სამოას ნაკრებმა მაგრად მოინდომა და შოტლანდიას უამრავი პრობლემა შეუქმნა, მეტოქეს სამ ლელოს ოთხით უპასუხა, მაგრამ დისციპლინამ ის და იაპონია დააღალატა და 33:36 მარცხით თავად მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა, ხოლო შოტლანდიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიბევა და ხვალ იაპონიისა და აშშ-ს ჯახმა აზრი დაკარგა.
კუნძულელებმა განსაკუთრებით ძლიერად პირველი ტაიმი ჩაატარეს და ამ პერიოდში გარდასახვები ზუსტად რომ შეესრულებინათ, ეგებ ახლა შოტლანდია აშშ-ს იმედად ყოფილიყო. ანგარიში ტუსი პისიმ ჯარიმით გახსნა და მას ჯარიმითვე გრეიგ ლეიდლოუმ უპასუხა, მაგრამ თამაში რომ განახლდა სამოელებმა ხელდახელ კარგად შეუტიეს და პისიმ თავისსავე ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. თამაში რომ განახლდა სამოელებმა გაუმართლებლად რისკიანად ითამაშეს, ლელოდან 5 მეტრში გრძელი გადაცემის შედეგად განიზრახეს კონტრშეტევის წამოწყება, შედეგად, თომი სიმორიმ პასი ჩაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო ლეიდლოუმ გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა.
მე-14 წუთზე მაყურებელმა მესამე ლელო იხილა, ამჯერად სქოთებმა მეტოქე საკუთარ 22-ში ჯარიმით შეაჩერეს, რომელიც სამოელებმა სწრაფად გაითამაშეს და ორი გადაცემის შემდეგ მაჰატულიმანუ ლეიატაუა ჩათვლის მოედანში შეცურდა. პისის არცთუ რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუფუჭდა. შოტლანდია მიხვდა ხელდახელ თამაშით ბევრი არაფერი რომ გამოსდიოდა და ლეიდლოუმ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მყისვე პასუხად ლელო მიიღო - მარცხენა ფლანგზე რეი ლილო გაიქცა, რაქი რომ წარმოიქმნა შეტევა კვლავ მარცხენა ფრთაზე შეტრიალდა, სადაც ისევ ლილო გაიქცა და ანგარიში 20:13 გახადა, მაგრამ პისიმ ვერც ამჯერად გარდასახა.
მომდევნო 8 წუთში ლეიდლოუმ და პისიმ ჯარიმები გაცვალეს, თანაც შოტლანდია მოედანზე კაცნაკლული დარჩა, რადგან ვიდეორეფერიმ მსაჯს დაახლოებით 1,5 წუთის წინანდელი, იმ მომენტისთვის თამაშის მსვლელობიდან 70 მეტრის დაშორებით მომხდარი ამბის გარჩევა შესთავაზა და აღმოჩნდა, რომ რაიან ვილსონმა წაქცეული მეტოქე დაწიხლა. კაცნაკლულმა შოტლანდიამ იქით გაიტანა ლელო. რადგან მოლში უპირატესობა ჰქონდათ, ბრიტანელებმა ჯარიმა აუტში გადაიტანეს, 5-მეტრა დერეფნიდან აგორებულ მოლში უკანახაზელებიც ჩაებნენ და ჯოშ ჰარდი ლელოში გაწვა, ხოლო ლეიდლოუმ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
ამას სამოამ ლელოთი უპასუხა, როდესაც დაახლოებით 45 მეტრი ხელდახელ შეტევით გაიარა და თითქოს პრემიაც მიითვალა, მაგრამ განსხვავებით შოტლანდიელთა ლელოსგან, როდესაც შესაძლოა ჰარდს სამოელი ჩაუწვა, საქმეში ტელერეფი ჩაერია და უმნიშვნელო დანაშაულისთვის ლელო გააუქმა. სანაცვლოდ, კუნძულელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და 7-ის ნაცვლად 3 ქულა აიღეს - 26:23.
მეორე ტაიმის დასაწყისში შოტლანდიამ ორჯერ არ დაარტყა ჯარიმა კარში და მოლით ლელოს გატანა სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა და 51-ე წუთზე ლეიდლოუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ორიოდე წუთში მორიგი ჯარიმით ამ მატჩში შოტლანდია პირველად დააწინაურა. ახლა რეფერი სამოიელებს ხშირად აჯარიმებდა, რაც მთლად ობიექტურ ქმედებას არ გავდა, მაგრამ ლეიდლოუს შემდეგი ორი დარტყმისას მიზანმა უმტყუნა.
