რაგბი

2:55 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა თითქმის გაინაღდა

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება მოიპოვა, ორი პრემიალური ქულა აიღო და მცირედი თეორიული შანსი დარჩა იმისა, რომ მეოთხედფინალში ვერ გავიდეს.

კანადელებთან მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, ჩრდილოამერიკელებმა ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ გააკეთეს, მაგრამ ბოლოს უფრომაღალი კლასის გუნდმა თავისი გაიტანა, 67-ე წუთზე პრემიალური მეოთხე ლელო მიითვალა, ჯამში კი, მეტოქეს ორის პასუხად ხუთი ლელო გაუტანა.

ფრანგებმა თამაში მძლავრად დაიწყეს, ფედერიკ მიშალაკმა დებიუტში ბურთის დაქნევით მცველები მოატყუა, ხაზი გაჭრა და ის ცალი ხელით ვეზლი ფოფანას გაატანა, რომელიც ერთ მბოჭავს დაუსხლტა და ლელოში შეხტა. მიშალაკმა ზუსტ გარდასახვას ჯარიმა მიაყოლა, 25-ე წუთზე კი, მისი და ფოფანას დუეტი მეორე ლელოსთან ძალიან ახლოს იყო - მიშალაკმა ხაზი გაჭრა და ბურთი ფეხით კარის წინ ფოფანას გადაუკიდა, მაგრამ მან ოვალი ვერ დაიმორჩილა და ლამაზი ლელო არ შედგა. სამიოდე წუთში მეორე ლელო მაინც შედგა, როდესაც ტიერი დიუზოტუარიმ მეტოქის ლელოდან 5 მეტრში რაქიდან ოსტატურად დააყენა მოლი და ბურთი გიან გირადომ დაამიწა. მიშალაკმა გარდასახა - 17:0.

აქ თითქოს ყველაფერი ცხადი გახდა, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, ბურთი ქიარან ჰერნიმ მოხსნა და ფილ მაკქენზის გააყოლა, რომელმაც კარგად იარა, მერე მოკლე დარტყმებით ლელომდე მანძილი 1 მეტრამდე შემცირდა, იქიდან თამაში ფლანგზე გაიშალა, ფან დე მერვემ მცველი ერთი-ერთზე გააბითურა და ლელოში შევიდა. გარდასახვა ზუსტი იყო და სამ წუთში კანადამ მეორე ლელო გაიტანა. მარცხენა ფრთიდან დაწყებული იერიშის შემდეგ, კანადელებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს, შემტევმა ბურთი ბოლომდე არ ჩაათამაშა და შეცდა, მცველის კლანჭებში მოექცა, მაგრამ ორი დარტყმის შემდეგ ლელოში არონ ქარპენთერი შევიდა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს ფრანგებმა 5-მეტრა დერეფანი ბოლო კაცზე ააგდეს, მოლმა მანძილი სწრაფად დაფარა და ლელო რაბა სლიმანმა მიითვალა, ხოლო მიშალაკმა გარდასახა და ტაიმი 24:12 დასრულდა.

მეორე ტაიმის პირველი 20 წუთი კანადამ იბრძოლა და ორი ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, რის შემდეგაც მიშალაკმაც იკადრა ჯარიმის დარტყმა (27:18). ამის მერე ფრანგების უპირატესობა აშკარა გახდა და გარკვეული პერიოდით კანადელებმა შეძლეს თავგანწირული დაცვით ლელოსგან თავის დაღწევა, მაგრამ 67-ე წუთზე პასკალ პაპემ მიზანს უწია და უშეცდომო მიშალაკმაც გარდასახა. სულ ბოლოს ფრანგებმა მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან შეუტიეს, რემი ტალემ ხაზი გაჭრა და რემი გროსომ ბურთი ალამთან დაამიწა, ხოლო მორგან პარამ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 41:18.

ჯგუფის შემდეგ მატჩში ირლანდია იტალიას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, ის და საფრანგეთი მეოთხედფინალში თამაშს დაიბევებენ.

2015 წლის მსოფლიო თასი

დ ჯგუფი

1 ოქტომბერი

საფრანგეთი - კანადა 41:18 (24:12)

საფრანგეთი: 15. სქოთ სპედინგი, 14. რემი გროსო, 13. მატიო ბასტარო, 12. ვეზლი ფოფანა, 11. ბრის დიულენი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. სებასტიან ტიუ-ბორდი; 1. ედი ბენარუ, 2. გიან გირადო, 3. რაბა სლიმანი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დიუზოტუარი (კაპ.), 7. ბერნარ ლერუ, 8. დამიან შული.

სათადარიგოები: 16. ბენჟამენ კეიზერი, 17. ვენსან დებატი, 18. ნიკოლა მასი, 19. იანიკ ნიონგა, 20. ფიულჟანს უდრაოგო; 21. მორგან პარა, 22. რემი ტალე, 23. ალეკსანდრ დიუმულენი.

5 ლელო: ფოფანა, გირადო, სლიმანი, პაპე, გროსო

5 გარდასახვა: მიშალაკი (4), პარა

2 ჯარიმა: მიშალაკი

კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ფილ მაკქენზი, 13. ქიარან ჰერნი, 12. ნიქ ბლევინსი, 11. დი თი ეიჩ ფან დე მერვე, 10. ნეითან ჰირაიამა, 9. ფილ მექი; 1. ჰიუბერთ ბაიდენსი, 2. არონ ქარპენთერი, 3. დაგ ვულდრიჯი, 4. ბრეთ ბუქებუმი, 5. ჯემი ქადმორი, 6. ქაილ გილმორი, 7. რიჩარდ სორპი, 8. თაილერ არდრონი (კაპ.).

სათადარიგოები: 16. რეი ბარქვილი, 17. ჯასთის სიერს-დურუ, 18. ენდრიუ თიდემანი, 19. ევან ოლმსთედი, 20. ნინიაკ დალა; 21. გორდონ მაკრორი, 22. ჰარი ჯოუნზი, 23. ქონორ თრეინორი.

2 ლელო: ფან დე მერვე, ქარპენთერი

1 გარდასახვა: ჰირაიამა

2 ჯარიმა: ჰირაიამა

1 სინბინი: დალა

გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ

საფრანგეთი 3 3 0 0 111:39 14 2

ირლანდია 2 2 0 0 94:17 10 2

იტალია 2 1 0 1 33:50 4 0

კანადა 3 0 0 3 43:114 1 1

რუმინეთი 2 0 0 2 21:82 0 0

4 ოქტომბერი

ირლანდია - იტალია

0.191805