კალათბურთი

19:26 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვითა – ახალი გუნდით ახალ ეტაპზე

კალათბურთის ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული სეზონი გველის. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სარბიელს დაუბრუნდა დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ვითა, რომელმაც კარგი საჩუქარი გაგვიკეთა – ჩვენი გუნდი მეტად საინტერესო და პრესტიჟულ ტურნირში, “ვთბ-ლიგაში” ჩაებმება და თბილისის სპორტის სასახლეში მინიმუმ 15 საკალათბურთო სპექტაკლისთვის თვალის მიდევნების საშუალება მოგვეცემა. ვითა შეჯიბრებისთვის მზადების გადამწყვეტ სტადიაშია. გუნდი 26-27 სექტემბერს სპორტის სასახლეში ტესტ-მატჩებს სტამბოლის “ბეშიქთაშთან” ჩაატარებს, 4 ოქტომბრიდან კი “ვთბ-ლიგის” გათამაშებაში ჩაებმება. დღეს ვითელებმა ღია ვარჯიში ჩაატარეს, რომელზეც დასწრების საშუალება ჟურნალისტებსაც მოგვეცა. კლუბის პრესატაშე ზურა თალაკვაძის დახმარებით ვითას პრეზიდენტს, მთავარ მწვრთნელს და კალათბურთელებს გავესაუბრეთ.

თემურ დათიკაშვილი (ვითას პრეზიდენტი): “ჩვენი მთავარი ამოცანა მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებაა და საამისოდ მიზანმიმართულად ვმუშაობთ. ყველა მატჩისთვის მოტივირებულები, ბოლომდე საბრძოლად გავალთ სათამაშოდ და ასეთ შემთხვევაში სათანადო შედეგიც არ დაახანებს. სურვილი გვაქვს საქართველოს სუპერლიგაში ასპარეზობის. საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ თასზე კი აუცილებლად გამოვალთ. მოგეხსენებათ, ვითა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია, აი, თასი კი არ მოგვიგია, რადგან იმ წლებში ეს ტურნირი არ ტარდებოდა”.

პაველ გოოგე: (ვითას მთავარი მწვრთნელი): “მზადების მინიმუმ ერთი თვე გვაკლია. ჯერჯერობით მხოლოდ 40 პროცენტით ვართ მზად. ჩემი კალათბურთელებით კმაყოფილი ვარ. ისინი მოტივირებულად ვარჯიშობენ და იმედია, თანდათან მოვუმატებთ. პროგრამა მინიმუმსა და მაქსიმუმზე საუბარი ნაადრევია. რამდენიმე კვირაში უკეთეს ფორმას ავკრებთ, დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გაირკვევა - ჩვენცა და მეტოქეებიც ხომ პლეი ოფისთვის ვიბრძოლებთ”.

კონსტანტინ ანიკეენკო: (ვითას კალათბურთელი): “კალათბურთის თამაში 11 წლის ასაკში ოდესაში დავიწყე. 16 წლისას დებიუტი მქონდა “ბკ ოდესაში”, 18 წლიდან კი კიევის “ბუდიველნიკში” გადავედი. ამ გუნდის შემადგენლობაში ორჯერ უკრაინის ჩემპიონი გავხდი, ორჯერაც ქვეყნის თასს დავეუფლე, ვითამაშე ევროპის ევროთასის ოთხთა ფინალში. ქართველებზე ბევრი კარგი რამ მსმენოდა, რაშიც თბილისში ჩამოსვლისას დავრწმუნდი – აქ თბილი და მეგობრული ადამიანები დამხვდნენ. მათთან კონტაქტი ადვილად დავამყარე. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემ ახალ პარტნიორებზეც. მეფარის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა, მძიმე ფორვარდის ამპლუაც შემისრულებია. მონდომებით, მოტივირებულად ვემზადებით, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”.

ირაკლი ჩლაიძე (ვითას კალათბურთელი): “ვითა ახალი გუნდია, მაგრამ მოკლე დროში მეტ-ნაკლებად შეკვრა უკვე მოვასწარით. კარგი ლეგიონერები და მწვრთნელი გვყავს. ახლა მთავარია შევთამაშდეთ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მოვახერხებთ თუ არა პლეი ოფში გასვლას. ისე, “ვთბ-ლიგა” მეტად ძლიერი ტურნირია. უპირველეს ფავორიტად ცსკა-ს ვთვლი, თუმცა, სხვა მეტად ძლიერ გუნდებსაც შევხვდებით. “ბეშიქთაშთან” საინტერესო მატჩები გველის, თუმცა შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მე რაც შემეხება, ტრავმა ახალი მოშუშებული მაქვს, რამდენიმე დღეა, რაც წვრთნას შევუდექი და დანამდვილებით ვერ გეტყვით, ვითამაშებ თუ არა სტამბოლელთა წინააღმდეგ”.

0.178997