2007 წლის მსოფლიო თასი გარდამტეხი აღმოჩნდა არგენტინული რაგბისათვის. “პუმებმა” ორჯერ დაამარცხა მასპინძელი საფრანგეთი და თავის საუკეთესო შედეგს უწია - მესამე ადგილი დაიკავა. ამით მან სარაგბო სამყაროს პატივისცემა დაიმსახურა და 2012 წელს სამხრეთელი ბობოლების - ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის “სამი ერის” კარი შეამტვრია.
ერთია მისი შემტვრევა და მეორე - ადგილის დამკვიდრება. “პუმებმა” ამ ამოცანასაც კარგად გაართვეს თავი, პირველივე წელს მაგრად იბრძოლა და სამხრეთ აფრიკა გადარჩა ფრეს რომ გამორჩა. გარდა ამისა, 2012 წლის “ოთხ ერზე” არგენტინამ ორ თამაშში პრემიალური ქულების აღებაც მოახერხა. სამხრეთამერიკელებმა ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა მომდევნო წელსაც ანერვიულა, მაგრამ ორივეჯერ მცირედით დამარცხდა, ხოლო 2014 წლიდან მხოლოდ მცირე სხვაობებით მარცხს აღარ დასჯერდა და ავსტრალია დაამარცხა, წელს კი, დურბანში სამხრეთ აფრიკას სძლია და მასთან ისტორიული, პირველი გამარჯვება მოიპოვა.
აი ასეთი ნახტომისებური პროგრესი განიცადა გუნდმა, რომელსაც მანამდე “მსოფლიო რაგბი” (ყოფილი ირბ) არაფრად აგდებდა და ახლა ორად-ორი ნაკრებია, რომელთანაც “პუმებს” გამარჯვება არ მოუპოვებიათ - ახალი ზელანდია და... ზიმბაბვე, რომელსაც შორეულ წარსულში ერთადერთხელ ეთამაშა.
როგორ იწყებდნენ
არგენტინაში რაგბი პოპულარობით ფეხბურთს ვერ შეედრება, მაგრამ ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ქვეყანაში მის მიმართ ინტერესი გაზარდა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე, მისი დარი გუნდი ვერ გამოიძებნა და ამან სპორტის განვითარება შეაფერხა, მაგრამ წამყვანმა მორაგბეებმა თავს უშველეს, ევროპისა და ზე-15-ის გუნდებს მიაშურეს, ინდივიდუალური განვითარება განაგრძეს, რის შედეგადაც ნაკრების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა. ახლა, როდესაც “პუმები” უკვე “ოთხი ერის” ბინადრები არიან, სულ მალე არგენტინული კლუბი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე ძლიერ საკლუბო გათამაშებაში, ზე-15-ში ჩაებმება (ჯერჯერობით უცნობია გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება, 17-მდე თუ 18-მდე) და ეს პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.
არგენტინაში რაგბი პირველად 1873 წელს ითამაშეს, რაგბის კავშირი 1899 წელს დაარსდა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IღB, ამჟამად მსოფლიო რაგბი) წევრი კი, პირველ მსოფლიო თასზე მიწვევის შემდეგ, 1987 წელს გახდა. არგენტინის მორაგბეთა ნაკრებს სხვა სპორტის სახეობის ნაკრებების დარად ნაციონალური დროშის ფერის (ცისფერი და თეთრი) სათამაშო ფორმა მოსავს და მათ მაისურზე იაგურია გამოსახული. როგორც ამბობენ, არგენტინის ნაკრებს ზედმეტსახელი “პუმები” შეცდომით შეარქვეს. 1965 წელს, არგენტინის ნაკრებს თავისი პირველი შორეული ტურნე ჰქონდა სამხრეთ აფრიკაში და იაგუარი იქაურ ჟურნალისტებს პუმაში აერიათ, მერე კი, ეს სახელი არგენტინას სამუდამოდ შემორჩა.
