წინა სეზონების მსგავსად, “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კვლავ უჭირს. ინგლისის ვიცე-ჩემპიონებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შინ “იუვენტუსთან”წააგეს (1:2) და საქმე გვარიანად გაირთულეს.
“ქალაქელები” დღეს გასვლაზე “გლადბახს” დაუპირისპირდებიან, რომელსაც პირველ ტურში ასევე წაგებული აქვს და კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში, მათი შანსები ფაქტობრივად ნულს გაუტოლდება.
მოახლოებული მატჩის წინ, ჟურნალისტებს “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი შეხვდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც იცით, ბელგიელი ფეხბურთელი “სიტის” გასული სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს “ვოლფსბურგიდან” შეუერთდა და ბუნდესლიგას მშვენივრად იცნობს.
ახალგაზრდა მოთამაშის აზრით, “გლადბახი” შარშან ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახლდათ. წარუმატებელი სტარტის მიუხედვად, მაინც კარგი გუნდია და მათთან სიფრთხილეა საჭირო.
“დღევანდელი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ. “გლადბახმა” მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, თუმცა შარშან მშვენივრად გამოიყურებოდნენ და ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავდათ.
მათ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე მოთამაშე დაკარგეს, რამაც ცუდი სტარტი გამოიწვია.
ვფიქრობ, რომ “გლადბახი” თავის შანსს დაელოდება და მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს. ისინი საკუთარ მოედანზე ძალიან მონდომებულნი იქნებიან”, - განაცხადა კევინმა.
შეგახსენებთ, რომ “სიკვდილის” ჯგუფს სამ-სამი ქულით “იუვენტუსი” და “სევილია” ლიდერობენ, რომლებიც დღეს ტურინში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.