ფეხბურთი

23:25 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “ენერგიის ზედმეტი დახარჯვა არ გვჭირდებოდა”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტარს დიდი ანგარიშით 4:0 მოუგო და ევროპის 2016 წლის შესარჩევ ციკლში 9 ქულა დააგროვა. მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრეს.

როგორც კახა ცხადაძემ აღნიშნა, დღეს რამდენიმე ფეხბურთელი შეგნებულად დაასვენა, რადგან ნაკრებს სამი დღის შემდეგ გერმანიასთან სრულიად განსხვავებული თამაში ელის.

კახა ცხადაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, კმაყოფილი ვარ და ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ.

- ნაკრების დებიუტანტების თამაშს როგორ შეაფასებდით?

- როგორც უკვე ვთქვი, ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ. ნაკრებში პირველი თამაშის დროს, არათუ მოედანზე, არამედ სათადარიგო სკამიდანაც ინერვიულოს ფეხბურთელმა.

- პირველ ტაიმში გუნდმა საკმაოდ გამართულად ითამაშა, მაგრამ მეორე ნახევარში ისეთივე თამაში ვერ აჩვენა. ამაზე რას იტყოდით?

- პირველ ტაიმში იმდენი მომენტი შევქმენით, ყველა რომ გამოგვეყენებინა ასტრონომიული ანგარიშით მოვიგებდით. მეორე ტაიმში კი აქცენტი ბურთის კონტროლზე გავაკეთეთ, რადგან ენერგიის ზედმეტი დახარჯვა არაფერში გვჭირდებოდა, იმიტომ რომ სულ მალე აბსოლუტურად განსახვავებული ხასიათის თამაში გველოდება.

- რამდენად შეიცვლება შემადგენლობა გერმანიასთან მატჩში?

- ცვლილებები იქნება. როგორც წეღან აღვნიშნე მეტოქე სრულიად განსხვავებული გვეყოლება და დღეს რამდენიმე ფეხბურთელი შეგნებულად დავასვენე. გერმანიისთვის უმოტივაციო მატჩი არ არსებობს და მნიშვნელობა არ ექნება ჩვენთან თამაშისას მოპოვებული ექნებათ თუ არა ევროპის ჩემპიონატის საგზური. მათთან დაცვაში ყურადღებით თამაში გვმართებს.

- ნიკა კვეკვესკირმა საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ნელა მოქმედებდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება მასზე უფრო სერიოზულ მეტოქეებთან დაყრდნობა?

- ვერ გეტყვით, ამის პროგნოზირება რთულია. მან კარგი თამაში ჩაატარა და ნიჭი ნამდვილად აქვს. დაცვის ფუნქციების შესრულებაც კარგად შეუძლია და თავისი ნიჭის ხარჯზე უკეთესად თამაში ხელეწიფება. მართალია, დღეს რამდენჯერმე გავბრაზდი, რადგან ნელა თამაშობდა, ეს კი ისეთი პოზიციაა, სადაც სწრაფი თამაშია საჭირო.

ჯეფ ვუდი (გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენთვის რთული თამაში იყო. საქართველო კი მაღალი კლასის გუნდია. მათ კლასით ნამდვილად გვაჯობეს, მაგრამ მცირეოდენი პრობლემები ჩვენც შევუქმენით”.

0.11705