არნემის “ვიტესის” ცენტრალურ მცველს გურამ კაშიას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ შანსია, რომ მან ჰოლანდიელთა რიგებში კიდევ რამდენიმე წელი ითამაშოს.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი “ვიტესთან” მოლაპარაკებას აწარმოებს და ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, მას ხელფასის შემცირება მოუწევს, რაშიც კაშია პრობლემას ვერ ხედავს.
“მე ვხედავ ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრებას ზოგჯერ როგორ ებრძვიან, ხოლო ჰოლანდიაში ცხოვრება გაცილებით უკეთესია. შემიძლია, რომ ჩემი ცოლ-შვილი ნათელი მომავლით ვუზრუნველყო. ეს ამოსავალი წერტილია, რომელსაც ვითვალისწინებ”, – იუწყება კაშიას სიტყვებს გამოცემა Voetbal International-ი.
მიუხედავად იმისა, რომ კაშიას ოცნება ინგლისის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშია, ეს ფაქტი მას ახალი კონტრაქტის გაფორმებაში ხელს არ შეუშლის:
“ერთის მხრივ, მე ჯერ კიდევ მაქვს წასვლის არჩევანი. გარდა ამისა, კლუბს შეუძლია ჩემს სანაცვლოდ თანხა მიიღოს. პრემიერლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა. მეორეს მხრივ, ახლა ხელსაყრელი წინადადებები არ მაქვს. გასულ ზაფხულს მხოლოდ თურქული და ყაზახური კლუბები დაინტერესდნენ. თუმცა, არავინ იცის მომავალ ზაფხულს კაშია სად იქნება”, - დასძინა მან.
ჰოლანდიის თასის მეორე ეტაპზე “ვიტესმა” ალმელოს “ჰერაკლესთან” 1:4 წააგო, ხოლო კაშია მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს.