ფეხბურთი

15:14 | 30.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უეფა დააკვირდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს უეფას წარმომადგენლები დააკვირდებიან. ასეთი სახის საპასუხო წერილი მიიღო ქართულმა მხარემ ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყებისგან იმ წერილზე, რომელიც უეფაში 30-მდე ქართული კლუბისა და ლევან კობიაშვილის სახელით მივიდა. აღნიშნულ გზავნილში ნათქვამია, რომ სფფ პრეზიდენტობის კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

3 ოქტომბერს გასამართ არჩევნებს უეფადან დავით პეტრიაშვილი და ჟაკ ბონდალაზი დააკვირდებიან.

აქვე უცვლელად გთავაზობთ იმ წერილს, რომელიც უეფამ სფფ-ის გამოუგზავნა:

სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2015

ძვირფასო ბატონო ბოკერია,

საქართველოს მრავალი საფეხბურთო კლუბის და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის (ბატონი ლევან კობიაშვილის) მიერ უეფა-ს მისამართით გამოგზავნილ ორ თანდართულ წერილთან დაკავშირებით, გვსურს თქვენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ შემდეგი:

  1. უეფასთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების (რომელიც დაგეგმილია 2015 წლის 3 ოქტომბერს) წინასაარჩევნო პროცესი წარიმართოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არსებული წესდების დაცვით.
  2. რამდენადაც უეფას ძალაუფლება, ჩაერიოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში არის შეზღუდული - როგორც წესი - უეფა ვარაუდობს, რომ ორგანიზაციის წევრი ასოციაციები მსგავსი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პატივს სცემენ რელევანტურ საკანონმდებლო ჩარჩოს (მათ შორის შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას).
  3. წინასაარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის არარსებობის თაობაზე გამოთქმული პრობლემატიკის გათვალისწინებით (რომელიც აღწერილია ორ თანდართულ წერილში), უეფას-ადმინისტრაციიდან ორი წარმომადგენელი (დავით პეტრიაშვილი, უეფას-ეროვნული ასოციაციების სამმართველოს უფროსი მენეჯერი და მე) ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობამდე ორი დღით ადრე ვეწვევით საქართველოს, რათა:
    (i) თანდართულ ორ წერილში მოყვანილი სხვადასხვა საკითხები განვიხილოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მათ შორის კანდიდატებთან);

(ii) შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოთ, რომ სარჩევნო პროცესი წარიმართოს სამართლიანად და დამოუკიდებლად და რომ ყველა კანდიდატს მიეცეს პრეზიდენტად არჩევისთვის თანაბარი შესაძლებლობები;

(iii) თავიდან იქნას აცილებული, საარჩევნო პროცესში უეფას გამოყენება ვინმეს მიერ პირადი მიზნებისთვის.

ჩვენ ველით თქვენთან შეხვედრას თბილისში, ხუთშაბათს.

კეთილი სურვილებით,

ჟაკ ბონდალაზი
სპორტის იურიდიული სამსახურის უფროსი
სპორტის იურიდიული სამსახური/სამართლებრივი საქმეები
უეფა

შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაიმართება, ხოლო პრეზიდენტობისთვის რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელია და ლევან კობიაშვილი იბრძოლებენ.

0.114759