ფეხბურთი

0:45 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ძაბვა და ბოლოს, ლევან კობიაშვილი!

ასეთი დაძაბულობა, რაც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არცერთ არჩვენებში არ ყოფილა. ამდენი ნერვიულობა, ამდენი მსჯელობა, ამდენი აზრთა გაცვლა-გამოცვლა... საბოლოოდ, ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა: 33 დელეგატიდან, ფარულ კენჭისყრაში 18-მა მას მისცა ხმა, 15-მა რევაზ არველაძეს, ხოლო მამუკა კვარაცხელია ხმის გარეშე დარჩა.

...მაგრამ რა ხდებოდა არჩევნებამდე? გულშემატკივართა დაახლოებით 200-კაციანი არმია დილიდანვე შეკრებილი იყო სასტუმროს წინ. დიდი უმრავლესობა კობიაშვილის მხარდამჭერი იყო, არველაძის ქომაგები ძალიან ცოტანი იყვნენ. მეტწილად, ზესტაფონიდან და ქუთაისიდან მოგროვდნენ ლევანის გულშემატკივრები.

დილის 11 საათიდან არველაძის მხარდამჭერი დელეგატები ერთ ოთახში შეგროვდნენ, ხოლო იქ, სადაც მოგვიანებით არჩევნები ჩატარდა, კობიაშვილის მხარდამჭერი დელეგატები იყვნენ. ეს აშკარად შეიმჩნეოდა.

ყრილობაზე დამკვირვებლებად იყვნენ ჩამოსულები უეფას აღმასკომის წევრი, უკრაინელი იგორ სურკისი, რომელიც საკმაოდ გავლელიანი ფიგურაა ევროპაში. ასევე, უეფაში პროგრამა „ჰეთ-თრიქის“ მენეჯერი დავით პეტრიაშვილი. ისინი წავიდნენ იმ ოთახში, სადაც არველაძის მხარდამჭერი დელეგატები იყვნენ.

რატომ იყვნენ ცალკე არველაძის ხალხი? კობიაშვილის თქმით, არველაძე ყველანაირად ცდილობდა არჩევნების ჩაშლას. შელაპარაკება მოხდა კობიაშვილის მხარდამჭერ მიხეილ ასათიანსა და არველაძის მხარდამჭერ დელეგატ გიორგი ხაჩიძეს შორის.

„გამაგებინეთ, ვინ არის ბატონი ხაჩიძე, საარჩევნო ყრილობას რომ თავკაცობს? ახლა ბოლო ოთახში ჰყავს დელეგატები ჩაკეტილი. აი, ამდენი საათია ველოდებით დელეგატების გამოსვლას. კეთილი ინებონ და პატივი სცენ საზოგადოებას. დარეგისტრირებილია 18 დელეგატი, ანუ კვორუმი შემდგარია და ახლა 17 კაცია შესული ოთახში, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს. სანამ 18 არ შეგროვდება, ყრილობა ვერ დაიწყება. ასე გვალოდინებენ“ - თქვა ლევან კობიაშვილმა.

რევაზ არველაძის გვერდში იყო არჩილი, შოთა და კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი, მათ შორის, გიორგი ქინქლაძეც.

ბოლოს გაირკვა არველაძის მხარდამჭერთა ცალკე ოთახში გასცვლის მიზეზიც: ისინი ითხოვდნენ, რომ წინა დღეს პოლიციის მიერ დაკავებული დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი გაეთავისუფლებინათ.

ეს თხოვნა მოგვიანებით შესრულდა, გობეჯიშვილი გაათავისუფლეს და მოიყვანეს „ჰოლიდეი ინ“-ში, სადაც იმდენი ჟურნალისტი მივარდა და ისეთ დღეში ჩააგდეს კაცი, არველაძის მხარდამჭერთა ოთახამდე ძლივს მიაღწია. მას ხმის უფლება მაინც არ მიეცა უეფას რეკომენდაციით. მის ნაცვლად დელეგატობის უფლება მიენიჭა ზურაბ პეტრიაშვილს, რომელიც ასევე არველაძეს უჭერდა მხარს.

