ესპანეთის ჩემპიონატში მეექვსე ტურის შემდეგ ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა. თუმცა, ის გრანდთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. ლა ლიგას სათავეში “ვილიარეალი” ჩაუდგა, რომელიც ჯერჯერობით შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და პირველ ტურში მსაჯის უხეში შეცდომა რომ არა (თამაშგარე გოლი ჩაუთვალეს “ბეტისს”), ქულათა მაქსიმუმს მოუყრიდა თავს.
ტურის ცენტრალურ მატჩში “ვილიარეალმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მასპინძლებმა დაწინაურება დებიუტშივე მოახერხეს, რობერტო სოლდადოს გადაცემა ლეო ბაპტიშტაომ შეირგო და ყოფილი გუნდი დაამწუხრა. “ყვითელი წყალქვეშა ნავები” გატანილი გოლის შემდეგაც აქტიურობდნენ და პირველ ნახევარში ორჯერ შეეძლოთ სხვაობის გაზრდა: პირველ ეპიზოდში სოლდადოს ობლაკმა აჯობა, ხოლო მეორე მომენტში კასტილიეხომ ოდნავ ააცილა კარს. სტუმართაგან პირველ ნახევარში ანტუან გრიზმანს შეეძლო გატანა, მაგრამ არეოლამ შესანიშნავად ითამაშა და საკუთარი გუნდი იხსნა.
მეორე ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბევრ მომენტს დიეგო სიმეონეს შეგირდები ვერ ქმნიდნენ. ყველაზე რეალური საგოლე შანსი შეცვლაზე შემოსულ ანხელ კორეას ჰქონდა, თუმცა არეოლა კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა – 1:0. “ვილიარეალს” ისტორიული მომენტი აქვს, კლუბს ასეთი სტარტი არასდროს ჰქონია.
შუა კვირაში ვიგოში განადგურებული “ბარსელონა” შინ “ლას პალმასს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. თუმცა, 3 ქულა კატალონიელებს ძვირად დაუჯდათ. შეხვედრის მე-10 წუთზე ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, არგენტინელის ტრავმა სერიოზულია და ის დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს.
რაც შეეხება შეხვედრას, პირველმა ნახევარმა დაბალ ტემპში ჩაიარა და ცოტა საგოლე ეპიზოდი შეიქმნა, რომელთაგან ერთი ლუის სუარესმა გოლად აქცია. ურუგვაელი სერხიო რობერტოს ჩაწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით მოახერხა გატანა.
54-ე წუთზე ურუგვაელმა უკვე მუნირ ელ ჰადადის გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით მოახერხა დუბლის გაფორმება. 66-ე წუთზე “ბლაუგრანას” მესამეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ნეიმარმა პენალტი ააცილა. სტუმრებმა რაც შეძლეს, პრესტიჟის გოლის გატანა იყო – 88-ე წუთზე სხვაობა ჯონათან ვიერამ შეამცირა – 2:1.
სენსაცია დაფიქსირდა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც ადგილობრივმა “რეალმა” ანდალუსიური “მალაგა” ვერ დაამარცხა, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდ ფორმაშია, 5 მატჩში 2 ქულა ჰქონდა აღებული და გოლი საერთოდ არ გაეტანა.
რასაკვირველია, “ბლანკოსი” უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით მოახერხა. არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ ქარიმ ბენზემასა და კრიშტიანო რონალდუს, რომელთაც ან სიზუსტე აკლდებოდათ, ანაც კარლოს კამენის ვერ ჯობნიდნენ, რომელმაც საოცარი მატჩი ჩაატარა და ცხრა სეივი განახორციელა. მადრიდელებმა შეხვედრის ბოლოს მაინც მოახერხეს გატანა, თუმცა მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
ასევე უნდა აღინიშნოს, კეილორ ნავასის მშვენიერი თამაში. კოსტა-რიკელი კიპერი ყოველ მატჩში ამტკიცებს თავის უმაღლეს კლასს, მან ამჯერად ორჯერ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.
მადრიდული კლუბი “სელტასთან” ერთად მე-3 ადგილს იყოფს, ხოლო “მალაგა” მე-16 საფეხურზეა.
როგორც იქნა მოიგო “სევილიამ”, რომელსაც საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანოსთან” სამი ქულის ძალიან გაუჭირდა. მასპინძლებმა ტაიმი გამეიროსა და ნ’ზონზის გოლებით მოიგეს, თუმცა მადრიდელები არ დანებებულან და 51-ე წუთზე ბებემ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, ხოლო 68-ე წუთზე გერამ წონასწორობა აღადგინა. მასპინძლებს შეცვლაზე შემოსულმა ევგენი კონოპლიანკამ უშველა, რომელმაც ჯარიმიდან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მიმდინარე ლა ლიგაში პირველად მოაგებინა – 3:2.
