ფეხბურთი

10:12 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი ბენზემას არ შეცვლის, ბენიტესმა კარიმის მესმისო...

ბოლო ხანებში ესპანური და ფრანგული სპორტული გამოცემები რაფა ბენიტესისა და კარიმ ბენზემას ურთიერთდამოკიდებულებაზე ხშირად ამახვილებენ ყურადღებას. მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში ბენზემას ცვლის, რაც ფრანგი ფორვარდის დაუფარავ გულისწყრომას იწვევს. კარიმმა ისიც კი თქვა, ამგვარი მდგომარეობა არ მომწონს და სიტუაცია უნდა შეიცვალოსო.

ბენიტესმა ბენზემა მიმდინარე სეზონის 8 მატჩის მსვლელობისას ექვსჯერ სათადარიგოთა სკამზე დასვა, არადა, კარიმის ანგარიშზე 6 გოლია, რაც მისი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლის შემდეგ საუკეთესო სტარტია.

ბენიტესი-ბენზემას ამბავს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამიც გამოეხმაურა. “მატჩის მიმდინარეობისას კარიმის შეცვლას არ ვაპირებ. იგი მეტად მოტივირებულია სამფეროვანთა რიგებში თამაშისას, მუდამ მოწინააღმდეგის კარის დასალაშქრადაა მომართული და გუნდური თამაშის მიმდევარიცაა. ბენზემა 90 წუთის განმავლობაში მინდორზე მჭირდება”, - ამბობს დეშამი Marca-სთან საუბრისას.

ცხადია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტები ხშირად კომენტარის გაკეთებას რაფა ბენიტესსაც სთხოვენ. ამჯერად “რეალის” დამრიგებლის სიტყვები COPE-ს მოჰყავს: “კარიმის სიტყვებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. იგი ფენომენალური ფეხბურთელია, ძალიან მიყვარს და გითხრათ სიმართლე, მის ადგილას მწვრთნელზე მეც გავბრაზდებოდი, რადგან საგოლე სერიის შესრულებისას სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება ნაკლებად სასიხარულოა. თუმცა, გუნდის ინტერესს ყველა უნდა ემორჩილებოდეს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113642