არგენტინის ნაკრებმა თავისი პირველი შეხვედრა 1910 წლის 12 ივნისს გამართა, როდესაც ამ ქვეყანას “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” (ძირითადად ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც რამდენიმე სხვა კლუბის მორაგბით და 3 შოტლანდიელით იყო გაძლიერებული) ესტუმრნენ და მასპინძლები 3:28 დამარცხდნენ. მართალია დღესდღეობით არგენტინული რაგბი ფეხბურთის დონეზე ვერაა, მაგრამ 1999 და 2007 წლების მსოფლიოს თასებზე და ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე, მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება და არგენტინაში სტუმრობაც იოლი გასეირნება არცერთი გუნდისთვის აღარაა.
1927 წელს “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” არგენტინას კიდევ ერთხელ ესტუმრნენ, 9 ტესტი გამართეს (ყველა შეხვედრა ბუენოს-აირესში გაიმართა) და მასპინძლები ყველა შემთხვევაში დაამარცხეს, მაგრამ ამ ტურნემ არგენტინის რაგბის კავშირს უდიდესი ფინანსური მოგება მოუტანა. 5 წელი გავიდა მას შემდეგ და არგენტინას მორიგი ნაკრები - სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული გუნდი ეწვია. მათ ერთმანეთში ორი მატჩი გამართეს და ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა აფრიკელებმა იმარჯვეს. 1936 წელს ბრიტანელებმა არგენტინას კიდევ ჩააკითხეს, 10 ტესტიდან 10-ივეში იმარჯვეს და მთლიანობაში, ამ შეხვედრებში სულ 9 ქულა გაუშვეს. შემდეგ თვეში არგენტინა თავის პირველ ტურნეში - ჩილეში გაემგზავრა და ადგილობრივ ნაკრებს ორჯერ მოუგო.
1940-იანი წლების მიწურულს, არგენტინას ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების გაერთიანებულ გუნდი ეწვია და მასპინძლები ორივე შეხვედრაში დაამარცხა, 1949 წელს კი, მათ ბუენოს-აირესში ორი მარცხი საფრანგეთის ნაკრებმა აგემა, თუმცა, ამ შეხვედრებში არგენტინამ თვალსასეირო თამაში აჩვენა. 1951 წელს არგენტინამ პან-ამერიკული თამაშების დროს პირველი სამხრეთ ამერიკული სარაგბო ტურნირი მოაწყო, ჩელე (13:3), ურუგვაი (62:0) და ბრაზილია (72:0) დაამარცხა და კონტინენტზე თავისი უპირობო უპირატესობა დაამტკიცა. 1952 წელს არგენტინას ირლანდიის ა ნაკრები ესტუმრა და ორი არაოფიციალური შეხვედრა გამართა, პირველში ევროპელებმა 6 ქულით იმარჯვეს, მეორე ტესტი კი, ფრედ 3:3 დასრულდა. ეს არ იყო გამარჯვება, მაგრამ პირველი შემთხვევა გახლდათ, რომელშიც არგენტინა ბობოლა სარაგბო ქვეყნის გუნდთან არ დამარცხდა და სამხრეთ ამერიკელთათვის პრაქტიკულად გამარჯვების ტოლფასი იყო.
1954 წელს არგენტინამ საფრანგეთს უმასპინძლა და ორივე ტესტში დამარცხდა, 1956 წელს კი, ოქსფორდის და კემბრიჯის გაერთიანებულ გუნდთანაც ორივე შეხვედრაში წააგო (6:25 და 3:11). იმავე წელს არგენტინამ პერუს 4:0, ურუგვაის კი 50:3 აჯობა, მერე კი, ჩილესთან ისტორიაში პირველი მარცხი განიცადა. 1958 წელს არგენტინამ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა, დაამარცხა ურუგვაი 50:3, პერუ 44:0 და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეჭვი ეპარებოდა, მათ გზას მასპინძელი ჩილე გაუყოლა - 14:0. 1959 წელს სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრები ბუენოს-აირესში კიდევ ერთხელ ჩავიდა და მასპინძლებს ორივე შეხვედრაში აჯობა - 14:6 და 20:6.
