ფეხბურთი

21:52 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაგეგმილი 3 ქულა და უკმაყოფილო გულშემატკივარი

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებისთვის გიბრალტარი იოლი ნადავლი გამოდგა. კახა ცხადაძემ წინა მატჩებთან შედარებით სათამაშო სქემა შეცვალა და სამი გამოკვეთილი მცველი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. გურამ კაშიას ალექსანდრე ამისულაშვილი შეუწყვილდა, ხოლო სოლომონ კვირკველია თადარიგში დარჩა, რაც ალბათ, გერმანიასთან შეხვედრით უნდა იყოს გამოწვეული. ნაკრებში დაბრუნებულმა გია გრიგალავამ თამაში პირველივე წუთიდან დაიწყო, ხოლო მარჯვენა მცველის პოზიცია ოთარ კაკაბაძემ გაამაგრა, ვისაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა. გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ლევან მჭედლიძე მათე ვაწაძემ ჩაანაცვლა, ხოლო ნახევარდაცვაში გამოსაყოფი ნიკა კვეკვესკირის ძირითადში მოხვედრაა. უნდა აღინიშნოს, რომ კაკაბაძის გარდა, დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური პირველად გორის “დილას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილს, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშში ჯაბა კანკავას ნაცვლად ჩაერთო.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი ქართველთა სრულ უპირატესობაში გაილია. განსაკუთრებით კი პირველი ტაიმი. მეორე ნახევარში მასპინძლები ნაკლებად აგრესიულად და სახიფათოდ მოქმედებდნენ, რაც დიდი ალბათობით იმ დროისთვის ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშით იყო გამოწვეული.

პირველმა 45 წუთმა მთლინად მასპინძელთა სათამაშო უპიტასობით განვლო, რაც გასაკვირი არ ყოფილა. ჩვენმა სტუმრებმა საწყის ნახევარში ნუკრი რევიშვილი ერთადერთხელ შეაწუხეს, ეს იყო და ეს. ისე კი, კახა ცხადაძის გუნდმა სამი გოლი გაუტანა და სულ მცირე, ერთი ამდენის გატანაც მართებდა.

დუბლით გამოირჩა მათე ვაწაძე, ვისაც ლევან მჭედლიძის არყოფნაში ადგილი სასტარტო შემადგენლობაში ერგო. დანიური “ორჰუსის” ფორვარდმა ჯერ ნიკა კვეკვესკირის დიდოსტატური გადაცემის მერე გაიტანა ადვილად, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე სანდრო კობახიძის ჩაწოდებულს თავი შეაგება. მანამდე გატანა ოქრიაშვილმაც მოასწრო, რომელმაც პენალტი გარდასახა. თერთმეტრიანი კი ნაკრების დებიუტანტ ოთარ კაკაბაძის ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა, როცა ბურთი გიბრალტარელ მცველს ხელში მოხვდა. უნდა აღინიშნოს, რომ “ჯვაროსნებმა” უსუსტესი მეტოქის კარს გასაღები 30-ე წუთამდე ვერ მოარგეს და მანამდე კი მხოლოდ სახიფათო მომენტებით დაკმაყოფილდნენ.

ვაწაძის ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მეორე ტაიმში ჯორდან პერესმა ერთ ეპიზოდში გატანა ორჯერ არ დაანება. ცოტა ხანში კი იგი ბაჩანა ცხადაძემ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის მიწურულს ტრიბუნაზე შეკრებილი ქომაგი “ჯვაროსნებს” ხშირად უსტვენდნენ, რაც ნაკრების არცთუ აქტიური თამაშის გამო ხდებოდა. თამაშს წერტილი 87-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა დაუსვა, რომელსაც გოლი ერთობ ლამაზი გამოუვიდა. “ვიტესის” შემტევმა ბურთი დიდხანს ატარა და საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა. გამოსარჩევია, რომ ყაზაიშვილმა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენა საშინაო მატჩებში მიჯრით მეორედ შეძლო. ბოლოსკენ სტუმრებმა რევიშვილიც გაავარჯიშეს, როცა ჩვენმა კიპერმა ჯეიკ გოსლინგს შორეული დარტყმა აუღო.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ორი საშინაო მატჩი ზედიზედ ბოლოს 2001 წელს მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში "ჯვაროსნებმა" 2001 წლის 1 და 5 სექტემბერს უნგრეთი (3:1) და ლიტვა (2:0) დაამარცხეს.

ამ მატჩის შემდგომ საქართველოს 9 ქულას მოუყარა თავი და შესარჩევ ციკლს სამი დღის შედგომ ლაიპციგში დაასრულებს, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას ეწვევა.

საქართველო – გიბრალტარი 4:0 (3:0)

თბილისი, “დინამო არენა”

მაყურებელი: 15 000

საქართველო (4-2-3-1): რევიშვილი; კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა; კვეკვესკირი, კანკავა (ფალავანდიშვილი 58); ოქრიაშვილი (ძალამიძე 58), ყაზაიშვილი, კობახიძე; ვაწაძე (ცხადაძე 73)

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გიბრალტარი (4-5-1): პერესი; გარსია, რ. კაშარო, რ. ჩიპოლინა, ი. ჩიპოლინა; გოსლინგი, უოლკერი, ლ. კაშარო (დუარტე 76) ბარდონი, კ. კაშარო (იომე 85); კაბრერა

მწვრთნელი: ჯეფ ვუდი

გოლები: 1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35, პენ), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)

გაფრთხილება: ოქრიაშვილი (31) - კაბრერა (15)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (10) – 3 (1) გაფრთხილება: 1:1

მსაჯი: სერგეი ბოიკო (უკრაინა)

0.117916