ჭადრაკი

23:59 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მონაკოში ორხელისუფლებიანობაა

მონაკოში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა გრაპნ-პრის ტურნირზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა.

მეხუთე შეხვედრა წააგო ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ, რომელიც შავებით ქალთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს ჰოუ იფანს (ჩინეთი) ეთამაშებოდა. ჯერჯერობით ძაგნიძეს მონაკოში ერთი შეხვედრაც არ მოუგია, მხოლოდ ორი ყაიმი გააკეთა და ერთი ქულით ბოლო მეთორმეტე ადგილზე იმყოფება.

დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრები სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მარია მუზიჩუკის (უკრაინა), ჰოუ იფანისა და ქალთა საერთაშორისო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ჰამპი კონერუს (ინდოეთი) მონაწილეობით. როგორც უკვე ავღნიშნეთ, იფანმა ძაგნიძეს მოუგო, კონერუმ ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) დაამარცხა, ხოლო მუზიჩუკი, რომელიც თეთრებით ტურნირის ყველაზე გამოცდილ მოჭადრაკეს პია კრამლინგს ( შვედეთი) ეთამაშებოდა, ყაიმს დასჯერდა. ამრიგად, ჰოუ იფანმა და კონერუმ ლიდერობა შეინარჩუნეს, ხოლო მარია მუზიჩუკი მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მერვე ტურში, როგორც ყოველთვის, გამორჩეულ ინტერესს იწვევს პარტიები ლიდერთა მონაწილეობით. კონერუს მეტოქე მარია მუზიჩუკი იქნება, ხოლო ჰოუ იფანი ერთ-ერთ აუტსაიდერს სარასადატ ხადემალშარიეს (ირანი) ეთამაშება. რაც შეეხება ნანა ძაგნიძეს, ამჯერად მისი მეტოქე ალმირა სკრიპჩენკო ( საფრანგეთი) იქნება.

მეშვიდე ტურის შედეგები:

კოსტენიუკი-ა. მუზიჩუკი 0,5-0,5

კრამლინგი- მ. მუზიჩუკი 0,5-0,5

კონერუ-ჟუკოვა 1-0

პოგონინა –ხადემალშარიე 1-0

ჰოუ იფანი-ძაგნიძე 1-0

სკრიპჩენკო –სტეფანოვა 0,5-0,5

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

1-2. კონერუ, ჰოუ იფანი 5,5-5,5 ქულა

3. მ. მუზიჩუკი - 5

4-6. კრამლინგი, პოგონინა, კოსტენიუკი 4-4

7. სტეფანოვა -3,5

8.ჟუკოვა-3

9-10. სკრიპჩენკო, ა.მუზიჩუკი 2,5-2,5

11. ხადემალშარიე 1,5

12.ძაგნიძე 1

მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ა.მუზიჩუკი-სტეფანოვა

ძაგნიძე-სკრიპჩენკო

ხადემალშარიე-ჰოუ იფანი

ჟუკოვა-პოგონინა

მ.მუზიჩუკი-კონერუ

კოსტენიუკი-კრამლინგი

0.1219