ფეხბურთი

2:24 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "გერმანიასთან ბოლომდე ვიბრძოლებთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია გიბრალტართან მოგებული მატჩის (4:0) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

- შეაფასეთ დღევანდელი შეხვედრა

- ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან ბევრი დრო გვქონდა, რაც კარგად გამოვიყენეთ. ბურთი ძალზე დიდხანს გვეჭირა და მწვრთნელმა ალბათ ბევრი დადებითი და უარყოფითი ასპექტი დაინახა. ყველაფერი შეჯამდება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ვარჯიში გამოგვივიდა.

- რას იტყვით შემდეგ მატჩზე?

- ურთულესი მატჩი იქნება, რომლიდანაც ახალგაზრდა ფეხბურთელებმა და იგივე მეც ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ. ეს ისეთი თამაშია, რომლიდანაც გამოცდილებას იღებ და ცხრილს რაც შეეხება, ამ მხრივ მომდევნო შეხვედრა არაფერს გვაძლევს, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

- მოკლედ შეაფასეთ მიმდინარე შესარჩევი, რა იყო დადებითი და რა უარყოფითი?

- დადებითად შემიძლია შევაფასო მხოლოდ ბოლო სამი თამაში, შეიძლება ოთხი, რადგან მართალია პოლონეთთან დიდი ანგარიში დავმარცხდით, მაგრამ 80 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ. შემდეგ იყო შოტლანდიასთან შესანიშნავი თამაში და ირლანდიასთანაც ასევე კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ ბოლოს ძალა აღარ გვეყო. დღევანდელ მატჩშიც მხოლოდ პოზიტივი დავინახე, ვფლობდით ბურთს, გვქონდა უამრავი მომენტი და მოვიგეთ დიდი ანგარიშით. შემდეგი თამაში კი გერმანიასთან გვაქვს, სადაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ბევრი ვისწავლოთ ამ მატჩისგან.

- გურამ, შენი წარმატებული თამაში “ვიტესში” ყველას ძალიან გვახარებს. რა იქნება ჰოლანდიური კლუბის საამსეზონო მიზანი?

- კლუბის მიზანი ტოპ ხუთეულში შესვლა და ევროსაგზურის მოპოვებაა. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვძლია.

- თუ საიდუმლო არაა, “ვიტესიდან” წასვლას და ძალების სხვა ჩემპიონატში მოსინჯვას ხომ არ აპირებთ?

ამ ეტაპზე “ვიტესიდან” წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. არნემში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძობ, საჭირო ფეხბურთელი ვარ, კლუბის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და გულშემატკივრებსაც ვუყვარვარ.

ამასთან, მხოლოდ ისეთ კლუბში წავალ, რომელიც ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე თამაშობს. ასეთი წინადადება კი არ მაქვს. სამწუხაროდ, ასეთი კლუბები ქართველი მოთამაშეებით იშვიათად ინტერესდებიან.

0.140024