ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან მატჩით დაასრულებს. ლაფციგის “რედ ბულ არენაზე” მასპინძლები საფრანგეთის საგზურის ოფიციალურად გაფორმებას ეცდებიან, ქართველი ფეხბურთელები კი სენსაციის გამოცხობას.
ეს ჩვენი გუნდისთვის ალემანების მიწაზე მესამე სტუმრობა იქნება. 1995 წლის 6 სექტემბერს, ნიურნბერგში დამხვდურებმა 4:1 მოგვიგეს, ხოლო 2006 წლის 7 ოქტომბერს, როსტოკში 0:2 წავაგეთ, როცა ამხანაგური თამაში გაიმართა.
წინა ტურში საქართველომ გიბრალტარს ადვილად, 4:0 აჯობა და 2006 წლის მერე ყველაზე დიდი ანაგრიშით მოიგო, ხოლო იოაჰიმ ლიოვის გუნდმა დაუგეგმავად დუბლინში წააგო და ახლა, დასკვნით მატჩში 3 ქულა უსათუოდ სჭირდება. თუმცა, როგორც ცხადაძემ თქვა, გერმანიისთვის მნიშვნელობა არ აქვს სატურნირო სიტუაციას, იგი ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობს.
“ჯვაროსნების” თავკაცმა ისიც დასძინა, რომ გიბრალტართან მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება და უპირველესად სასტარტოში უნდა ველოდეთ გიორგი ნავალოვსკის, სოლომონ კვირკველიას და უჩა ლობჟანიძეს. და მაინც, ამ უკანასკნელის ადგილი შესაძლოა დინამოელმა ოთარ კაკაბაძემ დაიკავოს, ვისაც სანაკრებო დებიუტი უკვე ჰქონდა და თანაც საკმაოდ კარგი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკრების მესაჭეს დავესესხები და, გიბრალტართან და გერმანიასთან თამაშები სრულიად განსხვავებული ხასიათის რომ იქნება, ორი აზრი არაა.
რაც შეეხება შემადგენლობას უფრო კონკრეტულად: შეუწყვილდება თუ არა ჯაბა კანკავას მოედნის ცენტრში ისევ ნიკა კვეკვესკირი უცნობია. ბაქოს “ინტერის” შუახაზელმა გიბრალტართან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ცხადაძემ თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ძლიერ მეტოქეებთან შესაძლოა, ჯერ მას ვერ დაეყრდნოს. შოტლანდიასთან ამ პოზიციას ჯანო ანანიძე ამაგრებდა და გადასარევადაც, მაგრამ “სპარტაკის” ფეხბურთელი იმ თამაშის შემდეგ ლაზარეთშია. ირლანდიასთან კი გურამ კაშიამ ითამაშა. სწორედ “ვიტესის” კაპიტანს უნდა ველოდეთ ყველაზე მეტად კანკავას მხარდამხარ, ხოლო მის ადგილს დაცვაში დიდი ალბათობით გამოცდილი ზურაბ ხიზანიშვილი დაიკავებს, რომელსაც გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკა არ აკლია, თუმცა “ხიზანამ” კელტებთან მშვენიერი თამაში ჩაატარა... გამოკვეთილი ფორვარდის პოზიცია უალტერნატივოა – მჭედლიძის არყოფნაში მათე ვაწაძე ითამაშებს თანაც, “ორჰუსის” ფორვარდმა ბოლო მატჩში დუბლი შეასრულა, რაც საქართველოს ნაკრებში 2007 წლის მერე არავის გაეკეთებინა (ბოლოს ორი გოლი ფარერებს ალექსანდრე იაშვილმა გაუტანა). მის უკან კი თორნიკე ოქრიაშვილსა და ვალერი ყაზაიშვილს უნდა ველოდოთ, ხოლო სანდრო კობახიძე ალბათ, თადარიგში დარჩება, ორი მიზეზის გამო: პირველი ის, რომ ცხადაძე ამ მატჩში ალბათ ისევ 5 მცველიანი ტაქტიკით დაიწყებს თამაშს და მეორე რომ “ვოლინის” შემტევმა ტრავმა ცოტა ხნის მოიშუშა და მთლად სასურველ კონდიციებში არ უნდა იყოს. მაგრამ სანდროს საყრდენის პოზიციაზეც არაერთხელ უთამაშია და ვნახოთ. კარში კი ამ ეტაპზე ნუკრი რევიშვილის პოზიცია ურყევია, რადგან გიორგი ლორია ისევ უთამაშებელია. მართალია, ბოლო სამი მატჩჩის სკამზე გატარება რევიშვილსაც მოუწია, მაგრამ ამ მხრივ ლორიას საქმე უფრო მძიმეა...
