უელსის ნაკრებმა ფიჯისთან მატჩის მეორე ტაიმში ბეწვის ხიდზე გაიარა. კუნძულელებმა მეტოქეს დასკვნით 40 წუთში თავისი ტრადიციული თამაში მოახვიეს თავს და ხაზი რამდენჯერმე გაუჭრეს, მაგრამ ლელოს მხოლოდ ერთხელ უწიეს. გარდა ამისა, მათ ხელსაყრელი მდგომარეობებიდან ჯარიმები გაუცუდდათ და უელსმაც დიდი ბრძოლის შედეგად გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ვერ მოახერხა პრემიალური ქულის აღება, რაც შესაძლოა ამ ჯგუფში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
ტრავმებით გატანჯულმა და ინგლისთან წარმატებული ბრძოლით გადაღლილმა უელსელებმა, კარდიფში გამართული მატჩი კარგად დაიწყეს და თითქმის 6-წუთიანი შტურმი ლელოთი დაასრულეს. ამ პერიოდში მათ ბურთიც დაკარგეს, მაგრამ ფიჯელები წნეხში მოაქციეს, 22-იდან თავის დაღწევის საშუალება არ მისცეს, მერე ოვალი დაიბრუნეს, გარეს დევისმა ზედ კარის წინ პასის იმიტირებით ბოჭვაზე წასული მცველი “წამოიკიდა” და ლელოში შეხტა. დენ ბიგარის გარდასახვა ზუსტი იყო. ფიჯიმ მეტოქის ნახევარზე დამკვიდრება შეძლო და მე-14 წუთზე ბენ ვოლავოლამ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ 4 წუთში ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანი ვერ გაისწორა.
ტაიმის შუაში ბიგარმა საპასუხო ჯარიმა გაიტანა, ხოლო 23-ე წუთზე უელსმა თავისი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყო და დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა - 4-5 შემტევი 2 მცველზე გავიდა, თანაც იერიში ზედ კარის წინ ვითარდებოდა და მასპინძლებს (თამაში კარდიფში გაიმართა) შეტევის მხარე ასარჩევად ჰქონდათ, მაგრამ “დრაკონებმა” ამ უპირატესობის გათამაშება ვერ შეძლეს და მეტოქეს 5 მეტრში თავი შეაბოჭინეს. მალე უელსმა კიდევ ერთი შტურმი მოაწყო და ფიჯიმ ზედ ხაზზე მოახერხა თავის დაცვა.
32-ე წუთზე ბრიტანელების მორიგ სწრაფ შეტევას კუნძულელებმა ვეღარაფერი დაუპირისპირეს, ალუნ-ვინ ჯოუნზმა და თაილერ მორგანმა კარის წინ გაჭრეს ხაზი, მერე გრძელი გადაცემით 2 უელსელი ერთი მცველის პირისპირ დარჩა, ის ზედ ხაზზე შეაჩერეს, მაგრამ სქოთ ბოლდვინმა რაქიდან სწრაფად აიტაცა ბურთი და ლელოში ჩადო. ზუსტ გარდასახვას ვოლავოლამ ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 17:6 დასრულდა.
უელსს ორი ლელო გატანილი ჰქონდა და პრემიალური ქულის აღებაზე დაფიქრდა, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე შარში აღმოჩნდა. ფიჯელები ჩვეულ სტილში ათამაშდნენ და არეულ ბურთაობაში ერთმანეთის მიყოლებით გაჭრეს ხაზები, მაგრამ ლელომდე საქმე არ მივიდა, ვოლავოლამ კი, ჯარიმა გააცუდა. მესამე ჯერზე სტუმრებს, რომელთაც თავისი 22-იდან დაიწყეს იერიში, ყველაფერი კარგად გამოუვიდათ, ხელდახელ ბურთაობით 80 მეტრი დაფარეს და ლამაზი იერიში ვერენიკი გონევამ ლელოთი დააგვირგვინა, ხოლო ვოლავოლამ გარდასახვა შეასრულა. უელსმა მარცხის საფრთხე რომ იგრძნო 55-ე წუთზე ჯარიმა კარში დაარტყა და 20:13 დაწინაურდა, მაგრამ ფიჯი თავისას არ იშლიდა და ბოლო მომენტებში უკეთ რომ ეთამაშათ, ანგარიშიც გათანაბრდებოდა, მაგრამ... სამაგიეროდ, ბიგარმა 69-ე წუთზე ანგარიში 23:13 გახადა, დასკვნით 10 წუთში უელსმაც სცადა პრემიაზე თამაში, მაგრამ ვერავინ იხეირა და მატჩიც ასე დასრულდა.
ამრიგად, ფიჯიმ საბოლოოდ დაკარგა თუნდაც მესამე ადგილის დაკავების და მომავალ მსოფლიო თასზე შესარჩევი ეტაპის გარეშე მოხვედრის შანსი, ხოლო უელსი დროებით დაწინაურდა და 3 ოქტომბერს ავსტრალიას უქომაგებს, რათა მეოთხედფინალში თამაში ვადაზე ადრე დაიბევოს.
2015 წლის მსოფლიო თასი
ა ჯგუფი
1 ოქტომბერი
კარდიფი. “მილენიუმი”.
უელსი - ფიჯი 23:13 (17:6)
უელსი: 15. მეთიუ მორგანი, 14. ალექს ქასბერთი, 13. თაილერ მორგანი, 12. ჯემი რობერთსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეს დევისი; 1. გეთინ ჯენქინსი, 2. სქოთ ბოლდვინი, 3. თომ ფრენსისი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიეთი, 7. სემ ვორბერთონი (კაპ.), 8. ტაულუპე ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ქენ ოუენსი, 17. არონ ჯარვისი, 18. სემსონ ლი, 19. ლუქ ჩართერისი, 20. ჯასთინ თიპურიქი; 21. ჰლოიდ ვილიამსი, 22. რის პრისთლენდი, 23. ჯეიმზ ჰუქი.
2 ლელო: გ. დევისი, ბოლდვინი
2 გარდასახვა: ბიგარი
3 ჯარიმა: ბიგარი
ფიჯი: 15. მეტუისელა ტალემბულა, 14. ტიმოთი ნანგუსა, 13. ვერენიკი გონევა, 12. ლევანი მბოტია, 11. ასაელი ტიკოიროტუმა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნემია კენატალე; 1. ქემპიზი მაჰაფუ, 2. სუნია კოტო, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა თავუმბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. ნდომინიკო ვანქანიმბოროტუ, 7. აკაპუსი ნქერა (კაპ.), 8. ნეტანი ტალეი.
სათადარიგოები: 16. ვილიამე ვეიკოსო, 17. პენი რავაი, 18. ლიროი ატალიფო, 19. ნემია სონქეტა, 20. მალაკაი რავულო; 21. ჰენრი სენილოლი, 22. ჯოშ მატავესი, 23. კინი მურიმურივალუ.
1 ლელო: გონევა
1 გარდასახვა: ვოლავოლა
2 ჯარიმა: ვოლავოლა
გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ
უელსი 3 3 0 0 105:47 13 1
ავსტრალია 2 2 0 0 93:16 9 1
ინგლისი 2 1 0 1 60:39 6 2
ფიჯი 3 0 0 3 37:86 0 0
ურუგვაი 2 0 0 2 12:119 0 0
3 ოქტომბერი
ინგლისი - ავსტრალია