კალათბურთის ქართველ გულშემატკივართა დიდი ნაწილი ვითას “ვთბ-ლიგაში” მონაწილეობას სიხარულით შეხვდა. ყველასთან ყოველთვის მედგრად მოთამაშე ჩვენი ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონს ხომ ქომაგი ევროასპარეზზეც გაუხარებია. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ საკალათბურთო მატჩთაგან ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და დაუვიწყარი ვითასა და უნგრეთის “კიორმენდის” დაპირისპირებაა, როდესაც ქართულმა გუნდმა უნგრეთისას ბოლო წუთსა და 10 წამში 11 ქულიანი ჩამორჩენა “ამოუქაჩა” (გია სანაძის სამიანებით და ლევან ქარაბაქის საფინალო სირენის წინ ჩაგდებული ბურთით) და მოუგო. შემდეგ იყო გადაჭედილი ტრიბუნები “ლონდონ თაუერსთან”, იუგოსლავიის “ბუდუჩნოსტის” დამარცხება... ჰოდა, მოგეხსენებათ, გულშემატკივრები გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ და ახლადაღორძინებული ვითასგან “ვთბ-ლიგაშიც” მეტად ავტორიტეტულ, ძლიერ კლუბებთან დაპირისპირებისას ჟინიან, უკომპრომისო, მეტ-ნაკლებად ტოლსწორად თამაშს ველით...
სტამბოლის “ბეშიქთაშთან” გუშინდელი ტესტ-მატჩის შემდეგ სპორტის სასახლე ნირწამხდრებმა დავტოვეთ. მართალია, ვითა ახალი შეკრული კოლექტივია, მთავარი მწვრთნელის პაველ გოოგეს თქმით, გუნდი სადღეისოდ მხოლოდ 40 პროცენტითაა მზად, მაგრამ გამოცდილი და მეტად ძლიერი საკალათბურთო სპეციალისტის ჰენრიკ დეტმანის სტამბოლელმა შეგირდებმა იმდენად დიდი უპირატესობით გვაჯობეს (ცხადია, მარტო ქულათა სხვაობას არ ვგულისხმობთ), გულშემატკივარი “დაფრთხა” და დღეს სპორტის სასახლეში ჩატარებულ მეორე ამხანაგურ მატჩს საგრძნობლად მცირე აუდიტორია ჰყავდა. არადა, ამჯერად ვითა თითქოს გადასხვაფერდა, “ბეშიქთაშს” მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და საწყისი 3 პერიოდის დასრულების შემდეგ 60:58 იგებდა კიდეც. საბოლოოდ მაინც უძლიერესმა გაიმარჯვა (80:73), თუმცა ასპარეზობის ცალკეულ პერიოდებსა და ეპიზოდებში ვითას თამაშმა იმედის ნაპერწკალი გაგვიღვივა. გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ ვითელთა ლეგიონერები, რომელთაც მხარი სათანადოდ ჩვენმა თანამემამულეებმაც აუბეს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ “ბეშიქთაში” ისეთი განწყობით თამაშობდა, თითქოს რომელიმე მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალს ატარებდა, მაგრამ ასეთი მაღალი რანგის კალათბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან შეხვედრისას დაწინაურებული 24 სათამაშო წუთის განმავლობაში რომ იქნები (რამდენჯერმე ვითას უპირატესობა 10 ქულითაც გამოისახა ტაბლოზე), მრავლისმეტყველია.
ერთი სიტყვით, ვითას დღევანდელმა თამაშმა იმედი ჩაგვისახა, 4 ოქტომბერს გუნდი “ვთბ-ლიგაში” ჩაებმება და კარგი იქნება, თუკი ჩვენი წინასატურნირო განწყობა საფუძვლიანი გამოდგება.
ტრავმამოუშუშებელი ირაკლი ჩლაიძისა და თინეიჯერ გოგა ბითაძის გარდა, გოოგემ კალათბურთელები მეტ-ნაკლებად თანაბრად დატვირთა და მოედანზე გასულმა ათივემ გუნდს ქულები შემატა. გამოვარჩევთ უკანახაზელ პიერია ჰენრის, რომელმაც 24 წუთში 10 ქულას, 5 მოხსნას, 5 შედეგიან პასსა და 4 ჩაჭრას მოუყარა თავი. სტამბოლელთაგან საუკეთესო გამოცდილი პოლონელი მეფარე მაცეი ლამპე გახლდათ 15 ქულით, 8 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით.
ვითა – ბეშიქთაში 73:80 (25:19, 19:23, 16:16, 13:22)
ვითა: სასტარტო ხუთეული: მიხეილ ბერიშვილი (3 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 22.32 წუთი), დარიუს კარტერი (13ქ, 7მ, 24.27წ), პიერია ჰენრი (10ქ, 5მ, 5პ, 4ჩ, 24.27წ), კონსტანტინ ანიკეენკო (8ქ, 6მ, 2 დაფარება, 21.54წ), რალსტონ ტერნერი (13ქ, 4მ, 27.23წ); შემცვლელები: დავით მაისურაძე (7ქ, 1მ, 15.33წ), მერაბ ბოქოლიშვილი (5ქ, 2მ, 4პ, 15.33წ), მაიზერ რევაზაშვილი (3ქ, 5მ, 2ჩ, 23წ), ლუკა ზაქრაძე (3ქ, 1პ, 6.37წ), ლევან შენგელია (8ქ, 4მ, 1პ, 18.34წ).
მთავარი მწვრთნელი: პაველ გოოგე.