ფეხბურთი

18:03 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომის იმპერატორი

ზოგჯერ ერთი ინდივიდი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მთლიანად გუნდი. არა, “რომა” სულაც არაა დაბალი ღობე და მის დაკნინებას ამ სიტყვებით არც ვცდილობ და არც გამიფიქრია, მაგრამ იგი მაინც ფრანჩესკო ტოტის სახელთან ასოცირდება.

“ჩესკო” ბევრს უყვარს, არიან ისეთებიც ვისაც ეს გენიალური ფეხბურთელი გულზე არ ეხატებათ, თუმცა ეს მეორე ხარისხოვანია, რადგან გემოვნებაზე არ დავობენ. ფაქტი კი ჯიუტია: ფრანჩესკო ტოტი რომის ღმერთია. განა მარტო “რომასი”, მთლიანად რომის...

ტიპური რომაელია – სიმპათიური, მებრძოლი, კლასიანი, ერთგული. მის დარ მოთამაშეებს დღეს იშვიათად შევხვდებით, ადრე უფრო მეტად, მაგრამ ახლა სანთლით საძებარია. ცუდია, რომ შორს არც ის დღეა, როცა ტოტიზეც, როგორც ექსფეხბურთელზე ვისაუბრებთ და მასთან მიმართებაში მხოლოდ წარსული დროის შეთავსება მოგვიწევს.

ზემოთ ერთგული ვახსენე და სწორედ ერთგულებაში გამოიხატება მისი ერთ-ერთი მთავარი გამორჩეულობა. არადა, რამდენჯერ ჰქონია შეთავაზება გაცილებით სახელოვანი, ძლიერი გუნდებისგან. თანაც, გაცილებით სარფიანი (ფინანსური თუ წმინდა სპორტული თვალსაზრისით), მაგრამ არა – ფრანჩესკო რომაელია. იქ დაიბადა, იქვე აიდგა ფეხი და იქვე ეზიარა იმას, რის გამოც ახლა მასზე ვწერ, მასზე კითხულობთ...

ვუიადინ ბოშკოვმა 1993 წლის 28 მარტს “ბრეშასთან” მატჩში უცნობი, გამხდარი ბიჭი, რომელიც ჯერ კიდევ 16 წლის იყო მოედანზე შეიყვანა. აი, სწორედ ეს იყო ათვლის წერტილი და ის ჯერ კიდევ, აგერ უკვე 22 წლის მერეც არ დამთვარებულა, გრძელდება და კიდევ უნდა გაგრძელდეს. ჰოდა ამ 22 წელიწადმა 746 თამაში და 300 გოლი დაიტია. ესეც მხოლოდ საკლუბო დონეზე, სანკრებოზე ქვემოთ ვისაუბრებთ...

საუიბილეო მე-300 გოლი კი სულ რაღაც ერთი კვირის წინ, “სასუოლოს” გაუტანა და ისტორიის კიდევ ერთი, თანაც ღირსეული გვერდი გადაფურცლა.

ფეხბურთში ტიტულები ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეჭვი მაქვს, ახლა არ ვისაუბრებდით ისეთი ტოტიზე, როგორც დღესაა, როგორც “რომას” ყვითელ-წითელ მაისურშია, რომელსაც “რომას” გერბი ამშვენებს და რომლის უკანა მხარეზე ათიანის ზემოთ ამაყად აწერია: TOTTI...

მისი თამაშის ყურებისას რაღაც განსხვავებული ეფექტი მოდიოდა, თუმცა რატომ მოდიოდა? – მოდის! ერთი წლის წინ, იგი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე უხუცესი გოლის ავტორი გახდა, როცა ბევრად სარფიან “სიტის” და მის კარის დარაჯ ჯო ჰარტს ბურთი თავზე მოხდენილად, ტოტისებურად გადაუვლო... მერე ეს რეკორდი თვითონვე გაამჯობესა. უკვე ცსკასთან მოსკოვში, ამჯერადაც ტოტის სტილში, ძლიერი საჯარიმო დარტყმით... ეს რეკორდების მცირე და ბოლო ნაწილია, მას კიდევ ერთი რეკორდის დამხობა სურს – იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობის, თუმცა ეს უნდა გაუძნელდეს. თავად განსაჯეთ, რომაელ ლეგენდას 244 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლიდერი სილვიო პიოლაა 275 ბურთით... ტოტიც უკვე ასაკშია, გვინდა, არ გვინდა, ასეა...