ქართველთა შორის ტრავმირებული ფეხბურთელები არ არიან. ეს იმათგან, ვინც ცხადაძემ გამოიძახა, ისე კი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე და ბუბა დაუშვილი რომ გვაკლია უკვე კარგა ხანია ვიცით. სამაგიეროდ, ლიოვმა ბასტიან შვაინშტაიგერი და მარიო გიოტცე მოისაკლისა. სხვათა შორის, ზემოხსენებულ ამხანაგურ შეხვედრაში ბასტიანს ჩვენს კარში გოლიც გაუტანია.
ლიოვის თქმით კი, ირლანდიასთან წაგების მიუხედავად, შემადგენლობას რადიკალურად არ შეცვლის და მისი გუნდისგან შეტევაში უკეთ თამაშს ელოდება.
მარტში “დინამო არენაზე” “ბენდესნაკრებმა” საქმე პირველი ტაიმის მიწურულს მოგვიგვარა, როცა მარკო როისმა და ტომას მიულერმა დაგვამწუხრეს და შინ სამი ქულა ადვილად წაიღეს.
რა უნდა მივიღოთ ამ თამაშიდან? – სატურნირო თვალსაზრისით, უკვე კარგა ხანია ჩვენთვის ყველაფერი დასრულებულია და ახლა მთავარი აქცენტი მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის მომზადებას ექცევა. ამას ცხადაძეც დაუფარავად აცხადებს და აბა ვისთან მოემზადები იმაზე უკეთ, თუ არა მსოფლიოს ჩემპიონთან?... – წესით, ამ თამაშიდან ნაკრებმა საკმაო გამოცდილება უნდა მიიღოს.
შეხვედრას ჩეხი არბიტრი პაველ კრალოვეცი განსჯის და იგი 11 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.
ფაქტები:
გერმანია და საქართველო ოფიციალურ მატჩებში აქამდე სამჯერ შეხვედრილან. ალემანებმა სამჯერვე იმარჯვეს, ხოლო ამ გუნდთა შორის პირველი გოლი 1995 წელს თემურ ქეცბაიამ გაიტანა, ეს ქართველთა ერთადერთი გოლია გერმანიის კარში.
2006 წელს კი ამხანაგური მატჩი მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონებმა 2:0 მოიგეს. კლაუს ტოპმიოლერის გუნდის კარი მაშინ ბასტიან შვაინშტაიგერმა და მიხაელ ბალაკმა აიღეს. საერთოდ, 2:0 ამ გუნდთა შორის ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ოთხიდან სამ შემთხვევაში სწორედ ასე დასრულდა მათი დაპირისპირება.
გერმანიის ნაკრებს ოფიციალური მატჩი საკუთარ მოედანზე 2007 წლის ოქტომბრის მერე აღარ წაუგია, როცა ჩეხეთმა 3:0 სძლია. წაუგებელმა სერიამ 21 მატჩი შეადგინა (17 მოგება, 4 ფრე).
საქართველომ კი სტუმრად ჩატარებული ბოლო 23 თამაშიდან ერთადერთი მოიგო, გიბრალტართან (3:0). 4 ფრედ ითამაშა, ხოლო 18 წააგო.
ჩვენი ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე ფრანკუფრტის “აინტრახტში” 1992-1996 წლებში ირჯებოდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; ჰექტორი, ბოატენგი, ჰუმელსი, გინტერი; გუნდოგანი, კროოსი; ბელარაბი, იოზილი, როისი; მიულერი
მწვრთნელი: იაოჰიმ ლიოვი
საქართველო (3-4-2-1): რევიშვილი; კაშია, ამისულაშვილი, კვირკველია; ლობჟანიძე, კანკავა, კვეკვესკირი, ნავალოვსკი; ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი; ვაწაძე
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)