ფეხბურთი

9:25 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ნაბიჯები ახალი დიდი გუნდის ჩამოყალიბების გზაზე

ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტმა ტურინის “იუვენტუსმა” ახალი ტურნირის წარმატებით დაიწყო. “ბიანკონერიმ” ჯგუფური ეტაპის 2 სასტარტო მატჩი მოიგო და D ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ანდალუსიის “სევილიას” 2:0 ძლევის შემდეგ კომენტარი ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ და ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ გააკეთეს.

“კარგი მატჩი ჩავატარეთ როგორც ტექნიკური, ასევე უკანა ხაზზე თამაშის თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ – მოსამატებელი კიდევ გვაქვს, განსაკუთრებით შეხვედრათა საკვანძო მომენტებში ასპარეზობის ბედის ჩვენკენ გადახრის ასპექტით. სევილიელთა წინააღმდეგ საწყის 25 წუთში ინტენსიურ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ მატჩის ამ მონაკვეთში გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში ასპარეზობას სათანადოდ ვაკონტროლებდით და შემიძლია ვთქვა, ჩვენ მოქმედებებში საფეხბურთო ჭკუა იგრძნობოდა. ჩვენ უპირატესობაზე კარში დარტყმების რაოდენობაც მეტყველებს. ჩემმა ბიჭებმა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით 24-ჯერ დაარტყეს, როცა ანალოგიურ სტატისტიკურ გრაფაში სევილიელებს ერთიანი უწერიათ. “იუვენტუსმა” ახალი გუნდის ჩამოყალიბების გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა და დაამტკიცა, მაღალ დონეზე თამაში რომ ხელეწიფება”, - შეხვედრის დასრულების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ ჰქონდა.

“სევილიას” კარში პირველი გოლი “იუვეს” პირენელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ გაიტანა (მან ჩემპიონთა ლიგის მიჯრით 5 ასპარეზობაში მოახერხა თავის გამოჩენა) და მანაც ნამატჩევს გუნდის მიერ თამაშის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვა: “მეტად კმაყოფილი ვარ, კვლავ რომ შევაგდე, თუმცა, ყველაზე მეტად გუნდის შედეგი მახარებს. კარგა ხანია პაულო დიბალასთან ერთად ტანდემში არ მითამაშია, მაგრამ კარგად ვურთიერთქმედებდით. წინ დიდი მოცულობის სამუშაო გველის, რათა ჩვენი კუთვნილი ადგილი სერია A-შიც დავიმკვიდროთ”.

0.116186