რაგბი

1:18 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველად - მასპინძელი მეოთხედფინალს მიღმა

მსოფლიო თასი მერვედ ტარდება და პირველად მოხდა, რომ მასპინძელმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. სპეციალისტებმა ა ჯგუფი თავიდანვე მონათლეს “სიკვდილის ჯგუფად” და იმაზეც დაიწყეს ზრუნვა, რომ სამომავლოდ მსგავსი რამ თავიდან აეცილებინათ, მაგრამ ეს სამომავლოდ, ახლა კი, უელსისგან დაჭრილი ინგლისი, “კენგურუებმა” გადათელეს.

ეს ამბავი კი, ლოგიკურად მოხდა. ავსტრალიამ ყველაფერში აჯობა ინგლისს, თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და სამი ლელოც დამსახურებულად გაიტანა. მაყურებელმა კარგი თამაში იხილა და მასში ანგარიში ავსტრალიამ ჯარიმით გახსნა, რაზეც ინგლისმაც ჯარიმითვე უპასუხა. მერე სტუმრებმა ხანგრძლივი იერიში განახორციელეს, ბერნარდ ფოლაუმ მორღვეული დაცვის ხაზი გაჭრა და ლელო თავადვე გარდასახა. ამ ეპიზოდში ის მაიქ ბრაუნს დაუსხლტა, რომელიც ცრუმოძრაობას წამოეგო.

ტაიმის ბოლოს მეორე ლელოც გავიდა და ისიც ფოლაუს ანგარიშზეა. მან და ქერთლი ბილმა ბურთი მაღალ სისწრაფეზე კარგად გაითამაშეს, ფოლმა ბილს შებრუნებული გადაცემა გაუკეთა და მანაც 22-ის წინ ხაზი კარგად გაჭრა, მერე ფოლაუს ვალი დაუბრუნა და მანაც დუბლს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. მეორე ტაიმის მე-9 წუთზე ინგლისი შერკინებაში დაჯარიმდა, ფოლაუ ისევ ზუსტი იყო და მისი 20 ქულის წყალობით ანგარიში 20:3 გახდა. ამის შემდეგ გარკვეული დროით ინგლისი უპირატესობას დაეუფლა, მსაჯმა რამდენიმე საეჭვო სიტუაცია მათ სასარგებლოდ რომ განსაჯა, გრძელი პასით ენთონი ვოთსონი გაიჭრა, ორ მცველს შორის გაძვრა და ლელოს ფარელის ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ავსტრალიამ ინიციატივა დაიბრუნა, მაგრამ ბურთი დაკარგა, მას ფეხი ფარელიმ წაკრა, სტუმრებმა ლელოსგან თავი ჯარიმის ხარჯზე დაიცვეს და ფარელიმ ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა - 13:20. თითქოს ინგლისს შანსი გაუჩნდა, მაგრამ ავსტრალია უკეთ თამაშობდა და ტელე-რეფმაც არ გაყიდა. მან 70-ე წუთზე მთავარ მსაჯს უთხრა, ფარელიმ უხეში ბოჭვა გააკეთაო და ის ყვითელი ბარათი გააძევეს, ჯარიმა კი, 3 ქულად იქცა. 75-ე წუთზე ფოლიმ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია, ხოლო უკანასკნელ წუთზე მეტ გიტომ ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც ავსტრალიელების კონტრშეტევა ალამთან ლელოთი დაასრულა და ფოლის ქულებში შეეზიარა, ვინაც გარდასახვაც გაიტანა და ჯამში ინგლისს 28 ქულა უსახსოვრა.

2015 წლის მსოფლიო თასი

ა ჯგუფი

3 ოქტომბერი

ინგლისი - ავსტრალია 13:33 (3:17)

ინგლისი: 15. მაიქ ბრაუნი, 14. ენთონი ვოთსონი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. ბრედ ბარითი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი, 9. ბენ იანგსი; 1. ჯო მარლერი, 2. თომ იანგსი, 3. დენ ქოული, 4. ჯო ლონჩბრი, 5. ჯეფ პარლინგი, 6. თომ ვუდი, 7. ქრის რობშოუ (კაპ.), 8. ბენ მორგანი.

სათადარიგოები: 16. რობ ვებერი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. ქიარან ბრუქსი, 19. ჯორჯ ქრუზი, 20. ნიქ ისთერი; 21. რიჩარდ ვიგლსვორსი, 22. ჯორჯ ფორდი, 23. სემ ბერჯესი.

1 ლელო: ვოთსონი

1 გარდასახვა: ფარელი

2 ჯარიმა: ფარელი

1 სინბინი: ფარელი

ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-ქუპერი, 13. ტევიტა კურინდრანი, 12. მეთ გიტო, 11. რობ ჰორნი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. ვილ გენია; 1. სქოთ სიო, 2. სთივენ მორი (კაპ.), 3. სეკოპე კეპუ, 4. ქეინ დაგლასი, 5. რობ სიმონსი, 6. სქოთ ფარდი, 7. მაიქლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.

სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. გრეგ ჰოუმსი, 19. დინ მამი, 20. ბენ მაკ’ქალმანი; 21. ნიქ ფიპსი, 22. მეთ ტომუა, 23. ქერთლი ბილი.

3 ლელო: ფოლი (2), გიტო

3 გარდასახვა: ფოლი

4 ჯარიმა: ფოლი

გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ

ავსტრალია 3 3 0 0 126:29 13 1

უელსი 3 3 0 0 105:47 13 1

ინგლისი 3 1 0 2 73:72 6 2

ფიჯი 3 0 0 3 37:86 0 0

ურუგვაი 2 0 0 2 12:119 0 0

0.19894