ჭადრაკი

13:17 | 7.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის ყაიმი მე-4 ტურში

მონაკოში მიმდინარე საჭადრაკო გრან-პრის 4 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა უკრაინელმა მარია მუზიჩუკმა (2528) თანამემამულე ნატალია ჟუკოვას (2485) შავი ფიგურებით სძლია და თავი 3.5 ქულას მოუყარა.

სამწუხაროდ, ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2573). 1 ყაიმის და 2 მარცხის კვალად, ნანა თეთრებით ევროპის ორგზის ჩემპიონ პია კრამლინგს (შვედეთი, 2513) დაუპირისპირდა და ყაიმს დასჯერდა.

ძაგნიძეს საფრანგეთის სახელით მოთამაშე ალმირა სკრიპჩენკოს (2441) დარად, 1.0 ქულა გააჩნია, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, ქართველი მოჭადრაკე ბოლო მე-12 ადგილზე იმყოფება.

7 ოქტომბერი გრან-პრიზე დასვენების დღეა, 8-ში კი მე-5 ტურის პარტიები შედგება. ძაგნიძე შავებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი ინდოელი ჰამპი კონერუ (2578) იქნება.

0.123