1960 წელს არგენტინას საფრანგეთი ეწვია და სამივე ტესტში დაამარცხა - 37:3, 12:3 და 29:6. სამაგიეროდ, მომდევნო წელს არგენტინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონტინენტზე უძლეველი იყო და მონტევიდეოში ბრაზილია (60:0), ურუგვაი (36:3) და ჩილე (11:3) ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა. “პუმებმა” 1964 წლის სან-პაბლოში გამართული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატიც მოიგეს (დაამარცხეს ურუგვაი 25:6, ბრაზილია 30:5 და ჩილე 30:8). 1965 წელს არგენტინამ პირველად გადალახა ატლანტიკის ოკეანე და სამხრეთ აფრიკაში ორთვიანე ტურნე მოაწყო (სწორედ იქ მიანიჭეს მათ “პუმების” სახელი). სამხრეთ ამერიკელებმა აფრიკელთა პროვინციულ გუნდებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღნიშვნას სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრების 11:6 დამარცხება იმსახურებს. ბუენოს-აირესში დაბრუნებულ გუნდს დიდი რაოდენობით გულშემატკივარი დახვდა, რადგან მათმა საყვარელმა ნაკრებმა შორეულ ტურნეში 11 გამარჯვება მოიპოვა, ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა და ეს უკვე დიდი წარმატების დასაწყისი იყო.
იმავე პერიოდში არგენტინა საფრანგეთის ჩემპიონს ეთამაშა და დამარცხდა. ეს შეხვედრა გულშემატკივრებს ორივე გუნდის მორაგბეების არასპორტული ქცევით დაამახსოვრდა. შემდგომი მათი მეტოქე ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი იყო, პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა - 19:19, მეორე მატჩში კი, ინგლისელებმა იმარჯვეს 9:3.
1966 წელს სამხრეთ ამერიკელებს ორჯერ აჯობა ახალი ზელანდიის ა ნაკრებმა (9:3 და 20:15), მომდევნო წელს კი, სამხრეთ ამერიკის პირველობაში კიდევ ერთხელ იმარჯვა. 1960-იანი წლების ბოლოს, არგენტინას ერთმანეთის მიყოლებით უელსი და შოტლანდია ესტუმრა. 1968 წელს, ბუენოს-აირესს უელსი ეწვია და არგენტინელებმა პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვეს. პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა 9:5 იმარჯვეს, მეორე ფრედ 9:9 დაასრულეს და სერიის გამარჯვებულები გახდნენ. 1969 წელს არგენტინამ შოტლანდიას უმასპინძლა და პირველ ტესტში სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა 20:3, ორი კვირის შემდეგ კი, მათთან მცირე სხვაობით დამარცხდა - 3:6, მაგრამ უკვე ცხადი გახდა, რომ “პუმები” იზრდებოდნენ და მომავალში მათთან იოლი გასეირნება არავის ექნებოდა.
1970-იან წლებში, არგენტინელებმა წარმატებას უკვე ევროპაში მიაღწიეს. უელსმა მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით მოახერხა მარცხისთვის თავის დაღწევა და 20:19 იმარჯვა, ორი წლის შემდეგ კი, “პუმებმა” ინგლისის ა ნაკრებთან ფრედ (13:13) ითამაშეს. 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იან წლების დასაწყისამდე, არგენტინას ბუენოს-აირესში ზედიზედ ორი თამაში ერთხელაც არ წაუგია. ამ პერიოდში მათ მოუგეს საფრანგეთს, ინგლისს, ავსტრალიას და ფრედ 21:21 ითამაშეს ახალ ზელანდიასთან. ეს ფრე არგენტინისთვის ერთ-ერთ საუკეთესო შედეგად ითვლება, სამხრეთ ამერიკელთა მთელი მონაგარი კი ერთადერთ მორაგბე - ჰუგო პორტოიზე მოდის.
