ფეხბურთი

9:45 | 27.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ბენიტესი: “დიდძალი ენერგიის დახარჯვას მხოლოდ ქულა მოჰყვა”

მადრიდის “რეალს” პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურში “მალაგასთან” მატჩში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, ანდალუსიელთა კარის მიმართულებით 31-ჯერ დაარტყა, მაგრამ ბურთს ხან სტუმართა კარის კამერუნელი მცველი კარლოს კამენი ეღობებოდა, ხანაც სანტიაგო ბერნაბეულებს ფორტუნა არ სწყალობდათ.

“რეალი” სამხრეთელ მეტოქეს ნულოვანი ფრით დაშორდა, რითაც ლა ლიგას ლიდერობა “ვილიარეალს” დაუთმო. ამასთან, კასტილიელებს კატალონიის “ბარსელონამაც” გაასწრო. “მალაგას” რაც შეეხება, 6 ტურის შემდეგ მას გოლი არ აქვს გატანილი, 3 ქულა კი ნულოვანი ყაიმების შედეგია.

“საკმარისზე მეტი ხელსაყრელი შანსი გვქონდა მატჩის მოსაგებად. ჩვენი ფეხბურთელები უნდა დამშვიდნენ და სხვა შეხვედრებში ცივსისხლიანად მოახერხონ საგოლო მომენტების რეალიზაცია. ფიზიკური ასპექტით ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, დაცვაში ჩამჯდარ მოწინააღმდეგეს მთელი სათამაშო დროის განმავლობაში ვუტევდით, მაგრამ ბალანსირებული მოქმედებები გვაკლდა. ასპარეზობას დიდძალი ენერგია შევალიეთ და სამწუხაროდ შედეგად ერთადრთი ქულა მივიღეთ”, - განუცხადა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა Football Espana-ს.

კასტილიელთა თავკაცს იმ ეპიზოდის კომენტირებაც სთხოვეს, როდესაც ისკოს დამაგვირგვინებელი დარტყმის შემდეგ ბურთმა თითქოს მალაგელთა კარის ხაზი გადალახა: “ის მომენტი კარგად არ მინახავს. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დროა საფეხბურთო მატჩებზეც “ქორის თვალი” დამონტაჟდეს”.

0.119761