ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრა “რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “სევილია” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს კატალონიური “ბარსელონას” მიიღებს. კლუბები ერთმანეთს ბოლოს 11 აგვისტოს დაუპირისპირდნენ და ეს შეხვედრა ბევრმა ჩვენთაგანმა საკუთარი თვალით იხილა “დინამო არენაზე” (ალბათ ყველას ახსოვს, თუმცა მაინც დავძენ, რომ “ბარსელონამ” “სევილია” დამატებით დროში დაამარცხა 5:4). თბილისური სუპერთასის მატჩი ერთ-ერთი გამორჩეულია მათი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, თუმცა დღეს ასეთი უხვგოლიანი და სახაობრივი მატჩის ხილვა ფაქტობრივად გამორიცხულია. ამის მთელი რიგი მიზეზები არსებობს, რომელთაც სტატიაში გაგაცნობთ.
18:00 სევილია – ბარსელონა
როგორც ზემოთ აღვნიშნე, თბილისური მატჩიდან თითქმის ორი თვე გავიდა. მას შემდეგ, კლუბებში ბევრი რამ შეიცვალა. დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ სუპერთასის მატჩის მთავარი მოქმედი პირები ევერ ბანეგა და ლიონელ მესი, რომელთაც ქართველ გულშემატკივრებს ულამაზესი ჯარიმები და შესანიშნავი თამაში შესთავაზეს. არგენტინელები ტრავმირებულნი არიან, ხოლო ნახსენებ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის ავტორი პედრო როდრიგესი დღეს ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია.
დავანებოთ თბილისურ მატჩს თავი და კლუბების ამჟამინდელ მდგომარეობაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. “სევილიას” ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა და კლუბი მხოლოდ გასულ ტურში მოწყდა ბოლო ადგილს, როდესაც ათკაციანი “რაიო ვალეკანო” კონოპლიანკას ჯარიმით ძვლივს გატეხა მატჩის ბოლოს.
“დალაქებმა” წარუმატებლად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაზეც და ოთხშაბათს ტურინში “იუვენტუსთან” ისე წააგეს, რომ მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხედეს.
რასაკვირველია, ანდალუსიელთა ასეთ საშინელ შედეგს გამართლება არ აქვს, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უნაი ემერის ძალიან ბევრი ტრავმირებული ჰყავს. “იუვენტუსთან” წაგებულ შეხვედრაში “დალაქები” ბეტოს, კარისოს, პარეხას, რამის, ბანეგას, ესკუდეროს, კაკუტას, ვიტოლოსა და ლორენტეს მოისაკლისებდნენ. ჩამოთვლილ მოთამაშეთაგან, დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ ლორენტე შეძლებს თამაშს. ასე რომ, უნაი ემერის შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს.
თუმცა, ამ მხრივ ანალოგიური სიტუაციაა კატალონიელთა ბანაკშიც. მოახლოებულ შეხვედრაში “ბლაუგრანას” რაფინია, ანდრეს ინიესტა, ტომას ვერმაელენი, ადრიანო და ლიონელ მესი არ ეყოლება. ერთადერთი სასიამოვნო სიახლე კლაუდიო ბრავოს დაბრუნებაა, რომელიც არასტაბილურ ტერ შტეგენს ჩაანაცვლებს.
მართალია “ბარსელონას” ექვსიდან ხუთი მოგება აქვს და მე-2 პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ აშკარაა, რომ თამაშის ხარისხი ისეთი არაა, როგორიც გასულ სეზონში. თუმცა, რაც მთავარია კატალონიელები ქულების დაგროვებას ახერხებენ.
“სევილიამ” ბოლოს კატალონიურ გიგანტს 2010 წლის 14 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასზე “სანჩეს პისხუანზე” სძლია (3:1). მაშინ სტუმრები ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით იგებდნენ, რასაც ფრედერიკ კანუტეს დუბლი და ლუიშ ფაბიანოს გოლი მოჰყვა.
მას შემდეგ კლუბები ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 8 შემთხვევაში “ბარსელონამ” იმარჯვა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა და თბილისში გამართულ მატჩში “ბლაუგრანას” დამატებით დროში დარჩა გამარჯვება.
ანდალუსიურმა კლუბმა “ბარსელონა” ლა ლიგაში ბოლოს 2007 წლის 4 მარტს დაამარცხა. სტუმრები რონალდინიომ დააწინაურა, წონასწორობა ალექსანდრ კერჟაკოვმა აღადგინა, ხოლო გადამწყვეტი გოლი დანი ალვეშმა გაიტანა, რომელიც 2008 წლიდან “ბარსას” ღირსებას იცავს.
აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესის “სევილიას” კარში 24 გოლი აქვს გატანილი. ამაზე მეტი გოლი არგენტინელს არცერთი კლუბისთვის არ გაუტანია (“ატლეტიკოსაც” 24 გაუტანა).
სავარაუდო შემადგენლობები
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ანდრეოლი, კოლოძიეჩაკი, კოკე, ტრემულინასი, კრიხოვიაკი, იბორა, ნ’ზონზი, რეიესი, კონოპლიანკა, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, ბარტრა, ალბა, ალვეში, მასკერანო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ელ ჰადადი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
დღის სხვა მატჩები:
20:15 გრანადა – დეპორტივო
22:30 ესპანიოლი – ხიხონი
00:00 ლას პალმასი – ეიბარი
00:00 მალაგა - სოსიედადი