დრო კი ძალიან იწელებოდა. „რას უცდიან? მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ის ხალხი ცოდოა, ოთახში რომ ჰყავთ მთელი დღის განმავლობაში. დელეგატი ხომ შეიცვალა, რაღას უცდიან. მაგრამ ფაქტია, არჩევნების ჩაშლა სურთ“ - თქვა კობიაშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს რაც შეეხება, მის „ჰოლიდეი ინ“-ში მოსვლას სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. თითქოს, როგორც პოლიტიკურ პირს, უფლება არ ჰქონდა იქ ეტრიალა. კალაძემ მშვიდად უპასუხა, რომ უეფას ვიცე-პრეზიდენტ სურკისს შეხვდა, რომელსაც დიდი ხანია იცნობს - როცა კახა კიევის „დინამოში“ თამაშობდა, სურკისი კლუბის პრეზიდენტი იყო.

ძლივს, ძლივს, ყრილობა დაახლოებით 19 საათსა და 20 წუთზე დაიწყო. როგორც ბოლო პერიოდში სფფ-ის პრეზიდენტის მოვალეობელის შემსრულებელმა, ალექსანდრე ჩივაძემ წაიყვანა ყრილობა. მისი სიტყვის შემდეგ, ისაუბრა სურკისმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი წესების სრული დაცვით ჩატარდეს.

დარბაზი გადაჭედილი იყო და სურკისმა მოითხოვა, რომ ყრილობას ჟურნალისტებიც დასწრებოდნენ, არადა, 33-დან 17 დელეგატი რატომღაც ამის წინააღმდეგი იყო...

ორ საკითხს უყარეს კენჭი: 1. უნდა აღედგინათ თუ არა ხმები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციებისთვის თუ არა. ცხადი იყო, ეს ორივე ხმა არველაძის სასარგებლოდ წავიდოდა. და აი, 33-მა დელეგატმა უყარა კენჭი და 80 პროცენტით აქ გაირკვა, რომ კობიაშვილი მოიგებდა. რატომ? იმიტომ, რომ კლუბებისთვის ხმის დაბრუნებას უარი ეთქვა: 17:15 . ერთი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი... აქ უკვე თითქმის ცხადი გახდა - კობიაშვილი!

და დაიწყო კულმინაცია: პრეზიდენტობის არჩევნები. 33 დელეგატიდან 18-მა ხმა მისცა ლევანს, 15-მა კი - რეზოს. როგორც გამოჩნდა, არველაძის ერთმა მხარდამჭერმა ბოლო მომენტში კობიაშვილი შემოხაზა. თუ ვინ, ამის მარჩიელობაღა შეიძლება, თუმცა 18:15 იქნებოდა თუ 17:16, აზრი არ ჰქონდა - მთავარია, ლევან კობიაშვილმა მოიგო.

ყრილობის პერიოდში მცირე რეპლიკები კი ისმოდა მხარეებს შორის, მაგრამ ზღვარს არავინ გადასცდენია. კარგი ჟესტი იყო, რომ მოხსენებისას არველაძემ, კობიაშვილმა და კვარაცხელიამ ერთმანეთი გადაკოცნეს, ჩაეხუტნენ.

და კობიაშვილმა რომ მოიგო, პირველმა სწორედ რევაზმა მიულოცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სახეზე დიდი გაწბილება ეხატა.

ლევან კობიაშვილი: „დღეს ქართულმა ფეხბურთმა გაიმარჯვა. მადლობა ყველა დელეგატს და მათ შორის, არველძის მხარდამჭერებსაც. ეს ჩემი კი არა, მთლიანად ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ სხვადასხვა ხედვები გვქონდა, მაგრამ პირადული უთანხმოება მე არავისთან მქონია და არც მინდა, რომ მქონდეს“.

თითქმის 12-საათიანი ვნებათღელვა „ჰოლიდეი ინ“-ში, რომლის გვირგვინიც ლევან კობიაშვილის გამარჯვება იყო. ის 4 წლით უთავკაცებს სფფ-ის. წარმატება ვუსურვოთ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოსტზე!

ვანო ხუციშვილი

0.296974