ფეხბურთი

8:50 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ პელეგრინი: “ჩემპიონთა ლიგაში საბოლოო გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”

ბოლოდროინდელი წარუმატებელი მატჩების მიუხედავად, “მანჩესტერ სიტის” ჩილელი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ოპტიმისტურადაა განწყობილი და არც მეტი არც ნაკლები ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს.

შეგახსენებთ, უწინდელ გათამაშებებში სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა “ვილიეარეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ხოლო “მალაგა” კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშების მეოთხედფინალში გაიყვანა. “ორივე შემთხვევაში “ბარსელონასთან” დავთმეთ. იმ გათამაშებებში კატალონელებს უფრო ადრეულ სტადიებზე რომ გადავყროდით, საბოლოო შედეგი სხვა იქნებოდა”, - იხსენებს გარდასულ დღეთა ტურნირებს პელეგრინი. “მანჩესტერ სიტის” რაც შეეხება, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 გათამაშებაში ამბიციური “ქალაქელები” ასპარეზობას მერვედფინალიდან ეთიშებიან.

“ბარსელონასთან”, “რეალთან”, “ბაიერნსა” და “იუვენტუსთან” შედარებით ახალგაზრდული გუნდი გვყავს. “სიტის” შემადგენლობა ბოლო 2 წლის განმავლობაშია ჩამოყალიბებული და თამაში ჯერ კიდევ დახვეწას საჭიროებს. პროგრესს განვაგრძობთ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კი საბოლოო გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ყველაფერი წყალში ერთადერთმა შეცდომამ შეიძლება ჩაგვიყაროს, როდესაც პრემიერლიგის გრძელ დისტანციაზე დაშვებული ლაფსუსის აღმოფხვრა შესაძლებელია”, - აცხადებს პელეგრინი.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში “სიტი” საკუთარ მინდორზე წინა გათამაშების ფინალისტ ტურინის “იუვენტუსთან” 1:2 დამარცხდა, 30 სექტემბერს კი მიონხენგლადბახში “ბორუსიას” წინააღმდეგ ითამაშებს.

0.118272