როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრებმა ტონგა იოლად დაამარცხა, საქართველოს ნაკრები გ ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩა და 12 საუკეთესო გუნდის სტატუსით, იაპონიაში 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური 4 წლით ადრე უკვე ოფიციალურად დაიბევა.
“ოლ ბლექსმა” “ბორჯღალოსნების” მსგავსად ტონგელებსაც 7 ლელო გაუტანა და 47:9 იმარჯვა, თუმცა, პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. ტონგამ საწყისი 12 წუთი გაძლო და ორჯერ კონტრშეტევაზე თავად ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ ვერ იხეირა. მერე დაკარგეს დერეფანში ბურთი და ზელანდიელებმა აჩვენეს როგორ უნდა კონტრშეტევაზე თამაში - ოთხმა ზელანდიელმა მოკლე მანძილზე უსწრაფესად გაითამაშა ბურთი და ლელოში ბენ სმითი შევიდა, ხოლო დენ ქართერმა გარდასახვა გამოიყენა. ტონგა არ გატყდა, 24-ე წუთზე თავად მოუწყო შტურმი სახელოვან მეტოქეს და ლელომდე 7-8 მეტრში “ოლ ბლექსი” მე-15 ფაზის შემდეგ დაჯარიმდა. კურტ მორათმა ჯარიმა 3 ქულად აქცია. განახლდა თუ არა თამაში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ფლანგზე მეტობა შექმნა, სივრცეც საკმარისი იყო, მაგრამ ვაისაკე ნაჰოლომ მარტივ სიტუაციაში ბურთი ვერ შეიმაგრა და ტონგა გადარჩა.
მიუხედავად ამისა, ზელანდიელები უკვე გახურებულები იყვნენ, შემდეგ იერიშში მეტოქეს თავბრუ დაახვიეს და 31-ე წუთზე სიჩქარე აკრეფილი თონი ვუდქოქი ლელოში შევიდა. ქართერმა გარდასახა და 14:3. 37-ე წუთზე ტონგამ დასარტყმელი ჯარიმა უკვე აუტში გადაიტანა, მოლიც კარგად დაძრა, ქიარან რიდი დაჯარიმდა და სინბინში წავიდა, ხოლო ტონგამ ამჯერად შერკინება ირჩია. პირველ ორ ჯერზე “ოლ ბლექსი” დაჯარიმდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათი შერკინება დადგა, ტონგელთა ხაზზე დარტყმებმა შედეგი ვერ მოიტანა, ლელო ტელერეფმაც ვერ დაადასტურა და ტაიმი მხოლოდ 14:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწისში ტონგამ კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყო, რომელიც მცველებმა ლელოდან 5 მეტრში ჯარიმით შეაჩერეს და მორათიმ ჩამორჩენა შეამცირა. “ოლ ბლექსმა” მყისვე ლელოთი უპასუხა, კარის წინ რამდენიმე დარტყმის შემდეგ, შეტევის მიმართულება ორჯერ შეიცვალა და ქართერის გრძელი პასის შემდეგ ნეჰე მილნერ-სქადერმა ერთი-ერთზე მცველი გააბითურა. ქართერის გარდასახვას მორათმა 57-ე წუთზე ჯარიმით უპასუხა, მაგრამ თამაში რომ განახლდა ისევ ლელო გაუშვა - ლელოში მოზომილად, ფეხით შეცურებულ ბურთს მილნერ-სქადერი დაახტა და თავად დუბლი შეასრულა, ხოლო გუნდს პრემიალური ქულა მოუტანა.
ამის შემდეგ “ოლ ბლექსმა” კიდევ სამი ლელო გაიტანა. 65-ე წუთზე არონ სმითმა კარის წინ სონი-ბილ ვილიამსს შებრუნებული გადაცემა გაუკეთა და ის ისე შევიდა ძელებსშუა, ხელიც ვერავინ წაატანა. 69-ე წუთზე ქართერზე სახიფათო ბოჭვისთვის ტონგას პაულა ნგაუამო გაუგდეს და 70-ე წუთზე მორიგილელო გავიდა - მოლს სემ ქეინი მოწყდა და ერთი შეხედვით საეჭვო სიტუაციაში რეფერიმ ლელო დასტვინა. აქამდე 100-პროცენტიანმა ქართერმა ზედიზედ მე-6 გარდასახვა გაიტანა. 76-ე წუთზე ზელანდიელებმა მეტოქე კიდევ ერთხელ დაიჭირეს კონტრშეტევაზე და ფლანგზე მაა ნონუ გაიქცა, რომელმაც ნაკრებში მე-100 საიუბილეო მატჩი ლელოთი აღნიშნა. ამჯერად ქართერის დარტყმა არაზუსტი იყო და თამაში 47:9 დასრულდა.
2015 წლის მსოფლიო თასი
გ ჯგუფი
9 ოქტომბერი
ახალი ზელანდია - ტონგა 47:9 (14:3)
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ვაისაკე ნაჰოლო, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი; 1. თონი ვუდქოქი, 2. დეინ ქოულზი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუქ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. სემ ქეინი, 8. ქიარან რიდი (კაპ.).
სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. ვაიეთ ქროქეთი, 18. ბენ ფრენქსი, 19. ბროდი რეთალიქი, 20. ლიამ მესამი; 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეთი, 23. სონი-ბილ ვილიამსი.
7 ლელო: ბ. სმითი, ვუდქოქი, მილნერ-სქადერი (2), ვილიამსი, ქეინი, ნონუ
6 გარდასახვა: ქართერი
1 სინბინი: რიდი
ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. სიალე პიატაუ, 12. ლატიუმე ფოსიტა, 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორათი, 9. სონატანე ტაკულუა; 1. სოანე ტონგაჰუიჰა, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი ჰაულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. ჯო ტუინეაუ, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ (კაპ.), 8. ვილიამი მაჰაფუ.
სათადარიგოები: 16. პაულა ნგაუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. სიტივენი მაფი, 20. ჯექ რემი; 21. სამისონი ფისილაუ, 22. ვილიამი ტაჰიტუჰა, 23. ვილიამ ჰელუ.
3 ჯარიმა: მორათი
1 სინბინი: ნგაუამო
1. | ახალი ზელანდია | 4 | 4 | 0 | 0 | 174:49 | 19 | 3 |
2. | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 115:51 | 10 | 2 |
3. | საქართველო | 4 | 2 | 0 | 2 | 53:123 | 8 | 0 |
4. | ტონგა | 4 | 1 | 0 | 3 | 70:130 | 6 | 2 |
5. | ნამიბია | 3 | 0 | 0 | 3 | 51:110 | 1 | 1 |
11 ოქტომბერი
არგენტინა - ნამიბია