1987 წლის პირველი მსოფლიოს თასის დაწყებამდე, არგენტინელები დარწმუნებული იყვნენ, რომ მინიმუმ მეოთხედფინალში გააღწევდნენ, მაგრამ პირველივე მატჩში, ფიჯისთან განცდილმა მოულოდნელმა მარცხმა 9:28, მათ ჯგუფიდან გასვლის საშუალება არ მისცა. პულში ისინი ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ 15:46 და მხოლოდ იტალიას სძლიეს 25:16, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით უარესი ლელოების სხვაობა ჰქონდათ (ფიჯის, იტალიას და არგენტინას თითო-თითო გამარჯვება დაუგროვდათ) და ბოლო ადგილზე გავიდნენ. ამის შემდეგ არგენტინის ნაკრები რამდენიმე გამორჩეულმა მორაგბემ დატოვა და გუნდმა 1991-1995 წლების მსოფლიოს თასებზე ხელშესახებ წარმატებებს ვერ მიაღწია, თუმცა მათი შერკინების ხაზის თამაშმა სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 1991 წელს არგენტინა სამივე შეხვედრაში დამარცხდა - ავსტრალიასთან 19:32, უელსთან 7:16 და დასავლეთ სამოასთან 12:35. არგენტინა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში დამარცხდა 1995 წლის მსოფლიოს თასზეც - ინგლისთან 18:24, დასავლეთ სამოასთან 26:32 და იტალიასთან 25:31, მაგრამ აქ მთავარი ის იყო, რომ სამხრეთამერიკელები იოლად არცერთ მეტოქეს არ დანებებულან და ექვსივე თამაშში ბოლომდე იბრძოლეს.
1999 წლის მსოფლიოს თასი, არგენტინისთვის წარმატებული გამოდგა. ჯგუფის პირველ შეხვედრაში, სამხრეთამერიკელები მასპინძელ უელსთან მძიმე ბრძოლაში 18:23 დამარცხდნენ, მაგრამ მერე სამოასთან წინა მსოფლიო თასებზე განცდილი ორი მარცხისთვის რევანში აიღეს - 32:16, იაპონია 33:12 დაამარცხეს და სამ გუნდს ოთხ-ოთხი ქულა დაუგროვდა. მართალია “პუმებს” დამატებითი მაჩვენებლები უარესი აღმოაჩნდათ და ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ, მაგრამ იმ წელს მსოფლიო თასი განსხვავებული სისტემით ტარდებოდა და როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანმა, მეოთხედფინალში გასასვლელ ფლეი ოფში ითამაშა. არგენტინა იქ ირლანდიას შეხვდა, ორივე გუნდმა 7-7 ჯარიმა გაიტანა, თუმცა, “პუმებმა” ევროპელთა ერთ არეკნს ერთი ლელოთი და ზუსტი გარდასახვით უპასუხეს და 28:24 იმარჯვეს, მაგრამ მეოთხედფინალში საფრანგეთთან ვერაფერს გახდნენ, 26:47 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.
2000 წლის აპრილში, არგენტინის ნაკრების მწვრთნელად მარსელო ლაფრედა დაინიშნა, რომელიც თავის დროზე “პუმების” ღირსებას თავადაც იცავდა, ქვეყნის უპირველეს გუნდს 44 შეხვედრაში უკაპიტნა და ამ ხნის განმავლობაში 4 ლელო გაიტანა. მან 2003 წლის მსოფლიოს თასზე ავსტრალიაში ძლიერი გუნდი ჩაიყვანა, თუმცა, იქ არანაკლებ ძლიერი ჯგუფი დახვდა. პირველ შეხვედრაში მისი შეგირდები მასპინძლებთან 8:24 დამარცხდნენ, მომდევნო ორ მატჩში ნამიბია (67:14) და რუმინეთი (50:3) დაამარცხეს და მეოთხედფინალში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში ძლიერ ირლანდიას დაუპირისპირდნენ. დაძაბულ რკენაში არგენტინელებმა 3 ჯარიმა და 2 არეკნი გაიტანეს, მაგრამ ევროპელებთან მინიმალური სხვაობით - 15:16 დამარცხდნენ და ჯგუფში მე-3 ადგილით დაკმაყოფილდნენ. მიმომხილველები აღნიშნავდნენ, რომ ეს მარცხი მნიშვნელოვან წილად თამაშების გრაფიკმა გამოიწვია - არგენტინას ორ კვირაში ზედიზედ 4 მატჩის გამართვა მოუხდა, ირლანდიას კი, მეტი დასვენების საშუალება ჰქონდა.
