ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2 ტური მიილია და ჯგუფებში ლიდერები და აუტსაუდერები გამოიკვეთნენ. ერთადერთი გამონაკლისი B ჯგუფია, სადაც ოთხივე გუნდს 3 ქულა აქვს. “მანჩესტერ იუნაიტედმა” სასტარტო მატჩში ყველასთვის მოულოდნელად ეინდჰოვენის “ფილიპს არენაზე” წააგო, მეორე ტურში კი საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” ბუნდესლიგელ “ვოლფსბურგს” მძიმე მატჩი მოუგო.
“თუკი სასტარტო 5 წუთს გამოვრიცხავთ, ჩემმა გუნდმა პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. უკვე შესვენებისას ანგარიშში წინ უნდა ვყოფილიყავით. მეორე ტაიმიც სათანადოდ დავიწყეთ, ეფექტური გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი ტაქტიკა შევცვალეთ. მეტოქეს ბურთი დავუთმეთ და ენერგიის დაზოგვა ვცადეთ, რადგან პრემიერლიგაში ურთულესი საასპარეზო გრაფიკი გვაქვს. მალე პრინციპულ მეტოქე “არსენალთან” მოგვიწევს დაპირისპირება და “ლონდონელ მეთოფეებს” ამ შეხვედრისთვის მზადებისას ჩვენთან შედარებით ერთი დღით მეტი აქვთ. ევროპის წამყვან კლუბებს რომ გავუთანაბრდეთ, კიდევ უნდა მოვუმატოთ”, - განაცხადა მანჩესტერელთა ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ლუის ვან გაალმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელ ხუან მატაზეც გააკეთა კომენტარი: “ხუანმა გოლი გაიტანა და შედეგიანი გადაცემაც მის ანგარიშზეა, თუმცა, ცალკეული მოთამაშეების გამოყოფა არასდროს მჩვევია. გეთანხმებით, რომ მატამ ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ მისი უკეთ ჩატარებული ასპარეზობებიც მინახავს. ხუანს მეტიც შეუძლია”.