ფეხბურთი

12:08 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჭუმბურიძე: "ეს აღმასკომი ბრეჟნევის დროინდელ პოლიტბიუროს მაგონებს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტის ილია კოკაიას საკითხი განიხილა და ის სფფ-ის ხელმძღვანელთა მისამართით გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების გამო ქართული ფეხბურთიდან მოკვეთა.

აღმასკომის გადაწყვეტილების შესახებ ს/კ "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„აღმასკომის ეს გადაწყვეტილება ლოგიკას არ ექვემდებარება. თუ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიტყვიერ შეურაცხყოფასთან, ამისათვის არსებობს სასამართლო, სადაც შეიძლება გაირკვეს მტყუან-მართალი.
საქართველოს ჩემპიონატის თითქმის ყველა თამაშზე ფიქსირდება ფაქტები უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფების (ხშირად ფიზიკურიც) იქნება ეს მწვრთნელების, ფეხბურთელების, გუნდის ხელმძღვანელებისა თუ გულშემატკივრების მხრიდან. არ მახსენდება ფაქტი, რომ ამის გამო, რომელიმე დამნაშავე პირი ფეხბურთიდან მოკვეთილიყოს.
აღმასკომს, არანაირად არა აქვს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ნებართვა. თუ ფიქრობენ, რომ ილია კოკაიას არა აქვს ფეხბურთში საქმიანობის უფლება, ვფიქრობ გადაწყვეტილება ყრილობამ უნდა მიიღოს და არა აღმასკომმა. და საერთოდ, არ მესმის რას ნიშნავს ფეხბურთიდან მოკვეთა? თუ ილია კოკაიას გადაწყვეტილების გასაჩივრება მოუნდა, მაინტერესებს სად უნდა გაასაჩივროს? აღმასკომის წევრები თავიანთი შექმნილი ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს აღარ ცნობენ, ამ ორგანიზაციას სწორედ მათ მოუსპეს არსებობა.
ეს აღმასკომი ბრეჟნევის დროინდელ პოლიტ-ბიუროს მაგონებს. აგონიაში არიან და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ ამით, თავისსავე საპრეზიდენტო კანდიდატს ზიანს აყენებენ.
კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთაზე მნიშვნელოვანი, გუშინ ტრიბუნალის გაუქმება და მისი ხელმძღვანელის მოხსნა იყო. ეს ყოველივე მოხდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. ეს არის პირდაპირი და უხეში დარღვევა ფიფასა და უეფას რეგულაციების, რაც კიდევ უფრო აკნინებს ქართული ფეხბურთის ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის ყველა სუბიექტი თავს დაუცველად გრძნობს, რადგანაც აღმასკომს თავად შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ვერავინ, ვერსად ვეღარ გაასაჩივრებს, რაც სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის უფლებების დარღვევაც არის.
უკეთესი იქნება ყრილობაზე ფეხბურთიდან იმ ადამიანების მოკვეთის საკითხი თუ დადგება, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებენ. არა მგონია, „ზესტაფონის“ პრეზიდენტის გამონათქვამები უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ქართული ფეხბურთისთვის, ვიდრე იმ არაკომპეტენტურ ადამიანთა ჯგუფის მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც აღმასკომს წარმოადგენენ“, - განმარტა კახა ჭუმბურიძემ.

fcsaburtalo.ge

0.118191