აქედან მოყოლებული არგენტინის ნაკრების შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2004 წელს “პუმებმა” ორჯერ დაამარცხეს არგენტინაში ჩასული უელსი, მარსელში (სადაც მანამდე საფრანგეთს არცერთი თამაში არ ჰქონდა წაგებული) აჯობა “ექვსი ერის” გამარჯვებულ საფრანგეთს - 24:14 და მხოლოდ ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდა ირლანდიაში (19:21). ამის შემდეგ, არგენტინა 7:39 დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მანამდე ნაკრების 10 წევრი ევროპულ კლუბებს დაუბრუნდა და “პუმები” შესუსტებული შემადგენლობით იყვნენ. 2005 წლის 23 მაისს, “პუმების” შესუსტებული შემადგენლობა, რომელსაც 25 წამყვანი მორაგბე აკლდა, ზელანდიური ტურნესთვის გამზადებულ “ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს” კარდიფში ეთამაშა. ავსტრალიელმა რეფერიმ შეხვედრას 8 წუთი დაამატა და ბოლო წუთზე ჯონ უილკინსონის მიერ გატანილმა ჯარიმამ, ბრიტანელები სირცხვილისგან იხსნა - შეხვედრა ფრედ 25:25 დასრულდა. იმავე წლის ნოემბერში არგენტინამ სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და პირველ ტესტ-მატჩში 20:16 იმარჯვა. “პუმები” პირველი ტაიმის შემდეგ მეორე შეხვედრაშიც იგებდნენ, მაგრამ 23:34 დამარცხდნენ, ერთი კვირის შემდეგ კი, შოტლანდიას ესტუმრნენ და მასპინძლები 23:19 დაამარცხეს. 1990 წლიდან მოყოლებული, ეს იყო არგენტინელთა მე-5 გამარჯვება შოტლანდიის ნაკრებთან, ოდნავ მოგვიანებით კი, “ექვსი ერის” კიდევ ერთი ბინადარ იტალიას, გენუაში 39:22 სძლიეს.
2006 წელს უელსი არგენტინას შესუსტებული (სხვადასხვა მიზეზების გამო 20 წამყვანი მორაგბე აკლდა) შემადგენლობით ეწვია. არგენტინის ნაკრებმა პირველად ითამაშა პატაგონიის ქალაქ პუერტო მადრინში და 27:25 გაიმარჯვა. მომდევნო მატჩში ისინი ევროპელებს 45:13 ამარცხებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს ორი ლელო გაუშვეს და მხოლოდ 45:27 მოიგეს. იმავე წელს “პუმებმა” ახალ ზელანდიას უმასპინძლეს და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად 19:25 დამარცხდნენ. ამავე პერიოდში მათ 2007 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ შეხვედრაში ურუგვაი დაამარცხეს და საფრანგეთის მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვეს. 2006 წლის ტრიუმფალური სვლა, არგენტინამ თვიქენჰემში ინგლისის 25:18 ძლევით, იტალიის რომში წაქცევით და საფრანგეთის პარიზში ერთი ქულით დამარცხებით განაგრძეს.
