2003 წელს, “მილანმა” ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო, ე.წ. “ტრეკვარტისტას” პოზიციაზე კარლო ანჩელოტის პორტუგალიელი მანუელ რუი კოშტა და ბრაზილიელი რივალდო ჰყავდა. გარდა ამისა, გუნდში იყო კლარენს ზეედორფი, ვისაც გამთამაშებლის ადგილზე გარჯა გადასარევად შეეძლო. და მაინც, იმ ზაფხულს “როსონერიმ” გადაწყვიტა, 21 წლის ბრაზილიელის რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტეს ყიდვა საფეხბურთო კლუბ “სან პაულუდან”. დოს სანტოს ლეიტე, ანუ იგივე კაკა ნაკრების შემადგენლობაში უკვე მსოფლიოს ჩემპიონი კი გამხდარიყო, თუმცა კორეა-იაპონიაში მას მოედანზე გასვლა არ მოუწია. ბევრი კაკას მილანურ თავგადასავალს ალმაცერად შეჰყურებდა, მაგრამ...
ბრაზილიაში ტალანტები რომ უხვად იყო, ძველი ამბავია, მაგრამ კაკას მაინც თავის სტილი ჰქონდა. თითქოს, ევროპული და სამხრეთამერიკული ნაზავი იყო ამ ბიჭში თავმოყრილი. მისი პირველივე იტალიური სეზონი ისე წარიმართა, რომ კრიტიკოსები მალევე გააჩუმა – რივალდო უკვე გუნდიდანაც წასულიყო, ხოლო რუი კოშტა სათადარიგო სკამის ხშირი ბინადარი გამხდარიყო. სამაგიეროდ, რიკარდო დღითიდღე უმატებდა და შავ-წითლების პუბლიკის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელადაც ყალიბდებოდა. “მილანმა” რომ 2004 წელს, 5 წლიანი პაუზის მერე სკუდეტო მოიგო, კაკას დიდი დამსახურება გახლდათ. იმ სეზონში ანდრეი შევჩენკოსთან ერთად ბრაზილიელი შემტევი თავის გუნდში ყველაზე გამორჩეული გახლდათ.
კარიერის პიკი კი უდაოდ 2006-2007 წლების სეზონში ჰქონდა. იტალიურ “კალჩოპოლს” გამოვლილმა “მილანმა” 2007 წლის მაისში ინგლისურ “ლივერპულზე” ძველი ჯავრი იყარა და ევროპის საუკეთესო გუნდის სახელი მეშვიდიდ დაიგდო. ამ გამარჯვებაში კი მთავარი როლი კაკამ შეასრულა. იგი ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდიირც გახდა. რომ არა მერვედფინალში, დამატებით დროში მისი სოლო რეიდი და დაუვიწყარი სილამაზის გოლი გლაზგოს “სელტიკის” კარში, ვინ იცის, ეგებ ახლა სხვანაირი ისტორია ყოფილიყო. აი, ნახევარფინალში კი, რაც კაკამ “მანჩესტერ იუნატიედს” დამართა სიტყვებით რთული გადმოსაცემია, ეს უბრალოდ უნდა ნახოთ. “ოლდ ტრაფორდზე” “როსონერიმ” წააგო, მაგრამ მისმა 22 ნომერმა იფრინა – ერთ სიამოვნებად ღირდა მისი გოლი, როდესაც ვეს ბრაუნი და პატრის ევრა პატარა ბავშვებივით მოატყუა და ერთმანეთს შეჰყარა, მერე ვან დერ საარის დამწუხრება რაღა პრობლემა იქნებოდა? – არც პირველი გოლი იყო ურიგო, როცა მახვილი კუთხიდან ჩინებულად გაისარჯა. საპასუხო თამაშში ლომბარდიელებმა მეტოქეს პირწმინდად აჯობეს და გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება ირგუნეს. წვიმიან ამინდში ინგლისელთა რბევას სათავეს ვინ დაუდებდა თუ არა ის...
მართალია, ფინალში კაკას არ გაუტანია, მაგრამ მეორე გოლის დროს პიპო ინძაგის ისეთი საგოლე პასი გაუკეთა სახელმძღვანელოში შეტანა რომ შეიძლება.
თითქოს, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა კაკა “მილანიდან” არასდროს წავიდოდა, მაგრამ 2009 წელს ჰორიზონტზე მადრიდის “რეალი” გამოჩნდა. ჰო, მართლა რთული ყოფილა თავისთან “სამეფო კლუბი” გეპატიჟებოდეს უარი უთხრა – კაკაც “გალაქტიკოსის” წევრი გახდა და სწორედ აქ დაუშვა თურმე შეცდომა.
არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი შემდგომი კარიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მადრიდი მისი ადგილი არ იყო. კაკა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ოთხი წელი ვერაფრით გაიხსნა და ბოლოს ისევ იქ დაბრუნდა, სადაც ასე ელოდნენ, თუმცა დაბრუნებაც დროებითი აღმოჩნდა.
მერე მშობლიური “სან პაულუც” იყო, ახლა კი ამერიკაშია, თავისთვის და თავს იქაურ საზოგადოებასაც აყვარებს, “ორლანდო სიტის” თამაშების ყურება მის გამო ბევრმა დაიწყო. ასეა, ფეხბურთს ინდივიდების გამო ვუყურებთ და არა გუნდების...
ერთია, ამ გენიალურმა ფეხბურთელმა ნაკრებთან ერთად 2002 წელს მუნდიალი კი მოიგო, მაგრამ იმ გუნდში მას მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქცია თუ ჰქონდა შეთავსებული. მაგის მერე “სელესაომ” ღირსეულად ვერცერთ დიდ ფორუმზე ვერ ითამაშა და კაკას კარიერასაც სანაკრებო თვალსაზრისით მცირე ჩრდილი მიადგა. ისიც უცნაურია, რომ შარშან იგი სამშობლოში ჩატარებული მუნდიალის განაცხადს მიღმა დარჩა. ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, იმ ადამიანმა, რომელმაც 12 წლით ადრე იგივე მოთამაშე მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, აქაოდა, მისი ადგილი არააო... როგორც დამთავრდა ამბავი ესე ბრაზილიელთა და პატივცემული სკოლარისა აღნიშნულ ტურნირზე ყველას კარგად ემახსოვრება... თუმცა, ახალი მთავარი მწვრთნელი დუნგა მას ნაკრებში ისევ ეძახის და ვინ იცის, იქნებ წარსულ დროზე საუბარი ნაადრევიც იყოს...
ფაქტია, რომ რიკარდო კაკამ ფეხბურთი სხვებს შეაყვარა და XXI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად სამუდამოდ დარჩება...