ჩოგბურთი

15:53 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

3 ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობენ ქართველი ჩოგბურთელები.

ვაჟთა 15-ათასიანი ტურნირზე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა ალექსანდრე მეტრეველმა. მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში რუს ტიმურ კიუამოვს 6:1, 6:0 სძლია, მეოთხედფინალში კი მე-6 რეიტინგის მქონე უზბეკ სანიარ ფაიზიევს მოუგო – 7:6 (7:3), 6:2.

მეტრეველი ფინალის საგზურს მე-4 რეიტინგით მოთამაშე ბულგარელ ალეკსანდარ ლაზოვს შეეცილება.

მე-2 ნახევარფინალში უზბეკი ჯურაბეკ კარიმოვი და რუსი ივან გახოვი (მე-3 განთესვა) ითამაშებენ, რომელმაც მერვედფინალში გიორგი ცივაძე 5:7, 6:2, 6:2 დაამარცხა.

წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და გახოვმა ბელარუსებს ფილინს და შილას 6:3, 7:5 მოუგეს, რომელთაც მანამდე ცივაძეს და ბელარუს იაციკთან 7:6 (8:6), 6:1 იმარჯვეს.

ფინალში ქართველი და რუსი ჩოგბურთელები პირველი რეიტინგის მქონე რუს კალოველონისს და ბულგარელ ლაზოვს გაეჯიბრებიან.

შიმკენტშივე ქალთა 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელია გასული. მე-2 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ მერვედფინალში რუსი ალინა ზოლოტარევა დაამარცხა (6:2, 6:1), მეოთხედფინალში კი – ყაზახი ჟიბეკ კულიმბაევა – 7:5, 7:5.

ნახევარფინალში სოფოს მეტოქე მე-4 ნომრად განთესული ყაზახი კამილა კერიმბაიევა იქნება.

ფინალის მე-2 საგზურისთვის მე-3 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძე და გერმანელი ჯულიეტ სტეური იბრძოლებენ.

გორგოძემ მერვედფინალში უზბეკ პოლინა მერენკოვას 6:4, 6:3 სძლია, მეოთხედფინალში კი რუსი ტამარა ბიჟუკოვა დაჯაბნა – 6:0, 4:6, 6:3.

წყვილთა ტურნირში პირველი რეიტინგის მქონე გორგოძემ და ქვაცაბაიამ 3 რაუნდი სეტისწაუგებლად გაიარეს და ფინალში ითამაშებენ. გადამწყვეტ მატჩში ქართველი ჩოგბურთელები მე-3 რეიტინგის მქონე უზბეკებს – ხაბიბულინას და მერენკოვას გაეჯიბრებიან.

0.112694