2007 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით, არგენტინამ ორჯერ დაამარცხა ირლანდია (22:20 და 16:0), ერთხელ იტალია 24:6, მერე ჩილე გაანადგურა 70:14 და კარდიფში დამარცხდა უელსთან 20:27. საფრანგეთში “პუმები” ეგრეთწოდებულ “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდნენ. მეექვსე მსოფლიო თასი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელებს მესამედ უწევდათ მსოფლიო თასის მასპინძელ გუნდთან გახსნითი შეხვედრის ჩატარება. მიუხედავად პროგნოზებისა, “პუმებმა” დიდებულად ითამაშეს, პირველი ტაიმი 17:9 მოიგეს, მეორე ნახევარში უპირატესობა შეინარჩუნეს და პირველივე შეხვედრაში სენსაცია გამოაცხეს - 17:12. ამას არგენტინელთა მიერ საქართველოს 33:3 დამარცხება მოყვა, მერე კი, მათ მსოფლიო თასზე ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვეს და ნამიბია 63:3 გაანადგურეს. ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინამ კიდევ უფრო კარგად ითამაშა, ირლანდიას ორი ლელო, ერთი რეალიზაცია და სამ-სამი ჯარიმა და არეკნი გაუტანა, რის შედეგადაც 30:15 იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში “პუმებმა” “სტად ფრანსეზე” შოტლანდია 19:13 დასცეს, მაგრამ ამავე სტადიონზე, თასისკენ მათი წარმოუდგენელი სვლა მომავალმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ შეაჩერა - 13:37. მიუხედავად ამისა, არგენტინელებმა მობილიზება მოახერხეს და ზედიზედ მეორედ დაამარცხეს მასპინძელი საფრანგეთი, ამჯერად უფრო დამაჯერებელი ანგარიშით 34:10 და მსოფლიო თასზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ამით მათ აჯობეს ირლანდიას, რომელსაც აქამდე ნახევარფინალი არასდროს უთამაშია, ასევე შოტლანდიას, ვისი საუკეთესო შედეგიც მეოთხე ადგილია და გაუთანაბრდნენ უელსს, რომელმაც მესამე ადგილი შორეულ 1987 წელს დაიკავა.
არგენტინელთა წარმატებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ესპანურენოვან ქვეყნებში, მას გულშემატკივრობდნენ ურუგვაიში, ჩილეში და ესპანეთში. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის ამ მონაკვეთში, არგენტინულმა რაგბიმ ფეხბურთი დაჩრდილა და ქვეყნის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი ელ-კლასიკო, მხოლოდ იმის გამო გადაიდო, რომ ის არგენტინის მორაგბეთა ნაკრების მეოთხედფინალურ შეხვედრას ემთხვეოდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამავე წლის ნოემბერში, IღB-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2008 წლიდან არგენტინას ძლიერ სარაგბო ქვეყნებთან მინიმუმ ცხრა ტესტ-მატჩის ჩატარების უფლება მიენიჭა. ქვეყანას გაეზარდა ფინანსური დახმარება, რათა იქ განვითარდეს შიდა პირველობა და უმთავრესი - გადაწყდა, რომ 2012 წლიდან არგენტინა სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა ქვეყნებს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას და ავსტრალიას შეუერთდება და “სამი ერი” “ოთხ ერად” გადაკეთდება.
“ოთხ ერამდე” არგენტინამ 2011 წლის მსოფლიო თასი მოილია და მის პირველ შეხვედრაში ინგლისს 9:3 ამარცხებდა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში 10 უპასუხო ქულა გაუშვა და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა (9:13). რუმინეთთან იოლი გამარჯვების შემდეგ (43:8), “პუმები” შოტლანდიასთან მარცხის საფრთხის წინაშე დადგნენ,მაგრამ 73-ე წუთზე გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა და სამხრეთელებმა მინიმალური გამარჯვება მოიპოვეს - 13:12. დასკვნით ტურში მათ საქართველოს ოთხი ლელო ვერ გაუტანეს, მაგრამ 25:7 მოგება, მეოთხედფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა იქ ზელანდიასთან 10:33 დამარცხდა.
ჩვენ და არგენტინა
საქართველოს ნაკრებს არგენტინელთა წინააღმდეგ ექვსჯერ უთამაშია – სამჯერ ეროვნული და სამჯერ ა ნაკრების დონეზე. პირველი ნაცნობობა 2007 წლის მსოფლიო თასზე შედგა და “ბორჯღალოსნებმა” “პუმებს” გვარიანი ბრძოლა გაუმართეს. 35-ე წუთამდე ანგარიში 3:3 იყო, ტაიმი კი, მხოლოდ 3:6 დასარულდა. ვერ ვიტყვით, რომ მეორე ნახევარში ქართველები გატყდნენ, მაგრამ გამოცდილებამ და მაღალმა სათამაშო კლასმა თავისი ჰქნა - არგენტინამ 33:3 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთამერიკელებმა პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელო, მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და შვებით ამოისუნთქეს.
