ფეხბურთი

1:28 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილისა და ლიპარტიას გოლები

ჰოლანდიის ერედივიზიონის მერვე ტურში გოლით გამოიჩინა თავი ვალერი ყაზაიშვილმა, რომელმაც “გრონინგემს” 65-ე წუთზე გაუტანა, ხოლო მისმა გუნდმა მეტოქე 5:0 განადგურა (VIDEO). გურამ კაშიამ ამჯერად მეტოქის აკრის აღება ვერ შეძლო, მაგრამ სამაგიეროდ, ასისტენტის როლში მოგვევლინა. 61-ე წუთზე არნემელთა კაპიტნის პასით კევინ დიქსმა გაიტანა. ყაზაიშვილმა და კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარეს, “ვიტესი” კი 8 ტურის შემდეგ 14 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ბელგიის იუპერლიგაში თორნიკე ოქრიაშვილისა და ლუკა ზარანდიას “გენკმა” ლიეჟის “სტანდარტს” 3:1 მოუგო. ზარანდია სამატჩო განაცხადში ამჯერადაც ვერ მოხვდა, ოქრიაშვილს კი 90 წუთის გატარება სათადარიგო სკამზე მოუწია. “გენკი” 10 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს.

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში "ემპოლიმ" შინ "სასუოლო" 1:0 დაამარცხა. ტოსკანელთა შორის არ უთამაშია ლევან მჭედლიძეს, რომელიც სარეაბილიტაციო კურსს გადის. მარკო ჯამპაოლოს შეგირდებს 7 ქულით მე-16 ადგილი უკავიათ.

დანიის სუპერლიგის მორიგ ტურში “ორჰუსი” “მიდტიულანდთან” 0:2 დამარცხდა. განაცხადშიც ვერ მოხვდა დავით სხირტლაძე, მათე ვაწაძე კი თამაშში 62-ე წუთიდან იოსიპ ელეზის ნაცვლად ჩაერთო. “ორჰუსი” 11 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-9-ეა.

ფინეთის ვაიკაუს ლიგაში ირაკლი სირბილაძემ 86 წუთი ითამაშა “იაროს” (2:0) წინააღმდეგ მატჩში. მის გუნდს კი 31 თამაშში 38 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

საბერძნეთის სუპერლიგაში გიორგი მერებაშვილის “ვერიამ” გასვლაზე “კალონი” 1:0 დაამარცხა. სტუმართა შორის 57-ე წუთიდან ითამაშა საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც მოედანზე დარსი ნეტოს ნაცვლად შევიდა. “ვერიამ” 3 ქულის მომტანი გოლი მატჩის ბოლო წუთზე პენალტით გაიტანა, ხოლო ეს გუნდი 6 ტურის მერე 8 ქულით მე-7 ადგილზეა.

თურქულ სუპერლიგაში შინ წააგო “რიზესპორმა”, რომელიც “ბურსასფორთან” 2:3 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 90 წუთი სათადარიგო სკამზე დარჩა ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე. “რიზე” 7 თამაშში დაგროვილი 10 ქულით მერვეა.

კვიპროსის ჩემპიონატის მეექვსე ტურში “ანორთოსისი” სახლში “აია ნაპას” დაუზავდა (2:2). ფამაგუსტელთა რიგებში 64-ე წუთამდე ითამაშა გიორგი აბურჯანიამ, ხოლო ირაკლი მაისურაძე მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. მასპინძლებმა 52-ე წუთისთვის წინ ორბურთიანი უპირატესობით გასვლა შეძლეს, თუმცა ჰანდიკაპის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს. “ანორთოსისი” 14 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ლარნაკას “აეკს” ორი ქულით ჩამორჩება.

შოთა გრიგალაშვილის “ეთნიკოსმა” “ერმისთან” ფრედ 2:2 ითამაშა, ქართველი ფეხბურთელი კი მოედანზე 74-ე წუთზე ედუარდო პინცელის ნაცვლად შევიდა. “ეთნიკოსი” 8 ქულით მეექვსეა.

უკრაინის პრემიერლიგაში “ვოლინმა” “ზორიასთან” 0:3 წააგო. მასპინძელთა რიგებში ტრავმის მერე ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა სანდრო კობახიძე, რომელმაც მინდორზე საწყისი 45 წუთი გაატარა. სტუმართა რიგებში კი 68 წუთი იყო მოედანზე ჯაბა ლიპარტია, ვინაც 61-ე წუთზე პენალტი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ვოლინს” 10 ტურის შემდეგ 19 ქულა გააჩნია და მე-4-ეა, ხოლო “ზორიას” 2 ქულით ნაკლები აქვს და ერთი საფეხურით ქვემოთ იმყოფება.

დავით თარგამაძის “ოლექსანდრია” დნეპროპეტროსვკში “დნიპროს” ეწვია და 0:2 წააგო. ქართველმა შემტევმა სტუმართა შორის ბოლო 15 წუთი ითამაშა. მის გუნდს კი 10 თამაშში დაგროვილი 9 ქულით მე-11 ადგილი უკავია.

მურთაზ დაუშვილის გარეშე გასვლაზე "გოვერლას" 2:0 მოუგო "კარპატმა". ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ლვოველთა შორის 18 კაციან განაცხადს მიღმა დარჩა. "კარპატი" 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში გროზნოს “ტერეკმა” სახლში ყაზანის “რუბინს” მოუგო (2:1). გამარჯვებულთა შორის ისევ სათადარიგო იყო ქართველი მცველი თედორე გრიგალაშვილი, ხოლო ყაზანელთა რიგებში ტრადიციულად 90 წუთი იასპარეზა სოლომონ კვირკველიამ. “ტერეკს” 16 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, “რუბინი” კი 7 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

0.12369