დღის ბოლო მატჩი “იპარუაზე” შედგა, სადაც “ეიბარმა” შესანიშნავ ფორმაში მყოფი “სელტა” მიიღო და ქულის მოპოვება მოახერხა. ბასკები მე-3 წუთზე ბასტონმა დააწინაურა, ხოლო იაგო ასპასმა 76-ე წუთზე მოახერხა გათანაბრება და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ბარსელონა – ლას პალმასი 2:1 (1:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბარტრა, პიკე, რობერტო, ადრიანო (გუმბაუ 91), მასკერანო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, მესი (ელ ჰადადი 10; რამირესი 80), ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ლას პალმასი (5-3-2): ვარასი, აიტამი, ალკარაზი, ბიგასი, სიმონი, კასტელიანო, ერნანი (კულიო 57), მესა (ვალერონი 68), ვაკასო, ვიერა, არაუხო (ელ ჟარი 67).
მწვრთნელი: პაკო ერერა
გოლები: 1:0;2:0 ლ.სუარესი (25;54), 2:1 ვიერა (88)
გაფრთხილებები: მასკერანო, ლ.სუარესი – ერნანი, სიმონი, ვაკასო, ალკარაზი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა
66-ე წუთზე ნეიმარმა პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)
რეალი – მალაგა 0:0
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-2-3-1): ნავასი, ნაჩო, ვარანე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, ისკო, მოდრიჩი, ხესე (კოვაჩიჩი 60), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, როსალესი, მ.ტორესი, რესიო, ტისონე, ტიგადუინი (ხუანპი 70), ფორნალსი (ჰორტა 80), ხ.კარლოსი, ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გაფრთხილებები: ვარანე, ნაჩო, კარვახალი, რონალდუ – მ.ტორესი, რესიო, ხუანპი
გაძევება: ამრაბატი (77)
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ვილიარეალი – ატლეტიკო 1:0 (1:0)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, ბაილი, რუისი, ხ.კოსტა, გასპარი, სორიანო, ტრიგეირასი (პინა 75), ჯ.დოს სანტოსი (დ.სუარესი 68), კასტილიეხო, ბაპტიშტაო (ლეივა 46), სოლდადო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ტიაგო, გაბი (ვიეტო 46), საული, ო.ტორესი (ა.კორეა 66), ჯ.მარტინესი (ფ.ტორესი 46), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: ბაპტიშტაო (14)
გაფრთხილებები: სოლდადო, ხ.კოსტა – გრიზმანი, ტიაგო
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ეიბარი – სელტა 1:1 (1:0)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-4-2): რიესგო, პანტიჩი, მ.დოს სანტოსი, ხუნსა, კაპა, დ.გარსია, ადრიანი, ინუი (ვერდი 79), ბერხონი (ისრაფილოვი 69), ენრიჩი, ბასტონი (არუაბარენა 92).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, ხონი, პლანასი, პ.ერნანდესი (ასპასი 46), ა.ფერნანდესი, რადოია (ვასი 61), ნოლიტო, ორელიანა, ბონგონდა (დრაზიჩი 76).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 1:0 ბასტონი (3), 1:1 ასპასი (76)
გაფრთხილებები: კაპა, ენრიჩი, დ.გარსია, ადრიანი, მ.დოს სანტოსი – პ.ერნანდესი, რადოია, ორელიანა, ა.ფერნანდესი
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
სევილია – რაიო ვალეკანო 3:2 (2:0)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ანდრეოლი, კოლოძიეჩაკი, ტრემულინასი, კოკე (მარიანო 73), ნ’ზონზი (კრისტოფორო 73), კრიხოვიაკი, იბორა (კონოპლიანკა 63), რეიესი, კრონ-დელი, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ამაია, დ.ლორენტე, რაცი, ნ.მარტინესი, ბაენა, ტრაშორასი (დორადო 86), ემბარბა (ბანგურა 64), ხოზაბედი, ბებე, გერა (მანუჩო 80).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 1:0 გამეირო (23), 2:0 ნ’ზონზი (45+1), 2:1 ბებე (51), 2:2 გერა (68), 3:2 კონოპლიანკა (86)
გაფრთხილებები: იბორა – დ.ლორენტე, ამაია, მანუჩო, ტრაშორასი
გაძევება: ამაია (83)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი