელებსშუა შეფრენით დასრულდა. მალე კიდევ ერთ ლამაზ შეტევას ხუან იმოფის ლელო მოყვა, მაგრამ ის ტელე-რეფმა წინპასი გამო გააუქმა, თუმცა, ხულიან მონტოჟამ და ტომას კუველიმ მიზანს ორჯერ უწიეს და მაყურებელი კიდევ უფრო გაახალისეს. დრო უკვე ამიწურული იყო, როდესაც ჩიუე უანივიმ მეტოქეს მისსავე 22-ში ბურთი გამოსტაცა და იუჯინ იანკისმა ნამიბიელთა მესამელელოთი მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 64:19.

2015 წლის მსოფლიო თასი

გ ჯგუფი

11 ოქტომბერი

არგენტინა - ნამიბია 64:19 (36:7)

არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 14. მატიას მორონი, 13. სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, 12. ხუან პაბლო სოსინო, 11. ორასიო აგუჟა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო (კაპ.); 1. ლუკას ნოგერა, 2. ხულიან მონტოჟა, 3. ხუან პაბლო ორლანდი, 4. გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. პავლო მატერა, 7. ხავიერ ორტეგა დესიო, 8. ფაკუნდო ისა.

სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. მარკოს აჟერსა, 18. რამირო ერერა, 19. ლეონარდო სენატორე, 20. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე; 21. ტომას კუველი, 22. მარსელო ვოში, 23. ხუან იმოფი.

9 ლელო: ერნანდესი, მორონი, აგუჟა, ისა, ნოგერა, ალემანო, სენატორე, მონტოჟა, კუველი

8 გარდასახვა: იგლესიასი (4), სოსინო (4)

1 ჯარიმა: იგლესიასი

1 სინბინი: ვოში

ნამიბია: 15. კრეისანდერ ბოთა, 14. იოჰან ტრომპი, 13. ჯეისი ხრეილინი, 12. იოჰან დეისელი, 11. კონრად მარე, 10. თიენის კოცე, 9. ენიელ ბუიტენდახი; 1. იაკო ენხელსი, 2. ტორსტენ ფან იარსფელდი, 3. იოჰანეს კუცია, 4. იანკო ფენტერი, 5. ჩიუე უანივი, 6. როან კიცჰოფი (კაპ.), 7. ვიან კონრადი, 8. ლენეფე დამენსი.

სათადარიგოები: 16. ლუი ფან დე ვესტჰეიზენი, 17. ჯონი რედლინჰეისი, 18. რაულ ლარსონი, 19. რენადლდო ბოთმა. 20. ტინუს დიუ პლესი, 21. პიჯეი ფან ლილი; 22. იუჯინ იანკისი, 23. ჰაინრიხ სმიტი.

3 ლელო: ტრომპი, ხრეილინი, იანკისი

2 გარდასახვა: კოცე

2 სინბინი: ხრეილინი, დიუ პლესი

1. ახალი ზელანდია 4 4 0 0 174:49 19 3
2. არგენტინა 4 3 0 1 179:70 15 3
3. საქართველო 4 2 0 2 53:123 8 0
4. ტონგა 4 1 0 3 70:130 6 2
5. ნამიბია 4 0 0 4 70:174 1 1

0.18264