მიშელ პლატინი დიდი ფეხბურთელი იყო და მას ბევრიც ეთქმის, დაეჯერება... ურჩევდა კიდეც, ფრანგი კლასიკოსი იტალიელს მადრიდის “რეალში” გადასვლას, იქ “ოქროს ბურთს” მოიგებო, მაგრამ ტოტი სხვებს არ გავს, იგი ტოტია და გათავდა! მისთვის “ოქროს ბურთი” “სტადიო ოლიმპიკოს” ტრიბუნებიდან წამოსული მქუხარე აპლიდისმენტებია, ვერც გავამტყუნებთ!

ნაკრებში ტოტის კარიერის დასრულება ადრე მოუწია, მაგრამ ესეც თავისავე სურვილით. უნდოდა ჩემპიონი წასულიყო და წავიდა კიდეც. ბერლინური ფინალის მერე, ფრანჩესკოს “სკუადრა აძურას” მაისური აღარ ჩაუცვამს და გუნდს 30 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლით დაემშვიდობა. არადა, მუნდიალის დაწყებამდე 5 თვით ადრე ტოტი და იტალია დიდი საფრთხის ქვეშ დადგნენ. “რომა” – “ემპოლის” მატჩისას “ჩესკოს” ფეხზე მეტოქემ ინადირა და “წარმატებასაც” მიაღწია – ტოტიმ ფეხი მოიტეხა.

თუმცა სურვილი მუნდიალზე გამარჯვებისა გაცილებით მძლავრი აღმოჩნდა, ვიდრე ტკივილი და საწადელიც აისრულა. მერვედფინალში ავსტრალიასთან კი მსაჯის კომპესირებულ დროში პენალტი აუღელვებლად გაიტანა და “აძურამაც” ოცნებისკენ სვლა მისი დახმარებით მოახერხა. ოცნებაც 9 ივლისის ღამეს ახდა – ტოტი და იტალია პლანეტის ჩემპიონები გახდნენ!..

მისი პირველი სანაკრებო ფურორი კი ევრო 2000-ს უკავშირდება, როცა დინო ძოფის ჩინებულად მოთამაშე იტალიის მთავარი ღერძი სწორედ 24 წლის შემტევი იყო. სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება ნახევარფინალში, ჰოლანდიასთან ქანცგაწყვეტილი იტალიელები და მატჩისშემდგომი პენალტები, სადაც ტოტიმ და კომპანიამ იმარჯვეს.

ერთ-ერთი თერთმემეტრიანი “ჩესკოს” უნდა დაერტყა და სანამ მისი ჯერი მოვიდოდა, გვერდით მდგომ კაპიტან პაოლო მალდინისა და ლუიჯი დი ბიაჯოს თავის სტილში გადაუჩურჩულა: “ნახეთ ბიჭებო, თავზე უნდა გადავუგდო”, – ამ სიტყვებზე პაოლოს რეაქცია არცთუ კარგი იყო და მილანელს ეგონა ტოტი ხუმრობდა ან გაგიჟდაო, მაგრამ ტოტი არც ხუმრობდა და არც გაგიჟებული იყო.

1 წუთის მერე ბურთთან მივიდა და ედვინ ვან დერ სარს მშვენიერი cucciaio (ასე უწოდებენ აპენინზე ბურთის მეკარისთვის თავზე გადაგდებას) შეუსრულა. მერე ფინალი იყო ფრანგების ჩინებულ გუნდთან, სადაც ტოტის დიდოსტატური პასით იტალილთა ის საგოლე შეტევა დაიწყო, რომელსაც მათთვის ოქროს მედლები მოჰქონდა, თუმცა... თუმცა აპენინელები მხოლოდ ვერცხლს დასჯერდნენ...

ფრანჩესკო ტოტი უკვე 39 წლისაა. რომის თანამედროვე იმპერატორი 1976 წლის 27 სექტემბერს დაიბადა...

0.183224