3 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის ოთხი მატჩი გაიმართა და ყველა შეხვედრაში მასპინძლებმა ივარგეს.
სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი გუნდი მოქმედ ჩემპიონ “დილას” დაუხვდა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ უჩა სოსიაშვილის გუნდმა მატჩის შემოტრიალება ვერ შეძლო და კიდევ ორი გოლი გაუშვა.
იმერულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვება მიითვალა და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს 16 ქულით “დილასთან” ერთად იყოფს. გორელებმა კი მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნიეს.
ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო “ცხინვალმა”. მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე “კოლხეთმა” ხუთი გოლი მიიღო და პრესტიჟის გოლი ომარ გოგონაიამ გაიტანა. კახი კაჭარავას გუნდს 15 ქულა დაუგროვდა და ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე იმყოფება.
უმაღლეს ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა “საპოვნელამ”. თერჯოლელებმა “ლოკომოტივთან” მძიმე ბრძოლა გადაიტანეს. 89-ე წუთზე მასპინძლებს გამარჯვება გიორგი ტყეშელაშვილმა მოუტანა.
დინამოთა დაპირისპირება “დინამო არენაზე მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. თბილისელთა მხრიდან გამარჯვების გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”
სამტრედია – დილა 5:0 (3:0)
გოლები: 1:0 ბუდუ ზივზივაძე (11), 2:0 ნიკა სანდოხაძე (42), 3:0, 4:0 ავთო ენდელაძე (45, 57), 5:0 ირაკლი სიხარულიძე (77).
თბილისი. “მიხეილ მესხი” სათადარიგო
ცხინვალი – კოლხეთი (ფოთი) 5:1 (1:0)
გოლები: 1:0 დავით მაისაშვილი (10), 2:0 ზვიად ლობჟანიძე (48), 3:0 ბიძინა მახარობლიძე (52), 3:1 ომარ გოგონაია (72), 4:1, 5:1 ნიკა კაჭარავა (78, 86).
ქუთაისი. “რამაზ შენგელია”
საპოვნელა – ლოკომოტივი 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 გიორგი ხიდეშელი (30), 1:1 გიორგი ბუხაიძე (45), 2:1 გიორგი ტყეშელაშვილი (89).
თბილისი. “დინამო არენა”
დინამო (თბ) – დინამო (ბთ) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ოთარ კიტეიშვილი (73)