ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ლუქსემბურგთან შეხვედრაში შესრულებული საგოლე გადაცემით ესპანეთის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გახდა.
9 სექტემბერს, ლოგრონოში, Estadio Nuevo-ზე გამართული ევროშესარჩევი მატჩი ესპანელებმა 4:0 მოიგეს (VIDEO) და კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად მოიპოვეს. ფაბრეგასმა კი 67-ე წუთზე, მეორე გოლის ეპიზოდში, პაკო ალკასერის მისამართით შეასრულა გადაცემა, რომელიც ეროვნული გუნდის მაისურით მისთვის 28-ე საგოლე პასი გამოდგა.
აქამდე ამ მაჩვენებლით რეკორდი ხავის ეკუთვნოდა, რომლის გადაცემებს 27-ჯერ მოჰყოლია გოლი.
ფაბრეგასი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2006 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში “ფურია როხას” რიგებში 99 მატჩი, 14 გოლი და უკვე 28 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.