ფეხბურთი

14:18 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე: “წნეხის გარეშე ვითამაშებთ”

დღეს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2016 წლის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში გერმანიას ესტუმრება. “ჯვაროსნების” თავკაცმა მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და თამაშზე ისაუბრა. ცხადაძის თქმით, შანსი ყველა გუნდთან არსებობს, რაც გერმანელების წინააღმდეგ ირლანდიელებმა ყველას დაანახეს. გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ იგი დღევანდელი მატჩს და მარტში, თბილისში წაგებულ შეხვედრებს ერთმანეთს შეადარებს, რადგან აინტერესებს რა მდგომარეობაშია ამჟამად მისი გუნდი.

“გერმანიამ ბოლო მატჩი წააგო და აქედან გამომდინარე მძიმე თამაში გველის, თუმცა ჩვენ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, შედარება გავაკეთოთ მარტში წაგებულ მატჩთან, მაინტერესებს იმასთან შედარებით ახლა რა მდგომარეობაში ვართ. რა თქმა უნდა, შანსი ყველა გუნდს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრაში გერმანიას დიდი უპირატესობა ჰქონდა, ირლანდიამ მათი დამარცხება მაინც შეძლო. ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, - თქვა ცხადაძემ.

ნაკრების მესაჭესთან ერთად ჟურნალისტებს ჩვენი გუნდის მცველი გურამ კაშიაც გაესაუბრა:

“გერმანიის ნაკრები ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშზე ვფიქრობთ. ამ თამაშში ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდი გამოცდილების მიღება შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც ნაკრებში ცხადაძე მოვიდა ახალ სისტემაზე ვმუშაობთ და გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ კიდეც”, - აღნიშნა კაშიამ.

გერმანიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას ლაიფციგის “რედ ბულ არენა” უმასპინძლებს.

0.115326