უეფა-ს ფუტსალის თასის ძირითად რაუნდში ძალები თბილისის “ქართველებმაც” სცადა, თუმცა, ელიტ-რაუნდში გასვლა ვერ მოახერხა.
ავთანდილ ასათიანის (ის მოთამაშე-მწვრთნელის როლში გახლდათ) შეგირდები პირველ ჯგუფში მოხვდნენ და თამაში კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში მოუწიათ, სადაც მასპინძელი აპოელ-ის გარდა, მეტოქეებად რუსული “უგრა” და ფრანგული “კრემლინი” ჰყავდა.
მიზნის მისაღწევად, ჯგუფის საუკეთესო ორ გუნდში გასვლა იყო საჭირო, თუმცა, ქართული კლუბი მხოლოდ მე-3 პოზიციას დასჯერდა.
“ქართველებმა” პირველ ტურში აპოელ-ი 5:1 გაანადგურეს. თავის გამოჩენა ასათიანმა, შელეგიამ, კობაიძემ, ბობოხიძემ და კაკაბაძემ მოახერხეს.
აი, “უგრასთან” მატჩში კი ძალები აშკარად არათანაბარი იყო. მეტოქემ, რომლის კარსაც ქართველი ზვიად კუპატაძე იცავდა, 13:2 იმარჯვა, თბილისელთაგან კი გოლები ბობოხიძემ და თოდუამ შეაგდეს.
მე-2 ადგილის ბედი ბოლო ტურში “ქართველების” და “კრემლინის” მატჩში წყდებოდა, რომელიც ძალიან დაძაბული და უხეში გამოდგა.
პირველი გოლი 25-ე წუთზე გავიდა და თამაშის დასასრულისკენ ანგარიშში ჩამორჩენილ ქართველ ფეხბურთელებს ნერვებმა უმტყუნათ.
საბოლოო ჯამში, მსაჯმა თბილისელებს 2 წითელი და 4 ყვითელი ბარათი უჩვენა, მატჩის ბოლოსკენ ვა-ბანკზე წასულმა “ქართველებმა” კი კიდევ 2 გოლი მიიღეს და 0:3 დამარცხდნენ.