“გრაველინ-დიუნკერკი”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე იცავს, საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებში იმყოფება.
გრაველინელებმა მე-2 ტურის მატჩი სტუმრად საკმაოდ ძლიერ “ნანსისთან” ჩაატარეს და 81:75 იმარჯვეს. თამაშის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ცინცაძის კლუბმა 29:16 მოიგო.
ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 14 წუთი დაჰყო და 3 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი და ამდენივე სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
გრაველინელთა რიგებში 17 ქულით მარკუს დავი გამოირჩა, მასპინძლებს კი 18 ქულით ენდი პანკომ ულიდერა.
ცინცაძის კლუბი მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს “შალონ-რეიმსთან” გამართავს.