2009 წელს, ქართული რაგბის 50 წლისთავის აღსანიშნავად, თბილისს არგენტინის ა ნაკრები ეწვია, რომელსაც “იაგურები” ეწოდება. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მნიშვნელოვანი ფორა მოიპოვეს, მეორე ნახევარში არგენტინელებმა იმძლავრეს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ქართველებს დარჩათ - 24:22. 2011 წელს საქართველოს ნაკრები “იაგუარებს” ბუქარესტში, ირბ-ს ერთა თასზე შეხვდა, ბრძოლა ამჯერადაც დაძაბული გამოდგა და “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე 14:13 დაამარცხეს.
2011 წლის მსოფლიო თასზე, არგენტინას ჯგუფიდან გასასვლელად ქართველთა დამარცხება სჭირდებოდა, პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაჩაღდა, მამუკა გორგოძის მიერ წამოწყებული იერიში ფლანგზე სანდრო თოდუამ და ლაშა ხმალაძემ გააგრძელეს, ბურთი კარგად გაითამაშეს, მერე თოდუას ფეხით გადაკიდებულს ხმალაძე მიყვა და ლელო გაიტანა, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, ტაიმი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 7:5. მეორე ტაიმში მსაჯმა “პუმების” სასარგებლოდ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მეტოქემ ჯარიმებით უპირატესობა მოიპოვა, მერე ორი ლელო გაიტანა და ჯამში 25:7 იმარჯვა, მაგრამ ვერ შეძლო პრემიალური ქულის აღება.
ამ თამაშის შემდეგ არგენტინის რაგბის კავშირმა “ბორჯღალოსნები” ტესტ-მატჩის გასამართად არგენტინაში მიიწვია და 2013 წლის ივნისში შეხვედრა სან ხუანში შედგა. ქართველები მეტოქეს თბილისის თასის შემდეგ ეწვივნენ, მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და ეროვნულ დონეზე გამართულ მესამე მატჩში კიდევ უფრო ნაკლები სხვაობით დამარცხდნენ. თამაში ისე წარიმართა, სტუმრების გამარჯვების შანსი ბოლომდე ჰქონდათ, მაგრამ მერე საკუთარი შეცდომის გამო შეხვედრის ერთადერთი ლელო გაუშვეს და 18:29. დანარჩენი ქულები ორივე გუნდმა ჯარიმებით დააგროვა. შარშან თბილისის თასზე არგენტინის ა ნაკრებმა საქართველო 26:16 დაამარცხა.
დღეისათვის, არგენტინული რაგბი განსაკუთრებით ბუენოს-აირესში და თUჩUMAN-ის რეგიონშია (იქ სპორტის ეს სახეობა ფეხბურთზე უფრო პოპულარულია) განვითარებული. ქვეყანაში, ბოლო პერიოდში კლუბების რაოდენობა 80-დან 4-5-ჯერ გაიზარდა, რეგისტრირებულ მორაგბეთა რიცხვმა კი, 100 ათასს გადააჭარბა. დღემდე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, 399 ჩატარებული საერთაშორისო შეხვედრიდან 215 მოიგო, ათი ფრედ დაასრულა და 173 მატჩში მარცხი განიცადა. ყველაზე დიდი სხვაობით, “პუმები” “ოლ ბლექსთან” დამარცხდნენ. ეს 1997 წელს მოხდა (8:93). თავის მხრივ, არგენტინელებმა სარეკორდო ანგარიშით 2002 წელს, პარაგვაისთან იმარჯვეს - 152:0. ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 87 შეხვედრა ფელიპე კონტეპომს აქვს ჩატარებული და 651 ქულით საუკეთესო ბომბარდირიც ისაა. საუკეთესო მელელოვე ხოსე მარია ნუნიეს პიოსეკია 30 ლელოთი.
მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ მატჩში არგენტინა ახალ ზელანდიას 16:12 ამარცხებდა, მაგრამ 10 წუთში ორი ლელო გაუშვა და საბოლოოდ 16:26 დამარცხდა.