ამიტომ, 73-ე წუთზე, მათ უკვე ლელოზე ითამაშეს და ვილემ ნელი ძელებსშუა შევიდა, მაგრამ მას ქაენ ფოტუალიჰი ჩაუჯდა და ბურთი არ დაამიწებინა. სქოთები თავსაზე დადგნენ, ჯარიმის უპირატესობა შერკინებაში გაცვალეს, ლეიდლოუმ მცირედი სივრცით ისარგებლა და ლელო თავადვე რომ გარდასახა ანგარიში 36:26 გახადა. მაგრამ სამოა არც ამჯერად დანებდა, დასკვნითი 4 წუთი შეტევებში გაატარა, შოტლანდია 5 მეტრში ორჯერ დაჯარიმდა, სამოამ ორივეჯერ სწრაფად გაითამაშა და მოტუ მატუჰუმ მცველები გატეხა, ხოლო პათრიქ ფაჰაპალემ გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. ამით სამოამ 2 პრემიალური ქულა მიიღო (ერთი 4 ლელოს გატანისთვის და ერთი 7 და ნაკლები სხვაობით მარცხისთვის), მაგრამ თამაშის მოგება ვეღარ შეძლო, შოტლანდიამ ბოლო წუთი გაიყვანა, მერე ბურთი კიდეზე მოიგერია და იაპონიის მიერ სამხრეთ აფრიკის ძლევამ, საბოლოო სატურნირო თვალსაზრისით აზრი დაკარგა.
2015 წლის მსოფლიო თასი
ბ ჯგუფი
10 ოქტომბერი
შოტლანდია - სამოა 36:33 (23:26)
შოტლანდია: 15. სთიუართ ჰოგი, 14. შონ მეითლენდი, 13. მარქ ბენეთი, 12. მეთ სქოთი, 11. თომი სიმორი, 10. ფინ რასელი, 9. გრეიგ ლეიდლოუ (კაპ.); 1. ალესდერ დიქინსონი, 2. როს ფორდი, 3. ვილემ ნელი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რაიან ვილსონი, 7. ჯოშ ჰარდი, 8. დეივ დენთონი.
სათადარიგოები: 16. ფრეიზერ ბრაუნი, 17. გორდონ რიდი, 18. ჯონ ველში, 19. თიმ სვინსონი, 20. ჯოშ სტრაუსი; 21. ჰენრი პირგოსი, 22. პითერ ჰორნი, 23. შონ ლამონთი.
3 ლელო: სიმორი, ჰარდი, ლეიდლოუ
3 გარდასახვა: ლეიდლოუ
5 ჯარიმა: ლეიდლოუ
1 სინბინი: ვილსონი
სამოა: 15. თიმ ნანაი-ვილიამსი, 14. პოლ პერესი, 13. ჯორჯ პისი, 12. რეი ლილო, 11. ფაჰატონია აუტანგავაია, 10. ტუსიატა პისი, 9. ქაენ ფოტუალიჰი (კაპ.); 1. საკარია ტაულაფო, 2. მაჰატულიმანუ ლეიატაუა, 3. სენსას ჯონსთონი, 4. ტეოფილო პაულო, 5. ქეინ თომპსონი, 6. მორი ფაჰასავალუ, 7. ჯექ ლემი, 8. ალაფოტი ფაჰოსილივა.
სათადარიგოები: 16. მოტუ მატუჰუ, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენთონი პერენისე, 19. ფაიფილი ლევავე, 20. ვავაე ტუილანგი; 21. ვავაო აფემაი, 22. პათრიქ ფაჰაპალე, 23. ქენ პისი.
4 ლელო: ტ. პისი, ლეიატაუა, ლილო, მატუჰუ
2 გარდასახვა: ტ პისი, ფაჰაპალე
3 ჯარიმა: ტ. პისი
გუნდი | თ | მ | ფ | წ | +/- | ქ | ბ |
სამხრეთ აფრიკა | 4 | 3 | 0 | 1 | 176:56 | 16 | 2 |
შოტლანდია | 4 | 3 | 0 | 1 | 136:93 | 14 | 2 |
იაპონია | 3 | 2 | 0 | 1 | 70:82 | 8 | 0 |
სამოა | 4 | 1 | 0 | 3 | 69:124 | 6 | 2 |
აშშ | 3 | 0 | 0 | 3 | 32:128 | 0 | 0 |
11 ოქტომბერი
აშშ - იაპონია