9-11 ოქტომბერს თბილისის ახალი სპორტის სასახლე (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) პირველად საქართველოში ფარიკაობის მსოფლიო თასს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 32 ქვეყნის 160 უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს.
თბილისის მსოფლიო თასზე მსოფლიოს რეიტინგში საუკეთესო პოზიციის მქონე სპორტსმენები გამოვლენ საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, კორეადან, ჩინეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა წამყვანი ქვეყნებიდან. საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე სულ 12 სპორტსმენით იასპარეზებს.
9 და 10 ოქტომბერს ინდივიდუალური ორთაბრძოლები გაიმართება, 11 ოქტომბერს კი გუნდური შეჯიბრი ჩატარდება, სადაც 24 ნაკრები ჩაერთვება. ტურნირი 10:00 საათიდან დაიწყება. თბილისის მსოფლიო თასი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სალიცენზიო ტურნირიცაა.
თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზატორია საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები სალიცენზიო ქულებთან ერთად, თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
2014 წელს თბილისმა მოფარიკავეთა შორის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2017 წელს კი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს დედაქალაქში დიდებს შორის ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასზე
სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ლუკა ობოლაძე, ნიკა შენგელია, ტატო ბარათაშვილი, ოთარ გიორგაძე, სერგი გოგლიძე, ვაჟა ღეჭია, დავით უკლება, გივი მერკვილაძე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური