ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული აკი ბაშო 10 მოგებით და 5 მარცხით დაასრულა, რისი წყალობითაც, შესაძლოა, სუმოს იერარქიაში მე-3 წოდება სეკივაკეობამდეც კი აღზევდეს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი აკი ბაშოს აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში შეხვდა და 7 დღის თავზე 2 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა, რის შემდეგაც მიჯრით 8 (!) გამარჯვება იზეიმა.
სამწუხაროდ, სეკივაკეს წოდების მქომე ორივე სეკიტორმა (მიოგირიუ და ტოჩიოძანი) ტურნირი მინიმალური დადებითი ბალანსით (8-7) დაასრულა და უკუსვლას გადაურჩა.
მიუხედავად ამისა, არსებობს შანსი, სუმოს ასოციაციაში მე-3 სეკივაკეს დამატების შესახებ იმსჯელონ და თუკი, გორგაძისთვის სასურველ ვერდიქტს გამოიტანენ, მას სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) დაფიქსირებული პირველი კაჩი-კოში შესაბამისად დაუფასდება.
ცნობისთვის, აკი ბაშოს ბოლო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოიონოშიმას გაეჯიბრა და იორიკირით დაჯაბნა. საინტერესოა, რომ ქართველმა იაპონელი სუმოისტი ჰაერში 2-ჯერ აიტაცა და მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა.
ისიც ვთქვათ, რომ გორგაძეს მებრძოლის სულის გამოვლინებისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი (კანტო-შო) გადაეცა და ამავე ჯილდოთი აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იკიოიც (11 მოგება, 4 მარცხი) წახალისდა. ერთბაშად 2 პრიზი მიიღო დასავლეთის პირველმა მაეგაშირა იოშიკაძემ, რომელმაც 15-დან 11 შერკინება მოიგო: ტექნიკური ასპარეზობისთვის (გინო-შო) და სანახაობრივი ასპარეზობისთვის (შუკუნ-შო).
თანამემამულეს მხარი ვერ აუბა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელმაც ტოკიოში 6 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) ვერ გადაურჩა.
დღეს დილით, ქართველი გოლიათი დასავლეთის მე-14 მაეგაშირა სოკოკურაის დაუპირისპირდა და იორიკირით წააგო. შეგახსენებთ, რომ გაგამარუ აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, მომავალ ბანძუკეში (რეიტინგი) კი უკუსვლა ელის.
და ვინ დაეუფლა “იმპერატორის თასს”? ამ მხრივ, აკი ბაშოს მართლაც გამორჩეული დასასრული ჰქონდა. მე-15 დღეს ოძეკი ტერუნოფუჯიმ ოძეკი კაკურიუ იორიკირით დაჯაბნა და მას მოგებებით (12-12) გაუთანაბრდა.
შედეგად, გამარჯვებულის გამოსავლენად გადამწყვეტი შერკინების (კეტეი-სენი) დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც უკვე იოკოძუნამ იმარჯვა, მეტოქე უვატედაშინაგეთი დაამარცხა და იოკოძუნას რანგში პირველი “იმპერატორის თასი” მოიპოვა.
ისიც ვთქვათ, რომ ტერუნოფუჯი მუხლის ტრავმის გამო, დასკვნით დღეებში სრული დატვირთვით ვერ ირჯებოდა.
სექტემბრის ბაშოს მე-15 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 4:03-დან, ტოჩინოშინის – 8:55-დან