ჰოლანდიური “ვიტესი” შაბათს “ჰერენვენს” სტუმრად დაუზავდა – 0:0. მატჩის შემდეგ კომენტარი არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.
“ამ მატჩში “ვიტესი” მეტოქეს კლასით სჯობდა. ჩვენ ბევრი რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამიტომაც დამთავრდა შეხვედრა 0:0. სამწუხაროა, რომ ორი ქულა დავკარგეთ, რადგან 90 წუთის განმავლობაში დიდ უპირატესობას ვფლობდით”, - თქვა კაშიამ.
გურამმა კომენტარი კონტრაქტზეც გააკეთა, რომელიც მას სეზონის ბოლოს ეწურება:
“ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ვფიქრობ და მინდა, რომ შეთანხმება შედგეს და ახალი კონტრაქტი გავაფორმო. თუმცა ვნახოთ, რა იქნება მომავალში”, - დასძინა მან fox sport-თან საუბრისას.
კაშია მიმდინარე სეზონს ჩინებულად ატარებს და ერედივიზიონში ჩატარებულ 7 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა. იგი გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მაანმდე კი აგვისტოში მცველებშიც გამოარჩიეს.